საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკიდურესად საგანგაშოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი მოტივაცია, რომელიც მნიშვნელოვნადაა აცდენილი სამართლებრივ ლოგიკას, კონსტიტუციურ სტანდარტებს და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ რეალობას. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება შეიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებური და ერთპიროვნული გადაწვეტილების მიღების მნიშვნელოვან საფრთხეებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც კონსტიტუციურად მიიჩნია პანდემიის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების (შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება) შეზღუდვა მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ბრძანებით. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ფაქტიურად მოიხსნას უფლებამოსილება ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში და უარი თქვას საკანონდებლო ფუნქციის განხორციელებაზე.
მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უგულებელყო აქამდე არსებული კონსტიტუციური სტანდარტები და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა რეალობასთან აცდენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მაგალითად:
ხაზგასასმელია ის, რომ მიღებული გადაწყვეტილების ავტორთა ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები გააჩინა. მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ, საერთო სასამართლოების მოქმედ მოსამართლეთა, ვასილ როინიშვილისა და ხვიჩა კიკილაშვილის 2020 წლის აპრილსა და ივნისში დანიშვნის პროცედურა საგანგებო მდგომარეობის/შეზღუდვების მოქმედების დროს დაჩქარებული წესით წარიმართა და პროცესი შეფასდა როგორც ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე.
საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლე, გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, რომელმაც დელეგირების დამდგენი ნორმები არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეუქცევად ზიანს აყენებს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია