საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით, ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძის მკვლელობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული - განზრახ მკვლელობისთვის. სასჯელის სახედ და ზომად გ.მ.-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რასაც მოსამართლის გადაწყვეტილებით სისხლი სამართლის კოდექსის 59-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი (ჩათვლილი პირობითად) 3 წელი და საერთო ჯამში გ.მ.-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფების აღკვეთა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა სასამართლო მეგობრის (amicus curie) მოსაზრება შესაძლო სიძულვილის მოტივის (რაც დაზარალებულის გენდერულ იდენტობას ეფუძნებოდა) შეფასებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გათვალისწინების მიზნით.
საქმის განხილვის დროს შესაძლო მოტივთან დაკავშირებული შეფასებები არ გაკეთებულა და სასამართლოს არ შეუსწავლია მოტივის თემა. ბრალდების მხარემ რეპლიკის დროს მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები) არ აჩვენებდა შეუწყნარებლობის მოტივს. მანამდე პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომ მსხვერპლსა და ბრალდებულ პირს შორის ნაცნობობა და პერსონალური ურთიერთობა გამორიცხავდა შესაძლო ტრანსფობიურ მოტივს აშკარად დაუსაბუთებელი იყო, რადგან ნაცნობობის ფაქტი არ შეიძლება გამორიცხავდეს სიძულვილის მოტივს.
მსხვერპლის ცემის სიმძიმე და სისასტიკე იმთავითვე მიუთითებდა შესაძლო სიძულვილის მოტივს და მის არასრულფასოვან, სუბორდინირებულ სუბიექტად განხილვას. თავის მხრივ, შერეული მოტივი ასევე არ გამორიცხავს თეორიულად სიძულვილის მოტივს. EMC მიიჩნევს, რომ მოტივის სათანადო გამოკვლევა და იდენტიფიცირება არსებითია საქმეზე სიმართლის დადგენისა და დისკრიმინაციული ძალადობის ეფექტიანი პრევენციისთვის.
ინსტრუქცია