[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელზე დღეს მეორე განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება

Untitled1 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება მეორე განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე სსიპ სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. სასამართლოს წინაშე ეკლესიის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.

განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დეტალურად სწავლობს საბჭოთა პერიოდში სახარების რწმენის ეკლესიის, იგივე ორმოცდაათიანელთა ეკლესიის, რეპრესირებისა და მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ისტორიას. ასევე მოქმედი ეკლესიის ისტორიულ და დოქტრინალურ კავშირს საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ორმოცდაათიანელთა ეკლესიასთან. დევნის ისტორიისა და მემკვიდრეობის საკითხების დადასტურების მიზნით, მოსარჩელე მხარე განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს. სხდომაზე გაიმართება მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტების - ფილოლოგიის დოქტორის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ეკლესიის ისტორიის პროფესორის ნუგზარ პაპუაშვილისა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის მოსაზრებების მოსმენა.

საქმეში მოსარჩელე რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის (117-ე) დადგენილების ზოგიერთი დებულების კონსტიტუციურობაზე დავობს. კერძოდ, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ საბჭოთა პერიოდში მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის (მუსლიმური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემები), მაშინ როდესაც განსახილველ პერიოდში მსგავსი ზიანი სახარების რწმენის ეკლესიამ, სხვა ეკლესიების მსგავსად ასევე განიცადეს, დისკრიმინაციულია და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების მცდელობას წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე ასევე უთითებს, რომ ვინაიდან სადავო დადგენილება არ განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების განჭვრეტად, ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს და ზიანის მხოლოდ სიმბოლური ანაზღაურების პირობას ითვალისწინებს, ის სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევის რისკებს ქმნის და წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან. აღსანიშნავია, რომ პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ, საქართველოს მთავრობამ, პირდაპირ აღიარა, რომ ზიანი სახელმწიფომ მხოლოდ ე.წ. ძირითად ეკლესიებს აუნაზღაურა. თუმცა, მთავრობამ ვერ წარმოადგინა რელიგიური გაერთიანებების მსგავსი დიფერენცირების კონსტიტუციურობის/კანონიერებისა და ობიექტურობის დასაბუთება. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ სადავო დადგენილება მიიღო ისე, რომ არ შეუსწავლია საბჭოთა პერიოდში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების რეპრესირებისა და ზიანის ისტორია.

საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მთავრობას მოუწევს სადავო დადგენილებით აღიარებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების არადისკრიმინაციული და სეკულარული წესის განსაზღვრა. საქმეზე სასამართლოს მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძინოს რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“