[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში ადამიანების ექსტრადიციის ტენდენცია ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და პოლიტიკურად მიუღებელი პრაქტიკაა

2017-2020 წლებში ცნობილი გახდა არაერთი საქმის შესახებ, რომელიც საქართველოში მყოფი რუსეთის ფედერაციის, თურქეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქმის დაუსაბუთებელ, უკანონო პრაქტიკას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსტრადირების მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეეხებოდა, მაშინ როდესაც შესაბამისი პირები, საკუთარ ქვეყნებში დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების მაღალ რისკზე უთითებდნენ.

მაგალითისთვის აღსანიშნავია  რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევის,[1] რამზან ახიადოვის[2] საქმეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე, რა დროსაც ფეტულაჰ გიულენის მიმდევარი მ. ჩაბუქის[3] თურქეთში ექსტრადიცია მხოლოდ ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდგომ შეჩერდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2018 წელს შეისწავლა[4] საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და დევნას დაქვემდებარებული არაერთი აქტივისტის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის საქმე  და მიუთითა მათ მიმართ საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის პროცესში გამოვლენილი უკანონო პრაქტიკის შესახებ. თითოეული საქმის ანალიზი აჩვენებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობას და აჩენდა ეჭვს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არაფორმალური უკანონო თანამშრომლობის თაობაზე.

აღნიშნულის მსგავსად, საქართველოში მყოფი პირების თურქეთში და რუსეთში ექსტრადიციის ჩვენს მიერ შესწავლილი შემთხვევებშიც იკვეთება პოლიტიკური ლოიალობისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის რისკების არასათანადო შეფასების ტენდენციები. კერძოდ, ექსტრადიციის საქმეებთან დაკავშირებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მიერ  მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადირების მოთხოვნა უმეტესად კმაყოფილდება იმგვარად, რომ პროცესში არ არის გათვალისწინებული მითითებულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების, მით უფრო საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის პრაქტიკა.  მაშინაც კი როდესაც აღნიშნულზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უთითებს, სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო უფლების დარღვევის რისკებს შესაბამისი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიების გაცემით აბათილებს და არ ითვალისწინებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს კონკრეტულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ამასთან, გამოიკვეთა ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სიხშირე და საქმის გარემოებებთან შეუსაბამობა.

სამწუხაროდ, ჩვენი არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ გაუზიარებია მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია ექსტრადიციის საქმეებთან დაკავშირებით. მათ შორის, უწყება არ გვიზიარებს ინფორმაციას, უკვე ექსტრადირებული პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის პროცესისა და მისი შედეგების შესახებ.  იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 3 ოქტომბერს გაგვიზიარა ინფორმაცია, რომ 2013-2019 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მთლიანობაში 23 ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნა იყო წარდგენილი და მათგან 14 შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ანუ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობების ნახევარზე მეტი საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა, რაც ძალიან მაღალი მონაცემია. აღნიშნული პროცესის დახურულობა საზოგადოებაში დამატებით კითხვებს აჩენს პოლიტიკური ლოიალობისა და სუსტი ანგარიშვალდებულების შესახებ.

მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას ამ ქვეყნებში პირების ექსტრადიცია და ამ კუთხით ბოლო წლებში შექმნილი ლოიალური პოლიტიკა ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების და დემოკრატიული პრინციპების განუხრელი პატივისცემის ქვეშ მოაქციოს.

შექმნილ მანკიერ და არაჰუმანურ პრაქტიკას ადამიანის უფლებების მიღმა აქვს პოლიტიკური განზომილება და ის აზიანებს რეგიონში საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს აღქმას არა მხოლოდ დისიდენტებსა და იმ პირებს შორის, ვისაც მათ ქვეყნებში დევნის გამოცდილება აქვთ, არამედ გლობალურადაც.

რუსეთში, რომელიც საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ განგრძობადად არღვევს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა მოთხოვნებს, ასევე, ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებების მასობრივ  და სისტემურ დარღვევებზე არა ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტი უთითებს, ადამიანების ექსტრადიციისთვის გაწირვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ დეკლარირებულ პოლიტიკურ იდეალებთან და ამ საკითხზე შექმნილ საზოგადოებრივ კონსენსუსთან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იაროსლავ სუმბაევის საქმე, იხ: https://tabula.ge/ge/topic/128589

[2] რამზან ახიადოვის საქმე, იხ: https://reginfo.ge/politics/item/16808-saqartvelom-etnikurad-checheni-ramzan-axiadovi-rusets-gadasza

[3] მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე, იხ: https://www.radiotavisupleba.ge/a/chabuki-tavisufalia/29048106.html

[4] აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და აქტივისტების საქმეების მიმოხილვა, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/azerbaijaneli-zhurnalistebis-da-aktivistebis-sakmeebis-mimokhilva

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“