არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, და გარემოს დაცვა) შესრულების მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს, მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ 2018 წლის 15 ნოემბრის ანგარიშს.
წარმოდგენილი ანგარიში კრიტიკულად ასახავს იმ რეალობას რაც საქართველოში დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებობს. მნიშნველოვანია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი გამოწვევები რეალურად იქნას აღქმული და საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გაითვალისწინოს სამომავლო რეფორმების დაგეგმის პროცესში.
კოალიაცია დადებითად აფასებს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით ანგარიშში ასახულ პოზიტიურ შედეგებს. ანგარიშში ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ შრომის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რატიფიცირება გაუკეთა ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“. ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება.
არსებული მიღწევების ფონზე აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვალი არ დახუჭოს იმ პრობლემებზე, რომლებზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული. კერძოდ:
- იზიარებს რა, ვენეციის კომისიის შეფასებას ევროპის პარლამენტი წუხილს გამოთქვას პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადადების გამო[1];
- ევროპის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მიესალმება საქართველოს მიერ ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნას და აკვირდება საქართველოსა და რუსეთს შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმდინარე დავას, რომელიც რუსეთის მხარის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს უკავშირდება[2];
- ევროპის პარლამენტი ხაზს უსვამს ქვეყანაში მაღალი დონის ელიტური კორუფციის არსებობას და ხელისუფლებას ასეთ შემთხვევებზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს[3]; ამასთან იმეორებს პოლიტიკისა და ეკონომიკური ინტერესების ეფექტური გამიჯვნის აუცილებლობას.
- ევროპის პარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვას თურქეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსა და თურქულ სასწავლო დაწესებულებებზე განხორციელებული ზეწოლის გამო. ამასთან მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით შეისწავლოს შესაბამისი საქმეები და უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების პროცესი და მასთან დაკავშირებული მოქმედებები შესაბამისობაშია ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებთან[4];
- პრობლემებია პროკურორთა საბჭოს პოლიტიკური მიუკერძოებლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით[5];
- საჭიროა მოსამართლეების შერჩევის, დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა;
- ევროპის პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრულველყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება[6];
- ევროპის პარლამენტის ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისში უკანონო დაკავებას და მის აზერბაიჯანში გატაცების გამოძიების საქმეში პროგრესის არ არსებობას უკავშირდება. ევროპარლამენტის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული შემთხვევა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მუშაობაში არსებულ პრობლემებსა და მათ საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევაზე მიუთითებს[7].
- ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილს საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე[8] და ამასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო ფაქტების გამოძიების პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე, დაეფუძნოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ებრძოლოს სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას, დაიცვას უმცირესობების უფლებები და შრომის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით უზრუნველყოს მათი შრომის ბაზარზე ინტეგრირება;[9]
- ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მომდევნო ნაბიჯები გადადგას ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის ძალადობის, სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროვებისა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით[10]; ამასთან, ევროპის პარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიღებას და ხელისუფლების მოუწოდებს მისი აღსრულების მიზნით უზრუნველყოს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება.
- ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაზარდოს ბავშვების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; ასევე ყურადღება მიაქციოს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით რელიგიური გაერთიანებების ქვეშ მოქმედ საბავშვო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას[11].
- ევროპის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაზარდოს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოქმედების არეალი, რათა მან დაფაროს დასაქმების ყველა სფერო გამონაკლისების გარეშე[12].
- ამასთან ევროპის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაზარდოს გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვების სფეროში და შეამციროს პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებები[13].
- ევროპის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია[14] და ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო პროექტები შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გარემოზე ზეგავლენის შეფასების მომზადებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს[15].
არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია სრულად იზიარებს ევროპის პარლამენტში წარმოდგენილ შეფესებებს და მოუწოდებს:
- საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უფრო აქტიურად ჩაერთონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში;
- ხელისუფლებამ ამ წლის ბოლომდე წარმოადგინოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების 2019 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული აქტივობები მომავალი წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროპის პარლამენტის მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის;
- საქართველოს პარლამენტმა უფრო ეფექტურად განახორციელოს კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, სოციალური, შრომის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებებით ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა.
სქოლიო და ბიბლიოგრაფია
[1] 14-ე პუნქტი
[2] 19-ე პუნქტი
[3] 22-ე პუნქტი
[4] 24-ე პუნქტი
[5] 25-ე პუნქტი
[6] 27-ე პუნქტი
[7] 32-ე პუნქტი
[8] 33-ე პუნქტი
[9] 35-ე პუნქტი
[10] 36-ე პუნქტი
[11] 37-ე პუნქტი
[12] 39-ე პუნქტი
[13] 42-ე პუნქტი
[14] 46-ე პუნქტი
[15] 49-ე პუნქტი