[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აიგნორებს ხელისუფლების მიერ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებს 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას, რომელიც უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელების, მონაცემთა ბაზების შექმნისა  და „რუსული კანონის“ ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას ეხება.[1] ჩვენი შეფასებით, სამსახური განზრახ აიგნორებს იმ პრობლემებს, რომლებთან გასამკლავებლადაც ის შეიქმნა. მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება კი მომავალში აზრს დაუკარგავს ამ უწყების არსებობას.

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ ეს ბაზა სპეციალურ ვებ-გვერდზე, საჯაროდ განთავსდება და მასში თავს მოიყრის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.[2] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა,  რომ წინასწარ, ბაზის შექმნამდე, ვერ შეფასდება პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერება და მხოლოდ ბლანკეტურად მიუთითა საკანონმდებლო მოთხოვნებზე. განმარტება პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მმართველი გუნდის განცხადებებში არ იკითხებოდა, რომ მონაცემთა ბაზის შექმნის საკითხები ნორმატიულ დონეზე მოწესრიგდება. ბაზა შესაძლოა პირდაპირ, ყოველგვარი რეგულირების გარეშე, შეიქმნას. შესაბამისად, არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დარჩება ნორმატიული აქტის პროექტის შეფასების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სწორედაც რომ წინასწარ შეაფასოს რისკები და არა  ბაზის გამოქვეყნების შემდეგ, როცა პირთა გარკვეული ჯგუფის უფლებები დაირღვევა.
  • მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც საკმარისია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის. საქართველოს კანონმდებლობა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს მიზნის შეზღუდვით მონაცემების დამუშავების პრინციპს,[3] რაც გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის დამუშავებას. მონაცემთა ბაზის შემთხვევაში კი ცალსახად არ არსებობს მონაცემთა საჯაროდ გამოქვეყნების ლეგიტიმური ინტერესი. თუ ადამიანი ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული, ამაზე რეაგირება საგამოძიებო და სხვა რელევანტურმა უწყებებმა უნდა განახორციელოს და არ არსებობს პირადი ინფორმაციის გასაჯაროების საფუძველი.
  • გარდა არამიზნობრივი დამუშავებისა, ამ ფორმით ბაზის გამოქვეყნება მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპსაც არღვევს. კანონმდებლობის მიხედვით, მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.[4] პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბაზაში უნდა აღირიცხოს იმ ადამიანების მონაცემებიც, რომლებიც იწონებენ „კანონსაწინააღმდეგო“ ქმედებებს. რაიმე მოქმედების საჯაროდ მოწონება, სოციალურ ქსელში თუ ფიზიკურ სივრცეში, სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და მათზე სამართლებრივი რეაგირება ვერ განხორციელდება. შესაბამისად, არ არსებობს ამ პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების და მით უფრო, გამოქვეყნების ლეგიტიმური მიზანი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება აგრეთვე ეხება „რუსულ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს. მეორე მოსმენით კანონის მიღების შემდეგ, როდესაც მუხლობრივი განხილვა უკვე დასრულებული იყო, მმართველმა გუნდმა კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგის პროცესში ფიზიკური პირების მონაწილეობასაც. ახალი ჩანაწერის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა,  მოკვლევის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მოითხოვოს ფიზიკური პირებისგან. ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარუდგენლობის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ამ ჩანაწერთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისთვის საჭიროა საკანონმდებლო საფუძველი და დამუშავების ლეგიტიმური მიზანი. სამსახურის განმარტებით, კანონპროექტი ასეთ საკანონმდებლო საფუძველს უკვე ქმნის, ხოლო მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნები კანონის ამოქმედების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უნდა გაიწეროს. სამსახურის აღნიშნული განმარტება სამართლებრივად უსაფუძვლო და არალოგიკურია, რადგან სწორედ კანონი უნდა ქმნიდეს მონაცემთა დამუშავების მკაფიო და გასაგებ სამართლებრივ ჩარჩოს და მინისტრის ბრძანებით არ უნდა წესრიგდებოდეს არსებითი მნიშვნელობის საკითხები.

პერსონალური მონაცემების ნებისმიერი საფუძვლით (მათ შორის კანონით მოწესრიგების შემთხვევაში) დამუშავებისას აუცილებელია დამუშავების პრინციპების დაცვა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონის მე-4 მუხლით არის განსაზღვრული. ეს პრინციპები მოიცავს მონაცემების მიზნის პროპორციულად დამუშავებასაც. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის არსებობით კი არ უნდა დაედგინა მონაცემთა დამუშავების კანონიერება, არამედ უნდა შეეფასებინა რამდენად პროპორციულია ორგანიზაციების მონიტორინგის მიზნით ფიზიკური პირებისგან ნებისმიერ სახის, მათ შორის ისეთი სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა: ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან და პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურს აგრეთვე უნდა შეეფასებინა, საერთოდ რა შემხებლობაში შეიძლება იყოს ასეთი ინფორმაცია ორგანიზაციების მონიტორინგთან.

რაც შეეხება უცხო ნომრებიდან შემოსულ ზარებს, სამსახურმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე 70-მდე შეტყობინება შევიდა. ის განცხადებები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა, ხოლო სამსახურის კომპეტენციაში არსებულ განცხადებებზე ხორციელდება შესაბამისი რეაგირება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ამ საქმეებს  მაინც შეისწავლის ობიექტურად და გამოიყენებს შესაბამის ზომებს.

შემაშფოთებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა უნდა იყოს, უკიდურესად პასიურია და კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად არ რეაგირებს როგორც კანონპროექტიდან მომდინარე საფრთხეებსა და რისკებზე, ისე ყოველდღიურ პრაქტიკად ჩამოყალიბებულ სატელეფონო შეტყობინებებზე, რომლის უკანაც სახელისუფლებო ჯგუფები უნდა იდგნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:

  • შეწყვიტოს პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებით პოზიციონირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ქვეყანაში პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების სათანადოდ დაცულობისთვის და ამ კუთხით არსებული საფრთხეების გამოაშკარავებისა და აღმოფხვრისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის 19 მაისის განცხადება სოციალურ ქსელში. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/getfzXFR

[2] ინტერპრესინიუსი - შალვა პაპუაშვილის განცხადება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/setfPwUH

[3] “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ბ”ქვეპუნქტი.

[4] “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“