"მე მინდა იცოდნენ, რომ ყველა მძიმე მომენტში, როცა ეს იქნება მათთვის, ჩათვალონ, რომ ერთი მებრძოლი მათ გვერდით ყოველთვის ვიქნები და ყოველთვის გამოვხატავ ჩემს პოზიციას, ეს იქნება სიტყვით, თუ ეს იქნება საქმით", - ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი.
ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით, ქართველი მუსლიმი თემის რელიგიური შევიწროებისა და ლოცვის უფლების წართმევის მძიმე გამოცდილებას ადიგენში და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა.
მუსლიმებს რელიგიური უფლებების რეალიზების პრობლემა აქვთ ბათუმშიც. სახელმწიფოს მხრიდან კვლავ უგულებელყოფილია მათი ისტორიული მოთხოვნა - აშენდეს ახალი მეჩეთი ბათუმში.
უკვე 7 წელია ქართველი მუსლიმები ამ უფლებებისთვის სასამართლოში იბრძვიან, თუმცა საქმეზე საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ბათუმის მერია ჯიუტად ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი გააჭიანუროს.
ლოცვის უფლების დაცვა ფუნდამენტური რელიგიური უფლება და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.
წარსულში ის ქართველი მოაზროვნეები, ვინც ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს მომავალზე ფიქრობდნენ, კარგად ხედავდნენ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რელიგიური თანასწორობის და თავისუფლების პრინციპის დაცვა, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრების და საერთო მომავლის შენების საფუძველია.
სოლიდარობა ქართველ მუსლიმ თემს!