[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება

ჩვენთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, უმნიშვნელოვანესია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობა რეგიონში. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ხელახალი დაძაბულობა, რომელიც დაიწყო 2022 წლის დეკემბერში მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვით. 2023 წლის 23 აპრილს კი აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩადგმის შესახებ გაავრცელა ცნობა.

ამ რეალობაში თითქმის 7 თვეა მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამ დრომდე შეზღუდულია მათი გადაადგილება ყველა მიმართულებით, რაც მათ სრულ იზოლაციაში აქცევს. 25 ივლისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც მანამდე ჰუმანიტარული ტვირთის შემტანი ძირითადი ორგანიზაცია იყო რეგიონში, განაცხადა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის ვეღარ ახერხებს ჰუმანიტარული რესურსების მიწოდებას ადგილობრივებისთვის. დაახლოებით 1 თვეა, რაც რეგიონში რუსმა სამშვიდობო ძალებმა ასევე შეწყვიტეს საკვების, მედიკამენტებისა და სხვა რესურსების მიწოდება რეგიონისთვის, რაც 15 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

სხვადასხვა ორგანიზაციისა და მედია წყაროების თანახმად, რეგიონში საკვების, სამედიცინო საშუალებებისა და საბაზისო მოხმარების ნივთების მწვავე დეფიციტია. Amnesty International-ის ცნობით, საკვების დეფიციტის გამო ქალებსა და ბავშვებში ჩანს იმუნოდეფიციტის, ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების და დიაბეტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რომელთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეზღუდულია ან ზოგ შემთხვევაში სრულიად შეფერხებულია. ბლოკირებულ რეგიონში ორმაგად გართულდა ქალთა უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. მთიანი ყარაბაღის რეგიონში მოსწავლეებს, რომელთა რაოდენობა 27 000 აღწევს, ეზღუდებათ განათლებაზე წვდომის საბაზისო უფლება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება გათბობისა და ელექტროენერგიის შეზღუდულობის გამო ფერხდება. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, მთიან ყარაბაღში 1100-მდე ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, მათ შორის 270 ბავშვი მშობლებს დაშორებულია.

2022 წლის 28 დეკემბერს სომხეთმა სახელმწიფოთაშორისი განაცხადის ფარგლებში ლაჩინის დერეფანზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დროებითი ზომების მოთხოვნით მიმართა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს დაავალა ლაჩინის დერეფანზე უზრუნველყოს ტვირთის, ადამიანების და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება, ორივე მიმართულებით. სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა რომ დროებითი ზომების მიღება აუცილებელია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (CERD) გარანტირებული უფლებების უზრუნველსაყოფად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეს არის გადაადგილების თავისუფლება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ასევე ხელმისაწვდომობა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე, და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა. სასამართლოს თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკადით ამ უფლებების განხორციელებას მყისიერი საფრთხე შეიძლება შეექმნას, ამიტომ აზერბაიჯანი ვალდებულია, ყველა ზომა მიიღოს გადაადგილებისთვის დაწესებული ბარიერების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 22 დეკემბერს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რითაც აზერბაიჯანი დაავალდებულა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლაჩინის დერეფნის გავლით ადამიანების გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე, მათ შორის მძიმე ავადმყოფებს ჯანდაცვის სერვისებზე.

მთიან ყარაბაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი 2023 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირმა.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კონფლიქტებით დაზარალებულ მოსახლეობას კონფლიქტის ყველა მხარეს, რომელთა ცხოვრებასაც მძიმე დაღი დაასვა 30 წლიანმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა. კონფლიქტებისა და ომების შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებს ყველაზე მძიმე და შეუქცევადი ზიანი ადგებათ. შეიარაღებული დაპირისპირებები და გადაუჭრელი კონფლიქტები შეიწირავს ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და მომავალს. ჩვენთვის როგორც მშვიდობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე აქტორებისთვის უპირველესი სწორედ მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებების და ინტერესების დაცვა და მხარდაჭერაა. ჩვენთვის არსებითია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში პრიორიტეტად სწორედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი და პერსპექტივა დააყენოს. Მიგვაჩნია, რომ სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს ნდობის აღდგენის და ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა.

შექმნილ კრიზისულ გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს საერთო ინტერესი შექმნან მშვიდობიანი თანაცხოვრების ახალი გამოცდილებები, ნდობის, ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის ისეთი პრეცენდენტები, რომლებიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას, განვითარებას და სოციალური კეთილდღეობას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია:

მხარეებმა აღარ დაუშვან ცეცხლის განახლება, თავი შეიკაონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს მოლაპარაკებების ისედაც მყიფე გარემოს და დაიცვან კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა ღირსება, უფლებები და უსაფრთხოება.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაიცვას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები. ის თუ როგორ გაამრთმევს თავს ამ გამოწვევას აზერბაიჯანი, გავლენას მოახდენს მთლიანად რეგიონში მცხოვრებ ხალხთაშორის ურთიერთობებსა და მშვიდობაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • კავკასიური სახლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“