საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს. ჩვენი აზრით, აღნიშნული ინიციატივა პოპულისტურ სვლას წარმოადგენს, რომელიც მეტწილად წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს გააღრმავებს.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი განისაზღვრება როგორც ქალისა და კაცის ერთობა.
ასევე, 8 თებერვალს, მოძრაობა „ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი ის არის, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
2015 წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ „იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს.“[1]
ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15 თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება[2].
მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.
ლგბტ ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა უწევთ[...], სამოქალაქო ქორწინება საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა უწევთ, მოსალოდნელი ძალადობის, დევნის და შევიწროების თავიდან ასარიდებლად, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გამოუყენებადი შესაძლებლობა გახდება.“[3]
თუმცა, ლგბტ პირების სახით მტრის ხატის შექმნის მცდელობითა და ქორწინების ინსტიტუტის მიმართ ხელოვნური საფრთხეების წარმოჩინებით ანტიგენდერულ პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს მუდმივად დღის წესრიგში შემოაქვთ აღნიშნული საკითხები, რომელიც სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან შორს დგას.
თანასწორი ქორწინების მიმართ მსოფლიოს ქვეყნებში შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. თუმცა, ევროპის სახელმწიფოებში ქორწინების თანასწორობისა და პარტნიორული ურთიერთობების სამართლებრივი ფორმის მიცემა სულ უფრო მზარდია. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას ევროპის 27 სახელმწიფო აღიარებს (რომელთა უმრავლესობა ევროკავშირის წევრია). ხოლო, ევროპის 49 სახელმწიფოთაგან ქორწინების თანასწორობაზე კონსტიტუციური ლიმიტაცია ევროპის 14 სახელმწიფოს აქვს დადგენილი[4], მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას.
მსგავსი შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებები ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაში განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის შეფასებით, ეს პროცესები რელიგიური ექტრემისტებისა და ულტრა-კონსტერვატიული პარტიების მიერაა პროვოცირებული. ისინი ჰომოფობიის დასანერგად ისეთ დემოკრატიულ ინსტრუმენტებს იყენებენ როგორიცა საკონსტიტუციო შესწორება და რეფერენდუმი[5].
საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოები არ არიან ვალდებულები ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების თანასწორობა უზრუნველყონ. თუმცა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი სახელმწიფოებს მოუწოდებს სამართლებრივად აღიარონ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობები[6]. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ურთიერთობების ოფიციალურად არ აღიარება და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის აღუსრულებლობა ხელს უწყობს ლგბტ წყვილების მარგინალიზაციას, არასათანადო და განსხვავებულ მოპყრობას კერძო პირების, ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებისა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან[7].
მნიშნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაეროს მიდგომას იზიარებს და ერთი და იგივე სქესის წყვილების პარტნიორული ცხოვრების სამართლებრივ არ აღიარებას ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევად განიხილავს. საქმეზე Schalk and Kopf v. Austria ევროპული სასამართლო ცალსახად უთითებს, რომ “ერთი და იგივე სქესის წყვილებს ისევე შეუძლიათ სტაბილური ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. ისინი საწინააღდმეგო სქესის მქონე წყვილების მსგავსად არიან, რაც იმავე საჭიროებებს გულისხმობს - მათი ურთიერთობები სამართლებრივად იქნას აღიარებული და დაცული“. აღნიშნული შეფასების კიდევ ერთ დემონსტრაციას წარმოადგენს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Vallianatos and Others v. Greece საქმეზე, სადაც სასამართლო ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია სახელმწიფოებში ლგბტ პირებისათვის „რეგისტრირებული პარტნიორობის“ არარსებობის მიმართ.
არსებითად საინტერესოა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე Oliari and others v. Italy, სადაც სახელმწიფოში ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღმჭურველი მექანიზმის არარსებობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა. შესაბამისად, ქორწინების აღიარების საკითხის მიღმა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების (მათ შორის, მემკვიდრეობითი, ქონებრივი, სხვა პირადი და არქონებრივი ურთიერთობები) მოწესრიგებისა და მათ მიმართ თანაბარი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების ვალდებულება ეკისრება.
როგორც აღინიშნა, ქორწინების უფლების გავრცელება ერთი და იმავე სქესის ადამიანებთან მიმართებით სახელმწიფოს შიდა პრეროგატივას წარმოადგენს და კონკრეტული საზოგადოებაშო ლგბტ პირებთან მიმართებით სოციალური დამოკიდებულებების ცვლილებასა და ლგბტ თემის ემანსიპაციას უკავშირდება. აღნიშნულს ადასტურებს ლგბტ ორგანიზაციების ზემოაღნიშნული განცხადებაც, რომელიც ხილული დასტურია იმისა, რომ ლგბტ პირთა დღის წესრიგში ქორწინების საკითხი დღეს პრიორიტეტული არ არის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა არ ემსახურება დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას ქვეყანაში და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი უფროა. საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნებებთან დაკავშირებული ინიციატივები, როგორც ჩანს, წარმოადგენს პოლიტიკური ჯგუფების მთავარ სტრატეგიას მიმდინარე საარჩევნო წელს. დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და პოლიტიკური აზროვნების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, იმის ნაცვლად, რომ შექმნან ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და სხვადასხვა ჯგუფების ემანსიპაციის ხელშემწყობი პროექტები, ცდილობენ შექმნან ხელოვნური დღის წესრიგები და იდეოლოგიური და ირაციონალური ზემოქმედების ინსტრუმენტებით მოიპოვენ მხარდაჭერა. მსგავსი საკითხებით მანიპულირება კი ცხადია, დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას და ლგბტ თემის განგრძობით და სისტემურ მარგინალიზაციას იწვევს.
ამასთან, იმგვარ პირობებში, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად, უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა. ცალსახაა, რომ აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამეთ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ. მაშინ როდესაც ევროპული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტ ოჯახების სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარების კუთხით, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტ პირთა მიმართ.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ:
[1]იხ: http://www.interpressnews.ge/ge/politika/275786-irakli-gharibashvili-ojakhis-definiciaze-chemi-iniciativa-arc-privilegias-anitcebs-vinmes-da-arc-raimes-uflebas-arthmevs.html?ar=A
[2]იხ: http://liberali.ge/news/view/20856/qortsinebis-shesakheb-sakonstitutsio-tsvlilebis-tsinadadebas-biurom-msvleloba-mistsa
[3]იხ: www.women.ge
[4]იხ: http://www.rainbow-europe.org/#0/8682/0
[5]იხ: http://www.ilga-europe.org/resources/news/latest-news/slovakia-must-reject-homophobic-proposal-redefine-marriage-constitution
[6] E/C.12/BGR/CO/4-5, para. 17; E/C.12/SVK/CO/2, para. 10
[7] A/HRC/29/23, para. 68
ინსტრუქცია