საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს მთავრობამ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 31-ე სესიის ფარგლებში წარადგინა დასკვნითი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი შეიცავს პასუხს სახელმწიფოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე, რომელთა შესახებ პასუხის გასაცემად სახელმწიფომ მანამდე დრო ითხოვა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის 23 თებერვლის ანგარიშის[1] თანახმად, საქართველომ ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია (თანადგომა, ჰერა XXI, იდენტობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)) ეხმიანება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ რეკომენდაციებს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოახდინოს აღნიშნული რეკომენდაციების ეფექტური განხორციელება.
კოალიცია, სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, ადვოკატირებას უწევდა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების (SRHR) დაცვის საკითხებს. ამ მიზნით, ორგანიზაციებმა UPR-ის წინაშე წარადგინეს ინდივიდუალური და კოლექტიური ჩრდილოვანი ანგარიშები. ამასთან, კოალიციამ მონაწილეობა მიიღო წინასასესიო განხილვებში და წარადგინა სპეციალური მოხსენება, რომელიც სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უფლებებს, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების საკითხებს, ლგბტ პირთა დისკრიმინაციას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს შეეხებოდა.[2]
ქვემოთ მიმოხილულია SRHR საკითხებზე სახელმწიფოს მიერ მიღებული რეკომენდაციების მიმოხილვა:
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია და მექანიზმების გაძლიერება
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური გამოყენებისა და არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებით საქართველომ თანხმობა გასცა შვედეთის მიერ გაცემული ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის[3] მიღებაზე, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში ცვლილებების გატარებასა და ამ მიზნით, დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველისთვის დაჯარიმებისა და სხვა სანქციების გამოყენების კომპეტენციის მინიჭების აუცილებლობაზე უთითებს (118.2).
აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებით საქართველომ ერთი მხრივ აღიარა ანტი-დისკრიმინაციული კანონით განსაზღვრული მექანიზმის არაფექტურობა და მისი სუსტი აღსრულებითი ფუნქციები, ამასთან, სახელმწიფომ ზეპირ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმიანციული მექანიზმების გაძლიერების შესახებ საკითხი აისახება ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების სამთავრობო გეგმაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული საკითხები სამთავრობო გეგმის სამუშაო ვერსიაში ასახული არ არის.
ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველომ თანხმობა გასცა პარაგვაის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომელიც შეეხებოდა ოჯახურ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკების საქმიანობისთვის ხელშეწყობისთვის ბიუჯეტისა და სხვა რესურსების გაზრდის საკითხს (118.12). ასევე დაეთანხმა სექსუალური ძალადობის, შევიწროებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის კრიზისული ცენტრების შექმნის შესახებ რეკომენდაციის მიღებას, რომელიც ჰონდურასის მიერ იქნა გაცემული (118.14).
ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე გაცემული დამცავი და ამკრძალავი ორდერების ეფექტური აღსრულების მექანიზმის შექმნისა და მათ შორის, სპეციალური საპოლიციო სამსახურის დაარსების, რომელიც გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებს, საკითხზე სახელმწიფომ მიიღო შევდეთის მიერ გაცემული რეკომენდაცია (118.16).
ამასთანავე, სახელმწიფომ ზეპირ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მომავალ თვეებში მოახდენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას[4].
ლგბტ პირთა უფლებების დაცვა და გაძლიერება
საქართველომ თანხმობა გასცა ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებაზე, რომელიც არსებითად შეუწყობს ხელს ლგბტ პირთა უფლებების დაცვასა და ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. კერძოდ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება შეარსულოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლისა და მათი ეფექტური მონიტორინგის, გამოძიების მიზნით სპეციალური სტრატეგიის მიღებასა და შესრულებას, რომელიც,ასევე მოიცავდა, სახალხო დამცველისთვის შესაბამისი ძალაუფლებისა და რესურსების გადაცემას ამ კუთხით მისი საქმიანობის გაძლიერებისთვის (118.32).
ასევე, სახელმწიფო დაეთანხმა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევის გაორმაგებასა და ამ მიზნით, ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსსექსუალობის სოციალური სტიგმატიზაციის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის შესახებ ურუგვაის მიერ გაცემული რეკომენდაციის აღებას (118.9).
სახელმწიფომ დათქმა გააკეთა შვედეთის მიერ გაცემულ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის მიღებაზე, რომელიც შეეხებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიებისათვის სპეციალური უწყებების შექმნას სამართალდამცავ ორგანოებში (118.10). სახელმწიფომ აღნიშნულ რეკომენდაციაზე დათქმის გაკეთება დაასაბუთა ქვეყნის მთლიანი მასშტაბის დაფარვის, საქმეთა გადატვირთვისა და ესეთი ტიპის დანაშაულებზე კომპლექსური პასუხის გაცემის საჭიროებით და აღნიშნა, რომ ერთი ცენტრალიზებული სპეციალიზებული პოლიციის უწყების შექმნა არ იქნება ეფექტური მექანიზმი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებისთვის. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი განსაზღვროს და სამართალდამცავებს დაეკისროთ ვადლებულება და მოახდინოს სპეციალიზებული პოლიცილების დატრენინგება ყველა პოლიციის ყველა რეგიონულ დეპარტამენტებში[5].
რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა
სახელმწიფომ გასცა თანხმობა დანიისა და ბრაზილიის მიერ მიცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებაზე. რეკომენდაციით საქართველოს მოუწოდებდნენ, მიიღოს ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, მათ შორის აბორტისა და კონტრაცეპტივების სერვისების ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა ყველა ქალისა და გოგონასათვის, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისათვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აივ/შიდსით ინფიცირებული ქალების უფლებების დაცვას (118.42-43).
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს UPR-ის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულება და მათი დროული და სათანადო ასახვა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველფოს UPR-ის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტების წინაშე ანგარიშვალდებულების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის ინსტიტუციონალიზება და შესაბამისი ფორუმების ამუშავება რეკომენდაციების შესრულების პროგრესისა და არსებული გამოწვევების გაზიარების მიზნით.
[1] იხ: http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/Pages/GESession23.aspx
[2] იხილეთ კოალიციის საერთო განცხადება:http://emc.org.ge/2015/12/04/upr-srhr/
[3] იხ: პარა. 118.2
[4] იხ: http://webtv.un.org/watch/georgia-upr-report-consideration-45th-meeting-31st-regular-session-human-rights-council/4805086331001
[5] A/HRC/31/15/Add.1, პუნქტი 118.10
ინსტრუქცია