საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საქართველოს მთავარ პროკურატურას, 24 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, პოლიციის მიერ, ადგილობრივი მუსლიმების უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
მოწმეებისა და დაზარალებული პირებისგან მიღებული ახსნა-განმარტებები, ასევე მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ დაკავებისას და ადიგენის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული პირების გადაყვანის დროს, სცემეს და რელიგიური კუთვნილების ნიშნით, სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ შეკრების მონაწილეების ჰქონდათ მშვიდობიანი განზრახვა და ქცევა. კონკრეტულ მომენტში, პოლიციის მანქანისთვის წინააღმდეგობის გაწევის ეპიზოდი კი, თავად პოლიციის ძალადობრივი ქცევით (აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მათ მიმართ ძალის გამოყენება) იყო პროვოცირებული. დაკავებული პირების ძირითადი ნაწილის დაკავება იმ პირობებში მოხდა, როცა ისინი შეკრების ადგილას მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს და არ უწევდნენ რაიმე სახის წინააღმდეგობას პოლიციას, ან არ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამგვარ ვითარებაში მათი დაკავების, როგორც სამართალდარღვევის აღკვეთის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა ვერ დასაბუთდება და ის თვითნებური და უკანონოა. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებული პირების მიმართ ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც ისინი პოლიციის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული პირები იხსენებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები შეკრების ადგილზე და პოლიციის განყოფილებაში შეურაცხმყოფელი ფორმით მიმართავდნენ - „თათრებს“ ეძახდნენ და აგინებდნენ.
ბოლო ხანებში, მუსლიმი თემის რელიგიურმა დევნამ, ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ კერძო პირების მხრიდან, სისტემური ხასიათი მიიღო. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, სოფელ ჭელაში 2013 წლის აგვისტოში, მინარეთის დემონტაჟის დროს, განხორციელებული საპოლიციო ოპერაცია. ოპერაციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მუსლიმების მიმართ, ასევე გამოიყენეს არაპროპორციული პოლიციური ძალა და აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, სამართალდამცავი პირების დისციპლინური წესით დასჯაც კი არ მოჰყოლია.
უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა მუსლიმების მიმართ ზოგადად დისკრიმინაციულია. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან კანონის დარღვევას (მაგალითისთვის, ქობულეთში პანსიონის შენობასთან ადგილობრივი ქრისტიანების ორგანიზებული ჯგუფის მიერ გადაადგილების თავისუფლებისა და საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის ფაქტებს პოლიცია ამ დრომდე არ აღკვეთავს და ის იწყნარებს სამართალდამრღვევი პირების უკანონო ქცევას; სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი ხოჯას ს. ხოზრევანიძის ოჯახზე ადგილობრივი ქრისტიანების თავდასხმისა და მუქარის დროს, პოლიციამ არც ერთი პირი არ დააკავა და არც ეფექტური გამოძიების ჩატარება უზრუნველყო) პოლიცია არ იყენებს სამართლებრივი რეაგირების საშუალებებს და არ აღკვეთავს მათ, მაშინ როცა მუსლიმი თემის მიმართ ის, როგორც წესი, დემონსტრაციულად რეპრესიულია და არაპროპორციულ ძალას იყენებს.
EMC-ის შეფასებით, სოფელ მოხეში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არასათანად მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
ინსტრუქცია