[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / განცხადება

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების მასშტაბური აქტი თვითნებობის ნიშნებს ატარებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს 613 მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტს და მიიჩნევს, რომ დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო-პარტიული ინტერესებით გამოიყენა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წელს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხელ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, ან წინასწარი კომისიის მიერ ხდებოდეს კანდიდატების საქმეების განხილვა/შეფასება. მიუხედავად ამისა, თავად შეწყალების აქტი უნდა პასუხობდეს პოლიტიკის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ბაზისურ პრინციპებს და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა სამუშაო პროცესით, ვისი ჩართულობით მოხდა შესაწყალებელი პირების საქმეების განხილვა. რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებული. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არაა ხელმისაწვდომი. ასევე უცნობია, რა მოცულობის მასალა დამუშავდა, დადებითი პასუხის პარალელურად, რამდენ მსჯავრდებულს ეთქვა უარი შეწყალებაზე და რა იყო ამ მექანიზმის ასეთი სიჭარბით გამოყენების თუნდაც ზოგადი არგუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა და პრაქტიკა დისპროპორციულ სასჯელზე და რეპრესიაზეა ორიენტირებული. საქართველო ამ დრომდე არის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი მოწინავე პატიმრების და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების რაოდენობით. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი წლებია მხარს უჭერს სისხლის სამართლის ჰუმანურ პოლიტიკას და ამ მიმართულებით სისტემურ რეფორმებს. სამწუხაროდ, ნაცვლად რეალური ცვლილებებისა და სამართლიანი, დაბალანსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის განვითარებისა, ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს არსებული სადამსჯელო პოლიტიკის თვითნებურად გამოყენებას. ჰუმანური სამართლებრივი მექანიზმების თვითნებურად გამოყენება კი საფრთხეს უქმნის როგორც ზოგადად მთლიანად საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტული დანაშაულის მსხვერპლების დაცულობის და სამართლიანობის განცდას. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგებზე მანიპულირების მიზნითაც, სხვადასხვა უკანონო ხერხებთან ერთად, ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სამართლებრივ ინსტრუმენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებაც ამ გზის გაგრძელებაა და აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდებულის შეწყალება არათუ ერთჯერადად, სრული წლის განმავლობაშიც კი ბოლო წლებში არ მომხდარა. გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა 857 პირის შეწყალების თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც წინ უძღოდა სახელისუფლებო ცვლილებები და წინა ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის სისტემური რევიზიის პოლიტიკური განაცხადი. ამ შემთხვევაში კი არათუ პოლიტიკის სისტემური გადახედვაზე, ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი შეფასება, ან ინიციატივა, თუ სად ხედავს მიხეილ ყაველაშვილი პრობლემას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში და რით არის განპირობებული მის მიერ შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების ასეთი მასშტაბით გამოყენება. მეტიც, მიხელ ყაველაშვილს 8 წლიანი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში ერთი საკანონმდებლო ინიციატივაც არ გაუჟღერებია აღნიშნულ საკითხებზე.

საგულისხმოა ისიც, რომ 613 მსჯავრდებულის შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილმა მხოლოდ ამ რაოდენობის საქმე განიხილა. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მან ყველა შესული განცხადება დადებითად დააკმაყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით.

გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“