[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის დროს, კომიტეტის სხდომებზე მინისტრები არ ცხადდებიან

გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ოპოზიციური ფრაქციების მიერ მინისტრების მოწვევის შემთხვევაში, რეგლამენტით განსაზღვრული ორდინალური წესის შესაბამისად კომიტეტზე მინისტრის მოსმენა არც ერთხელ გაიმართა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, „კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე.“[1] რეგლამენტი ასევე უთითებს, რომ ამ ძირითადი წესის შეცვლა „შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.“[2]

მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ X მოწვევის პარლამენტში 8 შემთხვევა იყო ისეთი, როცა ოპოზიციურმა ფრაქციებმა („შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“),  სხვადასხვა კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს მინისტრები. ორ შემთხვევაში მინისტრის (შინაგან საქმეთა და კულტურის) გამოუცხადებლობის ოფიციალური მიზეზად ის სახელდება, რომ ეს საკითხი „მინისტრის საათის“ ფორმატში, პლენარულ სხდომაზე განიხილეს (ან დაიგეგმა განხილვა). სამ შემთხვევაში მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა იმ არგუმენტით ვერ შედგა, რომ მინისტრის გამოცხადების თარიღზე კონსულტაციების მიმდინარეობის პერიოდში, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გაუქმდა. დარჩენილ სამ შემთხვევაში, პარლამენტის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით იკვეთება, რომ დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა თარიღის დაზუსტებასთან დაკავშირებით.

X მოწვევის პარლამენტში 5 შემთხვევა იყო ისეთი, როცა თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა. მათგან 4 შემთხვევაში კომიტეტის სხდომაზე გამოცხადების ინიციატორი თავად მინისტრი იყო (ყველა შემთხვევაში - იუსტიციის). ერთ შემთხვევაში კი, ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობის პირი სხდომაზე გამოცხადდა „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანისა და პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის წერილების საფუძველზე, კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით“ (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი).

არსებული ინფორმაციები იმის თქმის საფუძველია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის საფუძველზე კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდნენ და პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხონ. ტექნიკურად, ისინი რეგლამენტს არ არღვევენ იმ შემთხვევაში, როცა თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ და ძირითადი წესის მიხედვით მომდევნო კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებიან. თუმცა, ეს ჩანაწერი შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული, გაიწელოს დრო და საკითხმა სულაც აქტუალობა დაკარგოს. გარდა ამისა, საპარლამენტო ჯგუფებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნების არარსებობის მანიშნებელია ფორმალური მიზეზით - ფრაქციის გაუქმების არგუმენტით - სხდომაზე არ გამოცხადება, როცა საკითხის ინიციატორები კომიტეტში კვლავ არიან წარმოდგენილები, საკითხი კი აქტუალურია.

ამასთანავე, არასწორი და დაუსაბუთებელია, როცა თანამდებობის პირების გამოუცხადებლობის მიზეზად სახელდება სხვა ფორმატში (კერძოდ, „მინისტრის საათი“) მისი მოსმენის შესაძლებლობა. კომიტეტის სხდომაზე დაბარება და „მინისტრის საათი“ განსხვავებული ფორმატებია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით და ისინი განსხვავებული მიზნების მიღწევას ემსახურებიან. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების დასწრების მიზნად კონკრეტული (ხშირად მეტად აქტუალური) საკითხის სათანადო და სიღრმისეული პოლიტიკური განსჯა უნდა მივიჩნიოთ, ხოლო „მინისტრის საათი“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი  მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას“ გულისხმობს.[3] ამდენად, ამ არგუმენტით კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობა, რეგლამენტის ნორმების არასწორი განმარტება, და მისი დარღვევაა.

ეფექტიანი საპარლამენტო მუშაობისთვის ამგვარი პრაქტიკები არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ის ფაქტობრივად აუფასურებს საპარლამენტო კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს. აუცილებელია, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა არსებითად შეცვალონ ამ საკითხზე მათი მუშაობის ლოგიკა და დამოკიდებულება.

პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

დანართი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს X მოწვევის პარლამენტში კომიტეტების სხდომებზე დაბარებული თანამდებობის პირები

პარლამენტის კომიტეტი

კომიტეტის სხდომის თარიღი

ინიციატორი

მოწვეული თანამდებობის პირი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

ინიციატორის სურვილის შემთხვევაში თარიღთან დაკავშირებით კონსულტაცია გაგრძელდება

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება და პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში კომიტეტის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება აღარ არსებობს. მიმდინარეობდა კონსულტაცია თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ზემოაღნიშნული ფრაქციის გაუქმების გამო საკითხი დარჩა ღიად.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საპარლამენტო ფრაქცია

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოსმენა აღარ შედგა, ვინაიდან დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საპარლამენტო ფრაქცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

მიმდინარეობდა კონსულტაცია თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ზემოაღნიშნული ფრაქციის გაუქმების გამო საკითხი დარჩა ღიად.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საპარლამენტო ფრაქცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

08.02.2021

საკუთარი ინიციატივით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიმდინარეობს კონსულტაციები თარიღთან დაკავშირებით

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიმდინარეობს კონსულტაცია თარიღთან დაკავშირებით

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საპარლამენტო ფრაქცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი

08.02.2021

საკუთარი ინიციატივით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

08.02.2021

საკუთარი ინიციატივით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

კულტურის კომიტეტი

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოსმენა აღარ შედგა, ვინაიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში მინისტრმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხებზე

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

08.02.2021

საკუთარი ინიციატივით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

12.04.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანისა და პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის წერილების საფუძველზე, კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი.

[2] იქვე.

[3] პარლამენტის რეგლამენტი, 153-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“