[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლომ EMC-ის სარჩელი ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის საარსებო შემწეობის მიღების შემზღუდავ რეგულაციებთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო

download

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 10 თებერვალს არსებითად განსახილველად მიიღო EMC-ის მიერ წარდგენილი სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლებთან მიმართებით, რაც გარანტირებულს ხდის უფლებას თანასწორ მოპყრობაზე, სიცოცხლეზე, ღირსებასა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, მე-15 მუხლის პირველ პუნქტი, მე-17 მუხლის პირველ პუნქტი და 39-ე მუხლი).

დასახელებულ სარჩელში EMC მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის საარსებო შემწეობის მიღების შემზღუდავი რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

სადავო რეგულაციები ადგენს, რომ ქუჩაში მცხოვრებ უსახლკარო პირებს არ გააჩნიათ უფლება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიიღონ საარსებო შემწეობა და ისარგებლონ ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა სახის ბენეფიტებით. EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ აღიარებს მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ღირსების, სიცოცხლისა და სოციალური უსაფრთხოების უფლებით დაცულ სამართლის თანასწორ სუბიექტებად, რაც იწვევს მათთვის იმ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რისთვისაც გამიზნულია საარსებო შემწეობა, კერძოდ საკვებსა თუ სხვა სახის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართულ საშუალებებს.

შედეგად, მსგავსი მიდგომა ლახავს მოსარჩელის უფლებას თანასწორობასა და ღირსებაზე. ამასთან, ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმზე წვდომის უფლების შეზღუდვა მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ასევე აიძულებს იცხოვრონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივი და განგრძობადი საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას, ისევე როგორც სოციალური უსაფრთხოების უფლებას, რაც თავის თავში მოიცავს ადამიანის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების უფლებას, რათა შეძლოს არსებობა და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“