[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსაბუთებელია

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე შეისწავლა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ძმები წულუკიძეების, ძმები ჭელიძეებისა და მათი ნათესავების, ასევე ელდარ ანთაძის სისხლის სამართლის საქმე და წარმოადგენს მითითებული საქმის სამართლებრივ შეფასებას. მივიჩნევთ, რომ წარდგენილი ბრალდება აშკარად დაუსაბუთებელია, პროკურატურამ ვერ შეკრიბა ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებები საქმეზე და საპროცესო დარღვევები და ბრალდებული პირების რელიგიურ და საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები საქმეში სხვა, თვითნებური ინტერესის არსებობის შესახებ ეჭვებს ავლენს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცავებმა დააკავეს ძმები წულუკიძეები და მათი თანმხლები თორნიკე ჭელიძე,თამაზ ჭელიძე, გელა ჭელიძე, ირაკლი ჭელიძე და ელდარ ანთაძე. დაკავებული პირები მუსლიმები არიან და აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა რელიგიურ, პოლიტიკურ პროცესში. მათ არაერთხელ გამოუხატავთ წუხილი მათი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და შევიწროების თაობაზე წარსულშიც. მიმდინარე გამოძიება მათ ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური განმარტებით, ბრალდებულები 2021 წლის 12 აპრილს იმყოფებოდნენ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში და მონაწილეობას იღებდნენ სოფელ ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგურის "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში, რა დროსაც დაზარალებულების ა. ა. გ. ბ., დ. ჭ., -ს მიმართ დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დააზიანეს ერთ-ერთი მათგანის ავტომობილი. ამის საპირისპიროდ, ბრალდებულები აღნიშნავენ, რომ თავად დაზარალებულებმა წამოიწყეს კონფლიქტი მათი პროვოცირების მიზნით და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაპირისპირება დროის მცირე მონაკვეთში გრძელდებოდა და მას არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღდეგ მიმდინარე აქციების დროს აგენტ პროვოკატორების გამოყენებაზე ხშირად საუბრობენ თავად რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის ლიდერებიც. რელიგიური სარჩულით მოძრაობის დისკრედიტაციას ასევე აქტიურად ცდილობდა ხელისუფლებისა და კომპანიის მხარდამჭერი საინფორმაციო აქტორები და კამპანიები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების დეტალური ანალიზით დგინდება, რომ დაკავებული პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, პრობლემურია ბრალდებულების მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის კვალიფიკაციის საკითხი და საქმეზე ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები პროცესუალური სტანდარტების დაუცველადაა ჩატარებული, რის გამოც ჩნდება ეჭვი სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმის ბოროტად გამოყენების თაობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქვემოთ მიმოიხილავს საქმეში არსებულ სამართლებრივ დარღვევებს. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში იდენტიფიცირებული სამართლებრივი პრობლემების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქმის გამხილველ სასამართლოს წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae), სადაც განხილულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების დადგენის სტანდარტი, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების (სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმის) ბოროტად გამოყენების აკრძალვის მნიშვნელობა სისხლის სამართლის საქმეებში.

  1. ბრალდებულების ქმედებების სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიცირების პრობლემურობა

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ მომხდარის ირგვლივ დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული ქმედების სავარაუდო ჩადენის ფაქტზე, თუმცა, 14 აპრილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის დადგენილებით საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება გაგრძელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე, რასაც თან ახლდა სხვისი ნივთის დაზიანება.

ბრალდებულების ქმედებების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით საკმაოდ პრობლემურია, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ბრალდებულების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი მხრივ ადგილი აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რომელსაც თან შეიძლება ახლდეს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა და მეორე მხრივ კონკრეტული პირის მონაწილეობას ამ დასახელებულ ქმედებებში. შესაბამისად, იმისთვის, რომ კონკრეტული პირი მიეცეს პასუხისგებაში 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, ბრალდების მხარემ აუცილებლად უნდა დაადასტუროს, რომ არსებობდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტი, რაც გულისხმობს ორგანიზატორის, ორგანიზებული ქმედებების, როლების განაწილების, მითითებების მიცემის მტკიცებას და რომ კონკრეტული ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მოქმედებაში. ამასთან ერთად, დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს შეფასდეს კონკრეტულად რა ქმედება განახორციელა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე თითოეულმა პირმა და დადგინდეს ქმედების სუბიექტური შემადგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებში არ მოიპოვება კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა რომ ბრალდებულებმა, ან რომელიმე მათგანმა დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა, ან იყო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მონაწილე. საქმის გარემოებებით, მათ შორის დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირება იყო სპონტანური, მას არ ჰქონდა მასშტაბური ხასიათი და დროის მცირე მონაკვეთში ამოიწურა. ამასთან ერთად, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ნეიტრალურ პირთა გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ქმედებები არ ატარებდა ორგანიზებულ ხასიათს, ისინი სრულიად კონსტრუქციულად მონაწილეობდნენ აქციაში და კონფლიქტში დაზარალებულების ქმედებების პროპორციულად მონაწილეობდნენ. ნეიტრალური პირის ჩვენებით დგინდება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ორივე მხარე იყო ჩართული და პირადად მან გააგდებინა ხელიდან დიდი ქვა ერთ-ერთ დაზარალებულს, რომლის დარტყმასაც ერთ-ერთი ბრალდებულისთვის აპირებდა. საქმის მასალებით აგრეთვე დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თ. ჭელიძე საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული ვიდეო მასალით აგრეთვე არ დგინდება ბრალდებულების მხრიდან ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტი. საქმეში არსებულ ვიდეო მასალაში ასახულია რამდენიმეწამიანი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, საიდანაც იმის გარკვევაც კი შეუძლებელია ვინ და რა ფორმითაა ჩართული დაპირისპირებაში.

მთლიანობაში ისიც უნდა ითქვას, რომ გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სუსტია და ნეიტრალური და სანდრო მტკიცებულებები გამოძიებას რეალურად არ აქვს შეგროვებული. გამოძიება არც ბრალდებული პირების პასუხისმგებლობის და როლების დიფერენცირებას და მტკიცებას შეეცადა.

ამდენად, საქმეში 2021 წლის 20 ივნისის მდგომარეობით არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდებულების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელი ჩანს

  1. გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვა დარღვევები

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქმეზე ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაუცველად. კერძოდ, საქმის გარემოებებით დგინდება, რომ მიმდინარე საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი თავად დაუკავშირდა სსიპ ,,112“-ის ოპერატორს და მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ამავე დროს საქმის მასალებში ვხვდებით პოლიციის თანამშრომლის 13 აპრილის პატაკს, სადაც იგი უთითებს, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ. პოლიციის თანამშრომელი არ აღწერს ვინ მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია და საიდან ფლობდა პირი აღნიშნულს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ოპერატიული ინფორმაცია არ ექვემდებარება საპროკურორო ზედამხედველობას ან სასამართლო კონტროლს. შეუძლებელია ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის მოწმედა დაკითხვა და ინფორმაციის რეალურობის გადამოწმება, რის გამოც სასამართლო ფაქტობრივად დამოკიდებულია ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციის თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე, რომ ნამდვილად არსებობს ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირი და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რეალურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არა ნაკლებად დამაჯერებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თუმცა, მითითებულ საქმეში სწორედ მითითებული ოპერატიული ინფორმაციისა და საქმეზე დაზარალებულებად ცნობილი პირების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული იქნა ბრალდებულების დაკავების გადაწყვეტილება და შესაბამისი შუამდგომლობით მიემართა სასამართლოს. სხვა მტკიცებულება გამოძიებას იმ დროისთვის მოპოვებული არ ჰქონია. გამოძიების ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანო ფაქტობრივად არ დაინტერესდა ბრალდებულების პოზიციით და არ მოისმინა მათი განმარტებები მომხდარის შესახებ, მაშინ როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მომხდარი ინციდენტის შემდგომ ბრალდებულები მიიყვანეს პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მათ დააფიქსირეს რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიდნენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების მხარე არ დაინტერესდა ბრალდებულების მოსაზრებებით, დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულების მითითებებს, საქმეში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციას და მიიღო დაკავების გადაწყვეტილება.

ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის კუთხით აგრეთვე თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანოს ფაქტობრივად არ აქვს მოპოვებული შემთხვევის შემსწრე ნეიტრალური პირებისგან ინფორმაცია მოპოვებული. საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია რომ საგამოძიებო ორგანო შეეცადა დაზარალებულად ცნობილი პირების მიღმა სხვა ნეიტრალური მოწმეების იდენტიფიცირებას და მათგან ინფორმაციის მიღებას, რაც ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოძიების სტანდარტის დაცვისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს.

საქმეში არსებული დარღვევების კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანო არ უზრუნველყო ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების პროცესუალური მოთხოვნების დაცვით ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები რამდენიმე ბრალდებულის ნაწილში ვერ ასახელებდნენ მათ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, თუმცა უთითებდნენ ნიშან-თვისებებზე,რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების წინაპირობას, საგამოძიებო ორგანომ ამის ნაცვლად დაზარალებულად ცნობილ პირთან ერთად უბრალოდ დაათვალიერა ბრალდებულების რეზო და ფირუზ წულუკიძეების "ფეისბუქ გვერდი" და ამგვარად მიიღო ინფორმაცია საქმეში სხვა ბრალდებულების შესახებ, რის შემდგომაც საერთოდ არ უზრუნველყო ამოცნობის ჩატარება.

  1. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება სხვა მოტივებით

მითითებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების სტანდარტებისა და შინაარსის გათვალისწინებით შესაძლოა არსებობდეს ეჭვი ბრალდებულების მიმართ სხვა, თვითნებური მოტივებით სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების თაობაზე. აღნიშნულ მოტივებზე საქმის გარემოებების გათვალისწინებით რამდენიმე ფაქტორი შეიძლება მიუთითებდეს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულები, განსაკუთრებით ფირუზ და რეზო წულუკიძეები გამოირჩევიან პოლიტიკური აქტიურობით, ხშირად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქციაში და ითხოვენ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფას. სწორედ მათ აქტიურობას და რელიგიურ იდენტობა უსვამენ ხაზს დაზარალებულები გამოკითხვის ოქმებში. დაზარალებულების შეფასებით ბრალდებულებს სურთ ,,მეჩეთების აშენება გურიასა და აჭარაში“, ,,საქართველოს პატრიარქს და ქრისტიანულ რწმენას აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, რის გამოც მათ არ ჰქონდათ მორალური უფლება მონაწილეობა მიეღოთ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში. უნდა აღინიშნოს, რომ თავად პოლიციის თანამშრომლებიც დაზარალებულების მსგავსად ხაზს უსვამენ ბრალდებულების რელიგიას და დაკავების შემდგომ ბრალდებულებს აქტიურად ეკითხებიან მიაყენეს თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა საქართველოს პატრიარქს და სურთ თუ არა საქართველოში მეჩეთების აშენება. აღნიშნულ კითხვებს არ ქონდათ რაიმე კავშირი საქმესთან და მათი დასმით საგამოძიებო ორგანოებმა დაარღვიეს რელიგიური ნეიტრალობის ფუნდამენტური პრინციპი. აღნიშნული გარემოება და საქმეზე ზემოთ აღწერილი დარღვევები მთლიანობაში, რომელიც წარდგენილი ბრალდების დაუსაბუთებლობასა და მტკიცებულებების არასაკმარისობას ავლენს, დევნის თვითნებურობის შესახებ ეჭვებს ამყარებს და დევნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს აჩვენებს.

დასკვნა

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ბრალდებულების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაზე. შესაბამისად დაუსაბუთებელი ბრალდებისა, პროცესუალური დარღვევებით წარმოებული გამოძიების პირობებში ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო შესაძლოა განზრახ ბოროტად იყენებს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმს ბრალდებულების მიმართ.

აღნიშნულ საქმეზე სამართლიანი, დამოუკიდებელი და ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დაკავებული პირების ინდივიდუალური უფლებების დაცვისთვის, არამედ უსამართლო, რელიგიურად და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკის არ დაშვებისთვის, რომელსაც მძიმე გავლენები შეიძლება ქონდეს დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის და სხვადასხვა ჯგუფებში მათი თანასწორად აღქმის შექმნისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“