[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

კარტოგრაფების საქმე - პოლიტიკურად მოტივირებული ახალი გამოძიება

7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.

გამოძიება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა გარკვეული დოკუმენტაციის იგნორირება და მათი გვერდის ავლით საზღვრის გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულები კომისიის საქმიანობისას არ დაეყრდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას, რის გამოც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე დადგა.

ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი განმარტებით 1937-1938 წლებში 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ იგი იყო ხარვეზიანი. კერძოდ, რუკის ერთი და იმავე ელემენტების (რკინიგზა, ხიდი, კვეთა, მდინარე, ხრამი, და ა.შ.) სხვა რუკებთან შედარებისას, ცდომილება დაახლოებით 240-300 მეტრი იყო. ამ ხარვეზის გამო, რუკის გამოყენება კომისიის საქმიანობისათვის გამოუსედეგარი იყო და იგი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოუყენებიათ. მისი განმარტებით, „განსხვავებულად მოაზროვნე პირებმა“ ჩათვალეს, რომ ამ რუკის გამოყენების გზით საქართველო უფრო მეტ ტერიტორიას მიიღებდა, თუმცა მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტი, რომ რუკა ხარვეზიანი იყო და მისი გამოყენება ვერ მოხდებოდა.

პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივი გამოძიებისათვის დაუდგენელი იყო. მანვე განაცხადა, რომ გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვერსიაზეც მუშაობს. პროკურორმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბრალდებულების დაკავება საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება და დაჩქარებული წესით წარმოებული გამოძიება საქმის პრიორიტეტულობის გამო მოხდა. თუმცა საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომა, დაკავების მეორე დღესვე ჩაინიშნა, რითაც ფაქტობრივად შეილახა დაცვის მხარის უფლება სრულყოფილად გაცნობოდა საქმის მასალებს. აღსანიშნავია, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია და იგი 7 ტომისგან შედეგად.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. გამოძიების დაწყების დრო: გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია მიმართული იყოს ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებს შორის იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. ამ საქმეებზე პოლიტიკოსებისა და ოფიციალური უწყებების საჯარო განცხადებები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი არა საქმის გამოძიება, არამედ ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მიყენება იყო.
  2. მმართველი პარტიის გამოხმაურება: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები. სამწუხაროდ აღნიშნული განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი.
  3. შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში: პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება. იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული. ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში.

გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა. მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. “პატრიოტთა ალიანსის” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა, „დოსიე“ მიუთითებდა, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არც კი დაიწყო.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება;
  • შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი;
  • უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა;
  • საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირერა გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე;
  • საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საზოგადოება და ბანკები
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“