[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

მთავრობის გადაწყვეტილებები ნამახვანჰესზე დაუსაბუთებელი, ფრაგმენტული და ზედაპირულია

ფოტო: დათო სიმონია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებებს ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით. მთავრობის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება კვლავ არ არის მზად პროექტის ირგვლივ დემოკრატიული და რეალური დიალოგის წარმართვისთვის და მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებები უფრო მეტად პრობლემის მოჩვენებითად, ფრაგმენტულად და ზედაპირულად გადაჭრის მცდელობას წარმოადგენს.

ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების თაობაზე რიონის ხეობის მცველების პრინციპული და გადამწყვეტი მოთხოვნის შეუსრულებლობით, მთავრობამ რეალური, დემოკრატიული და სამართლიანი დიალოგის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან, რის გამოც, რიონის ხეობის მცველების მოძრაობას, რომლის გარშემო ათიათასობით ადამიანი ერთიანდება, პროტესტის ქუჩაში გაგრძელება უწევს. რიონის ხეობის მცველების განცხადებით, მთავრობის მიერ ხეობაში სამშენებლო სამუშაოების არშეჩერება მნიშვნელობას უკარგავს დიალოგს და იმთავითვე გამორიცხავს რეალური განხილვისა და შეთანხმების შესაძლებლობას, რადგან იქამდე, სანამ კომპანია უწყვეტად აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს ხეობაში, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება რეალურად არ განიხილავს ჰესის ამ ფორმით მშენებლობაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

ფრაგმენტული და სუსტად დასაბუთებულია ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სხვა წინადადებებიც და ისინი განხილვის წარმოსახვას უფრო ქმნიან, ვიდრე პრობლემის არსებითად გადაჭრის გზას სახავენ. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას არ გაუსაჯაროებია პროექტის ხარჯსარგებლიანობის, ფისკალური და სამართლებრივი ექსპერტიზის დოკუმენტები და პირველადი შესწავლით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არსებითად დაცლილი ჩანს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნისთვის გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მოტანის შესაძლებლობებისგან, ხელშეკრულების მხოლოდ ცალკეული ასპექტების შეფასება გადაწყვეტილების რეალური რევიზიის წინაპირობას ვერ ქმნის და ამგვარი შემოწმების პროცესების მიმართ ლეგიტიმურ უნდობლობას იწვევს.

სამწუხაროა ისიც, რომ ამ პროცესში სასამართლო ხელისუფლება უფლებებისა და საჯარო ინტერესის დაცვისთვის სათანადო როლს ვერ ასრულებს და მისი მხრიდან ამ დრომდე ჭიანურდება ნამახვანი ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საკითხზე მიმდინარე დავის განხილვის დაწყება.

სამწუხაროდ, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება რიონის ხეობის დასაცავად ორგანიზებული მასშტაბური მოძრაობის წუხილის, კრიტიკისა და ლეგიტიმური მოთხოვნების უგულებელყოფად უნდა ჩაითვალოს და ამ ნაბიჯით ხელისუფლება პროცესების პოლიტიკურ, რაციონალურ ჩარჩოში წარმართვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ უშვებს ხელიდან. იმ ფონზე, როცა ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა მოძრაობის ლიდერების დისკრედიტაციას ახდენს და რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ცდილობს პროტესტის დასუსტებას, დღეს მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და მისი წინადადებების მიმართ მოძრაობის წევრებისა და საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად ასუსტებს.

წარმოდგენილ განცხადებაში მთავრობის წინადადებების პრობლემურობას და დაუსაბუთებულობას გვინდა გავუსვათ ხაზი:

  1. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან “ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლის პირობის დაუსაბუთებლობა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ისედაც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი რისკები მის გაფორმებამდე უნდა შეფასებულიყო. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების პროექტი 2019 წელს შეაფასა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნაც მოამზადა. ამდენად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია იუსტიციის სამინისტროსთვის ხელშეკრულების ხელახალი შეფასების დავალება, მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს დასკვნა უკვე არსებობს.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით კიდევ ერთხელ იკვეთება დახურულობის და გაუმჭვირვალობის პრობლემა; საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნის ტექსტი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნული დასკვნის გაცემის თხოვნით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციას და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების ამოწურვის მიუხედავად, სამართლებრივი დასკვნა ჯერ კიდევ არც ერთი უწყებისგან არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების პროექტზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა.

  1. ხელშეკრულების საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესწავლის პირობის დაუსაბუთებლობა

რაც შეეხება მთავრობის მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ ინიციატივას საერთაშორისო იურიდიულ კომპანიის დაქირავების შესახებ, რომელიც ნამახვანი ჰესის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის, მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობები უნდა შეფასდეს არა ფრაგმენტულად, არამედ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის და ქვეყნის საჭიროებების ჭრილში; ხოლო ხელშეკრულების პირობებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია არსებითად ვერ შეაფასებს იმ ვითარებაში, როდესაც პროექტის საჭიროება, საჯარო სარგებლიანობა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა სახელმწიფოს მიერ დასაბუთებული არ არის. აღნიშნული დასაბუთების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პროექტის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, რომელიც სწორედ სახელმწიფოს მიერ გასაღებ ხარჯებს და პროექტით მისაღებ საჯარო სარგებელს უპირისპირებს ერთმანეთს და აფასებს, თუ რამდენად "ღირს" კონკრეტული პროექტის განხორციელება.

ნამახვანი ჰესის პროექტზე ხარჯსარგებლიანობის ანალიზის გამოქვეყნების არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, დოკუმენტი დღემდე არ გასაჯაროებულა. მეტიც, მინისტრის საჯარო განცხადებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კანონმდებლობით მოთხოვნილი პროექტის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი საერთოდ არ არსებობს.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა შეეფასებინა ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებული ფისკალური რისკები, თუმცა, დიდი ალბათობით, არც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დასკვნა არსებობს, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი ფუნდამენტური დარღვევაა.

შესაბამისად, როდესაც სახელმწიფოს თავად არ აქვს დათვლილი პროექტით მისაღები სარგებელი, მასთან დაკავშირებული ფისკალური რისკები და, რაც მთავარია, არ გააჩნია ელექტროენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია, ხელშეკრულების კონტექსტის გარეშე შეფასება ყოველგვარ აზრს მოკლებულად მიგვაჩნია.

მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე ითქვა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფისკალური და სამართლებრივი რისკების შეფასება სახელმწიფო უწყებების, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა, ხოლო მათი შეფასებები საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, ბუნდოვანი ფორმატების ინიცირების ნაცვლად, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ისეთი არსებითი ხასიათის დოკუმენტები, როგორიცაა იუსტიციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს დასკვნები და პროექტის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი.

  1. კაშხლის მშენებლობის პროცესზე მორატორიუმის გამოცხადების პირობის დაუსაბუთებლობა

ნამახვანი ჰესის კაშხლის მშენებლობაზე „მორატორიუმის“ გამოცხადებასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ მშენებლობის ნებართვის თანახმად, კომპანია „ენკას“ ჰესის კაშხლის მშენებლობის უფლება არ აქვს შესაბამისი სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის და ექსპერტული დასკვნების წარდგენამდე. შესაბამისად, მორატორიუმის შესახებ განცხადებებით ხელისუფლება კომპრომისის ყალბი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს, მაშინ, როდესაც კაშხლის მშენებლობის ნებართვის არქონის პირობებში „მშენებლობის შეჩერება“ დათმობად ვერ ჩაითვლება.

  1. მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების დაშვების შესახებ წინადადებების დაუსაბუთებლობა

ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მთავრობის განცხადება, რომ თითქოს კომპანია მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს; კომპანიის მიერ ადგილზე წარმოებული სამუშაოების მასშტაბის გათვალისწინებით, აღნიშნული საქმიანობა დიდი ხანია გაცდა მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებს, რაც ერთ შემთხვევაში, თავად ეკონომიკის სამინისტრომაც დაადასტურა; ოფიციალური ინფორმაციით კომპანიას დაწყებული ჰქონდა სადერივაციო გვირაბის მშენებლობა (მათ შორის, ძირითადი სამშენებლო სამუშაოების და არა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება), ხოლო მიმდინარე წლის იანვარში კომპანია „ენკა“ სანებართვო პირობების უხეში დარღვევით აწარმოებდა უშუალოდ კაშხლის უკანონო მშენებლობას, რის გამოც ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დააჯარიმა კიდეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მთავრობის მიერ დღეს გაჟღერებული ცალმხრივი გადაწყვეტილებები არ პასუხობს პროექტის ირგვლივ არსებულ გამოწვევებსა და მასშტაბური სახალხო პროტესტის მოთხოვნებს. ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • პროექტის არსებითი განხილვის და რეალური დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, კონსენსუსის მიღწევამდე ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ;
  • გაასაჯაროოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია: პროექტის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების დასკვნები;
  • შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზები და მომდევნო ნაბიჯები, მათ შორის, დღეს გაჟღერებული ინიციატივები განიხილოს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებასთან დიალოგის ფორმატში, მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შემდეგ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“