საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს, რომლის გაცხადებული მიზანიც 2017 წელს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა უნდა ყოფილიყო. თუმცა, პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი აჩვენებს, რომ ეს პროცესი სცილდება თავდაპირველად განსაზღვრულ მიზანს და მოიცავს ცვლილებებს, რომელიც არ ემსახურება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვას. უფრო მეტიც, ახლადინიცირებული ცვლილებების შინაარსი პრობლემური და მოუმზადებელია. განსაკუთრებით პრობლემურია კონსტიტუციის მე-18 მუხლში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს არსებულ კონსტიტუციურ სტანდარტს. დაუსაბუთებელი და მოუმზადებელია ასევე ცვლილება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას შეეხება.
უნდა ითქვას, რომ არცერთი ხსენებული საკითხი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის თავდაპირველ ტექსტში ასახული არ ყოფილა და მათი გაჟღერება მოხდა საყოველთაო სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კონსტიუტიცური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ცვლილებების შესახებ ასევე საუბარი არ არის ცვლილებების განმარტებითი ბარათის ტექსტში.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის საწყისი ეტაპიდან საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი შეეხებოდა მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და არ გასცდებოდა ამ რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვის მიზანს. სამწუხაროდ, სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროცესში ასევე გატანილი იყოს ცვლილებები, რომლის შინაარსის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა და ასევე არ გამართულა წინასწარი მსჯელობა ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.
კონსტიტუციის მე-18 მუხლში, ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტის გაუარების რისკი შექმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ, რომელიც მიზნად ისახავს გააფართოვოს საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეიზღუდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრთა ნაწილი არ იზიარებს ინიცირებული ცვლილების შინაარსს. დღეს საპარლამენტო განხილვებისას დაისვა ცვლილების შინაარსის დაზუსტების საკითხი. თუმცა, ამ ეტაპზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობია კონსტიტუციური ჩანაწერის საბოლოო რედაქცია.
გარდა ამისა, პარლამენტი იხილავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის მუხლში, რომლის თანახმადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინსტიტუტი განისაზღვრება კონსტიტუციით, ასევე კონსტიტუციით დგინდება მდივნის თანამდებობაზე განწესების წესი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა. აღნიშნული ცვლილების ინიციატორი თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანია. უნდა აღინიშნოს, არც საყოველთაო სახალხო განხილვის სხდომის ოქმში, არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ ცვლილების დასაბუთება წარმოდგენილი არ არის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება გაუზარებელი, ფრაგმენტული და არასისტემურია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ფუნქციების და როლის გათვალისწინებით, მისი სტატუსის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის და სისტემის გაძლიერების ნაბიჯად, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ცვლილებების უკან სხვა სახის ინტერესი შეიძლება არსებობდეს.
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში შემოტანილი დამატებითი ინიციატივები არის მოუმზადებელი და დაუსაბუთებელი და არ ემსახურება კონსტიტუციური სტანდარტების და ინსტიტუტების გაძლიერებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ გასცდეს მის მიერ პროცესის დასაწყისში დადგენილ ფარგლებს და იმსჯელოს მხოლოდ იმ ცვლილებების განხორციელებაზე, რომლებიც ემსახურება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
ინსტრუქცია