[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

ნარკოპოლიტიკაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ახალისებს ნულოვან ტოლერანტობას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულებისთვის უფლებების ჩამორთმევაზე. მივიჩნევთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება სასამართლოს წინარე პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 14 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე - „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“  არ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2015 წლის სარჩელი და კონსტიტუციურად ჩათვალა მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევა.[1] გადაწყვეტილებას ერთვის ორი მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის და ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

კონსტიტუციური სარჩელი მსჯავრდებულებისთვის სამოქალაქო უფლებების (სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, საჯარო სამსახურში საქმიანობის და სხვა უფლებების) ბლანკეტურად ჩამორთმევის კონსტიტუციურობას სადავოდ ხდიდა თანასწორობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ღირსების ხელშეუვალობის, აგრეთვე საარჩევნო, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებებსა და შრომის თავისუფლებასთან მიმართებით.[2]

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საყურადღებოა რამდენიმე განმარტება:

  1. უფლებების ჩამორთმევა, როგორც სასჯელის ფორმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებების ჩამორთმევა სასჯელად მიიჩნია იმის გათვალისწინებით, რომ ამ მექანიზმს სადამსჯელო ბუნება აქვს და მიმართულია სასჯელის მიზნების მიღწევისკენ. შესაბამისად, სადავო ნორმები შეფასდა სასჯელისთვის დადგენილი სტანდარტების ფარგლებში, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ეს კონსტიტუციური ნორმა ადამიანის ღირსების დაცვის მიზნით არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას კრძალავს.

  1. უფლებების ჩამორთმევის პროპორციულობა

სასამართლოს განმარტებით, უფლებების ჩამორთმევა მკაცრი ღონისძიებაა და ნეგატიურ გავლენას ახდენს პირის სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე. მიუხედავად ამისა, უფლებების ჩამორთმევის სადამსჯელო მექანიზმი  არ ჩაითვალა არაპროპორციულად, ძირითადად, იმ არგუმენტით, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს, რა დროსაც შესაძლებელია უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება. ეს განმარტება სამართლებრივად უსაფუძვლოა. შეუძლებელია არაპროპორციულად მკაცრი ღონისძიება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა დააბალანსოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა რამდენიმე  მნიშვნელოვანი გარემოება:

  • საპროცესო შეთანხმება ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. შესაბამისად, თუ ბრალდებული უარყოფს დანაშაულის ჩადენას, მას ბლანკეტურად ჩამოერთმევა უფლებები.
  • საპროცესო შეთანხმება, როგორც წესი, დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს. შესაბამისად, ბრალდებულთა მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, გააფორმოს პროკურორთან შეთანხმება და ამ შემთხვევაშიც მას არაერთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა ეზღუდება.
  • საპროცესო შეთანხმების გაფორმება პროკურორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ბრალდების მხარემ შესაძლოა ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე მოითხოვოს საპროცესო შეთანხმების გარეშე საქმის არსებითი განხილვა.

საპროცესო შეთანხმება რომ სადამსჯელო ღონისძიების დამაბალანსებელი მექანიზმი იყოს, საკონსტიტუციო სასამართლო არც ერთ საქმეზე არ დაადგენდა სასჯელის არაპროპორციულობას, ვინაიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელების ზომა და ვადაც შეიძლება შემცირდეს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს და ყველა იმ გადაწყვეტილებას, სადაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია სასამართლომ ადამიანის ღირსების კონტექსტში არაპროპორციულად ჩათვალა.

  1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, როგორც ლეგიტიმური ინტერესი

სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის ზომების ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა დასახელდა. სასამართლო სიღრმისეულად არ განიხილავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს და არ მიჯნავს მათ დანაშაულის ან სუბიექტის კატეგორიის (მომხმარებელი, ხელშემწყობი, გამსაღებელი და სხვ.) მიხედვით. სასამართლო განმარტავს, რომ უფლებების ჩამორთმევა გამოიყენება როგორც ძალადობრივ ქმედებებთან, ისე საჯარო წესრიგისთვის ნაკლებად საფრთხისშემცველ დანაშაულებთან მიმართებით, თუმცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ შეზღუდვის პროპორციულობას ერთგვაროვნად აფასებს ყველა შემთხვევისთვის.

  1. სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობის განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებების ჩამორთმევის სადავო მექანიზმი პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან, საარჩევნო და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით საერთოდ არ განიხილა იმ არგუმენტით, რომ ღონისძიების პროპორციულობა მას უკვე შეფასებული ჰქონდა და სხვა უფლებრივ კომპონენტებთან შესაბამისობა სარჩელით სადავოდ არ იყო გამხდარი. აღნიშნული განმარტებაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით სასჯელის პროპორციულობის შეფასება  მოითხოვს სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრის შესაბამისობის დადგენას დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებელი მოქმედებს ფართო მიხედულების ფარგლებში.[3] შესაბამისად, შესაძლებელია სადამსჯელო ღონისძიება ვერ აღწევდეს არაადამიანური და არაპროპორციული შეზღუდვის ფარგლებს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზნებისთვის, თუმცა ეწინააღმდეგებოდეს სხვა კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, სასამართლოს სადავო მექანიზმი სარჩელში დაყენებულ ყველა კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით უნდა განეხილა.

  1. სასამართლოს ინკვიზიციური როლი

საკონსტიტუციო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში ციტირებს:  იმის დასადგენად, რომ სადამსჯელო ინსტრუმენტების გამოყენება არ არის მიზნის მიღწევის აუცილებელი ღონისძიება, საჭიროა, არსებობდეს მეცნიერულ ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სხვა, ნაკლებად მზღუდავი მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია იმავე ეფექტის მიღება.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება ინკვიზიციური ელემენტებით გამოირჩევა, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინიციატივით მოიძიოს და შეაფასოს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. შესაბამისად, სასამართლოს მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულებების მოსარჩელეებისგან მოთხოვნის ნაცვლად, თავადაც შეეძლო პროცესში ექსპერტების ჩართვა ან  სხვა წყაროებიდან სანდო ინფორმაციის მიღება.

გაუმართლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, წლობით აჭიანურებს იმ სარჩელების განხილვას, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებს ეხება. მეორე მხრივ კი, წლების შემდეგაც სრულიად დაუსაბუთებელ და წინარე პრაქტიკასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას იღებს, რითაც ხელს უწყობს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას და ახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის N2/1/702 გადაწყვეტილება საქმეზე: კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

[2] კონსტიტუციური სარჩელი N702 - საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

[3] საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის N2/2/1296 გადაწყვეტილება საქმეზე: „მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“