საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 2025 წლის 9 ივნისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი მეუღლის, ასევე პოლიტიკური ფიგურის, ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, კოტე იოსელიანის გატაცებისა და მისგან სასურველი შინაარსის ვიდეოს ჩაწერის იძულების შესახებ.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, კოტე იოსელიანს, ღამის საათებში, ვაკეში, მათ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და თავს დაესხა 5 ნიღბიანი ადამიანი, რომელთაც ის ფიზიკური ძალის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაში ჩასვეს და თვალებახვეულ და ხელებშეკრულ მდგომარეობაში, დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. პოლიტიკოსი, გადაადგილების ტრაექტორიისა და მანძილის გათვალისწინებით, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა იოსელიანი მიეყვანათ ე.წ. “მოდულის შენობაში”. ბოკუჩავას განცხადებით, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ხორციელდებოდა ზემოქმედება, ხოლო ზეწოლის იარაღად, შვილების უსაფრთხოება, მათ შორის, მათი ყოველდღიური ადგილსამყოფელი და ტრანსპორტირების მარშრუტები იყო გამოყენებული. მისი თქმით, კოტე იოსელიანს სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით, იძულებით ჩააწერინეს 2025 წლის 8 ივნისს, დილის საათებში, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული ვიდეო . პოლიტიკოსი მის მეუღლეზე თავდასხმას, თავის პოლიტიკურ ცხოვრებას უკავშირებს და მასზე ზეწოლის მცდელობად მიიჩნევს.
თინათინ ბოკუჩავას მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, იკვეთება როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ასევე იძულების და შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. არსებითია, საგამოძიებო ორგანოებმა უმოკლეს ვადებში ამოიღონ იოსელიანის საცხოვრებელი ბინის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, ასევე, გამოკითხონ კოტე იოსელიანი და არსებობის შემთხვევაში, თვითმხილველი პირები. გამოძიების ფარგლებში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა ტერიტორიიდან განხორციელდა ხსენებული ვიდეოს ატვირთვა, იყო თუ ამ დროს იოსელიანი საკუთარ ბინაში და ჰქონდა თუ არა ნების გამოხატვის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის, პოლიტიკური ფიგურების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, შესაბამისი სამართლებრივი გარანტიებით იცავს. თვითნებური დაკავების აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის გარანტია, დაცულია როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (მუხლი 9), ისე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (მუხლი 9 და 14) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით (მუხლი 5). მითითებული კონვენციებით უზრუნველყოფილი უფლებადაცვითი სტანდარტები, მათ შორის ვრცელდება ე.წ. “ინკომუნიკადო დაკავებაზე” (Incommunicado Detention). დაკავების ეს ფორმა მოიცავს პირის ისეთ დაკავებას, როდესაც დაკავებულ პირს არ აქვს კონტაქტი გარესამყაროსთან, ვერ უკავშირდება ოჯახის წევრებს ან ახლობლებს ან დამოუკიდებელ უფლებადაცვით ინსტიტუტს და როდესაც პირის დაკავებასთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური ჩანაწერები არ არსებობს.
კოტე იოსელიანის 8-საათიანი დაკავება შესაძლოა მიჩნეულ იყოს “ინკომუნიკადო დაკავებად”, თუ დადგინდება, რომ ის ოფიციალური ჩანაწერების გარეშე, სახელმწიფოსთან დაკავშირებულ პირებს ჰყავდათ დაკავებული და არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახთან კონტაქტის დამყარების საშუალება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოკლევადიან შეზღუდვასაც კი შესაძლოა, მოჰყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევა, უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის ჭრილში. საქმეში Ilhan v. Turkey, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოკლევადიანი არარეგისტრირებული დაკავება, რომელსაც თან სდევდა სამართლებრივი გარანტიების არარსებობა, არღვევდა ადამიანის უფლებათა კონვენციას, კერძოდ, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. იგივე გაიმეორა სასამართლომ საქმეში Gäfgen v. Germany, სადაც აღნიშნა, რომ მოკლევადიანი დაკავებები, სათანადო სამართლებრივი გარანტიების გარეშე, წარმოშობს კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ზემოაღნიშნული საქმეები მოწმობს, რომ დაკავებისას გადაწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა დაკავების ხანგრძლივობას, არამედ გარემოებათა ერთობლიობას, მათ შორის, დაკავების საიდუმლო ხასიათს, სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არარსებობას და გარესამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვას.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის ოჯახის წევრის სავარაუდო გატაცება და მისგან ვიდეო-ჩანაწერის, სავარაუდოდ, იძულებით მოპოვება უკიდურესად შემაშფოთებელი პრაქტიკაა და უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. გარდა ამისა, ამგვარ ქმედებას შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზე.
ინსტრუქცია