საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ 1998 წლიდან გამოაცხადა, წამების სრული აღმოფხვრისა და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით.[1]
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ იყო მიმართული.
2025 წლის 14 მაისს სამოქალაქო საზოგადოების 11-მა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტირების ანგარიში, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში უფლებათა დარღვევებს, მათ შორის წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას შეისწავლის.[2] ანგარიშში გაანალიზებული ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების კოორდინირებული მონაწილეობა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.[3]
საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ წამება და არასათანადო მოპყრობა შემდეგნაირად ხორციელდებოდა:[4]
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დაექვემდებარნენ როგორც ბავშვები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.[5] ძალადობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ასოცირებასაც პოლიცია, რაიმე ნიშნის გამო (მაგალითად, გრძელი ან შეღებილი თმა), ლგტბქი თემთან ახდენდა.[6]
ამასთან, აღსანიშნავია ქალების მიმართ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული დამამცირებელი მოპყრობის გახშირებული პრაქტიკა, მათ შორის სექსისტური სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალადობის მუქარა და ჩხრეკის დროს სრული გაშიშვლების შემთხვევები.[7]
წამებისა და არასათანადო მოპყრობის მასშტაბურობას და სისტემურობას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აპარატის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრის ღამის ჩათვლით, ასევე 6-7 დეკემბრის ღამეს და 2025 წლის 2 თებერვალს მონახულებული 343 ადამიანიდან 242 (70.5%) იყო სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.[8] სახალხო დამცველის შეფასებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური.[9]
მიუხედავად ამისა, დამნაშავეები დღემდე დაუსჯელობით სარგებლობენ, რაც წამების პრაქტიკის სახელმწიფოს მხრიდან წახალისებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. წამებასა და არასათანადო მოპყრობის გამოძიება მრავალი გამოწვევით ხასიათდება.[10] აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მოძალადე იდენტიფიცირებადი იყო, დღემდე არ დამდგარა მისი პასუხისმგებლობა.[11]
ასევე, აქამდე არ დამდგარა არც ერთი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა. მიმდინარე გამოძიება არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად.[12] მაგალითად, გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში, რასაც 2 თებერვლის საპროტესტო აქციიდან მედიის მიერ გავრცელებული კადრებიც მოწმობს, დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული.[13]
ამასთან, 10 ივნისს ქართულმა ოცნებამ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითავ უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი საგამოძიებო უფლებამოსილებები პროკურატურის შემადგენლობაში გადადის.[14] აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საკუთარ ვალდებულებებს აქამდეც არაეფექტიანად ასრულებდა, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობდა საპოლიციო ძალადობას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავეთა დაუსჯელობას, თუმცა ამ ინსტიტუტის გაუქმება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო წამებისა და საპოლიციო ძალადობის წინააღდეგ არსებულ ინსტიტუციურ მექანიზმებს კიდევ უფრო აუარესებს.
2025 წლის 10-12 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების - ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების შეფასების ფარგლებში სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ინიციატივის საბოლოო მიღებისგან და განახორციელოს ღონისძიებები ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.[15] კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესახებ, რომლებშიც აღწერილია სამართალდამცავების მიერ ფართომასშტაბიანი და გადამეტებული ძალის გამოყენება 2024-2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებზე.[16]
წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოსთვის, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სამართლის ამ უმძიმესი დარღვევის წახალისება, მხარდაჭერა და ინსტრუმენტალიზება იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას, მსხვერპლთა მოწყვლადობის გაზრდას და საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თითოეული ადამიანის ღირსების დაცულობას და ფიზიკურ ხელშეუხებლობას.
[1] გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 52/149, https://docs.un.org/en/A/RES/52/149, [26.06.2025].
[2] ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2024 წლის 28 ნოემბერი-2025 წლის 28 თებერვალი, https://www.gyla.ge/post/adamianis-uplebata-krizisi-dokumentirebis-angarishi, [26.06.2025].
[3] იქვე, გვ 46.
[4] იქვე, გვ 48.
[5] იქვე, გვ 59-60.
[6] იქვე.
[7] იქვე. იხილეთ ასევე Amnesty International, FROM INSULTS TO ASSAULTS: WEAPONIZING GENDER-BASED VIOLENCE AGAINST WOMEN PROTESTORS IN GEORGIA, 2025, https://www.amnesty.org/en/latest/news/2025/05/georgia-women-protesters-are-targeted-with-escalating-violence-and-gender-based-reprisals/, [26.06.2025].
[8] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ 89 https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf, [26.06.2025].
[9] იქვე, 78.
[10] იქვე, 79-80
[11] ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2024 წლის 28 ნოემბერი-2025 წლის 28 თებერვალი, გვ. 143, https://www.gyla.ge/post/adamianis-uplebata-krizisi-dokumentirebis-angarishi, [26.06.2025].
[12] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ 79 https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf, [26.06.2025].
[13] საია მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას: დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზვიად ხარაზიშვილის მიმართ და შეუჩერდეს უფლებამოსილება, 02.02.2025, https://www.gyla.ge/post/saia-kharazishvilis-siskhlis-samartlebriv-debvnas-itxovs, [26.06.2025].
[14] იხილეთ კანონპროექტი: https://info.parliament.ge/#law-drafting/30773, [26.06.2025].
[15] Decision of the Committee of Ministers on the Tsintsabadze Group of Cases, 1531st meeting, 10-12 June 2025 (DH) https://rm.coe.int/0900001680b64842, [26.06.2025].
[16] იქვე.
ინსტრუქცია