[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს

cms-image-000045857

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კოალიციის შეფასებით, აღნიშნულმა გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები, რაც ამ მიმართულებით არსებობს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში. ამასთან, კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა ორი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე, ჩაატარა კონკურსი.

კოალიცია განსაკუთრებით უარყოფითად აფასებს გასაუბრებების დროს გამოვლენილ შემდეგ პრობლემებს:

  • კანდიდატების უმრავლესობის ცოდნა და მგრძნობელობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი;
  • გასაუბრებების შინაარსი და ფორმატი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს კანდიდატების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება წარმოადგენდა;
  • არასტრუქტურირებული გასაუბრებები, განსხვავებული მნიშვნელობის კითხვების დასმა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა;
  • რიგ შემთხვევებში დასმული იყო მიმთითებელი ხასიათის, ამასთანავე, არაეთიკური კითხვები;
  • პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება;
  • მართალია ამ კონკრეტული გასაუბრების დროს მოხდა ინტერესთა კონფლიქტის აცილება საბჭოს კონკრეტული წევრების მიერ ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებების ხარჯზე, თუმცა ეს საკითხი კვლავ საჭიროებს სისტემურ გადაწყვეტას საკანონმდებლო დონეზე.
  • საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის დაუსაბუთებელი დაყოვნება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესის უგულებელყოფა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაჩქარებულად წარმართვა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად და დამსახურების პრინციპის დაცვით, პროფესიონალი მოსამართლეების შერჩევას, უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“