[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

სასწორზე საქართველოს მომავალი ძევს - სტივენ ჯონსი

ინტერვიუერი: ნარგიზა არჯევანიძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიკოსთან და პოლიტიკის მკვლევართან − სტივენ ჯონსთან. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური საზოგადოებების მკვლევარია და ათწლეულებია, საქართველოს, რუსეთის და ზოგადად სამხრეთ კავკასიის თემატიკას სწავლობს. პროფესორი ჯონსი 2021 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას ხელმძღვანელობს. იგი ავტორია წიგნებისა: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“, „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ და რედაქტორია წიგნების: „საქართველო: ავტოკრატიიდან დემოკრატიამდე“, „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში“, „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები“.

ეს ინტერვიუ ჩავწერეთ ჩვენ მიერ ორგანიზებული საუბრების ციკლის ფარგლებში − „პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და გამოსავლის გზები“, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ვესაუბრებით იმ უცხოელ მკვლევრებს, რომლებიც სიღრმისეულად სწავლობენ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კონტექსტს. კითხვები უკავშირდება, ერთი მხრივ, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე დაძაბულობებს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეტაპობრივ შემობრუნებასა და ხელისუფლების დასავლეთთან ღია დაპირისპირების რისკებსა და საფრთხეებს, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი სოციალური პროტესტების ავანგარდში მყოფ ახალგაზრდებს, მათი გააქტიურების მიზეზებსა და მნიშვნელობას. ინტერვიუების დროს ჩვენი კითხვები ასევე მოიაზრებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიებას და ამ საკითხებზე მკვლევრებისა და ექსპერტების მოსაზრებების შეკრებას.

როგორ ფიქრობთ, რა გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა მიმდინარე კრიზისი საქართველოში და ოგორი შეიძლება იყოს ამ კრიზისის გეოპოლიტიკური შედეგები?

საქართველოში ყოველთვის რთული გეოპოლიტიკურ ვითარება იყო, ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა და ორ იმპერიას შორის მდებარეობს. ის გამოწვევები, რომლის წინაშეცაა ამჟამად ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველო ყოველთვის იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა მისი მდებარეობის გამო − ცენტრალურ აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და ევროპას, ან რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. სავაჭრო გზები/მარშრუტები და ჯარები, რომლებიც საქართველოს გზას გაივლიდნენ, უმნიშვნელოვანესია როგორც მისი ისტორიისთვის, ასევე მრავალეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მხრივაც.

რუსეთი ყოველთვის არ ყოფილა დომინანტური რეგიონული ძალა სამხრეთ კავკასიაში. სინამდვილეში, ის ბოლო და უახლესი იმპერიაა − რუსული თუ საბჭოთა ფორმით, რომელსაც ინტერესი ჰქონდა საქართველოში. უფრო ადრე იყვნენ რომაელები, არაბები, საფავიდები, ბიზანტიელები, ოსმალები და სხვები. ისტორიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთის ნაწილი უფრო დიდ ხანს იყო, ვიდრე რუსეთის სფეროსი. რუსეთიც, ისევე როგორც დანარჩენი იმპერიები, კარგავს კონტროლს სამხრეთ კავკასიაზე. 1840-50-იან წლებისა (რუსეთის შამილთან და მიურიდებთან დაპირისპირების დროს) და 1918-21 წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ, რუსეთი კავკასიაში ისეთი სუსტი, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა. თურქეთი ამჟამად რეგიონში წამყვანი ძალაა, სომხეთი ცვლის კურსს ევროკავშირისკენ, ხოლო ჩინეთი თავის ეკონომიკურ ძალაუფლებას ზრდის და შუა დერეფანს აშენებს კახეთისა და იმერეთის გასწვრივ. ის, რაც დღეს სამხრეთ კავკასიაში ხდება, მხოლოდ რუსეთის საკითხი აღარ არის.

პუტინის მდგომარეობა არ არის სახარბიელო − ის ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში (დასავლეთი თუ უკან არ დაიხევს), რუსეთის ეკონომიკა გლობალურად სუსტდება და ქვეყანას ტოვებენ ყველაზე გონიერი რუსები. ჩინეთი ახლა რუსეთის მთავარი პარტნიორია, ნატოს კი ორი ახალი წევრი ჰყავს. უკრაინის წინააღმდეგ ომმა შეცვალა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა. რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად გაქრა, ხოლო გეგმები ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების შესახებ, წარმოსახვის ნაყოფი უფროა. რუსეთს ჯერ კიდევ ძლიერი ბერკეტები აქვს სამხრეთ კავკასიაში (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი), მაგრამ რეგიონი იწყებს ორსაუკუნოვანი იმპერიული კონტროლისგან გათავისუფლებას. მთიანი ყარაბაღის ომი დასრულების პირასაა, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე შედგება და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები გაიზრდება. სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის არარსებობა ყოველთვის ტოვებდა შესაძლებლობას გარე ჩარევისთვის. ეს გამოვლინდა 1918-21 წლებში, როდესაც საბჭოთა რუსეთმა სათითაოდ აირჩია დამოუკიდებელი აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. მაგრამ დღეს, ამ სამ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ეკონომიკური სტიმული სულ უფრო ძლიერია იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ანტიდასავლური ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის შეფერხებას ცდილობს.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკას არ ეხება. ეს ასევე ეხება ქართველების მრავალწლიან მისწრაფებას მე-19 საუკუნის შუა წლებიდან, ევროპის ნაწილი გამხდარიყვნენ. თავდაპირველად, რუსეთი ასრულებდა ამ როლს, როგორც „ევროპული“ ძალა, საქართველოს სამხრეთით მუსლიმ მეზობლებთან შედარებით რუსული ენა, ჩვევები და დიდი ძალაუფლების სტატუსი − ამ ყველაფერმა მძლავრი გავლენა იქონია მე-19 და მე-20 საუკუნეებში საქართველოს კულტურულ განვითარებაზე. მაგრამ ეს გავლენა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაქრა და მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. ამჟამად რუსეთი ისეთი ანტიდასავლური ძალების მოკავშირეა, როგორიცაა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. რუსეთის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკამ, ქართველებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას აჩვენა, რომ ეს არის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე კულტურული და ცივილიზაციური არჩევანი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მოიპოვა გლობალური აღიარება მისი რბილი ძალის მეშვეობით (სპორტი, მუსიკა, სამზარეულო), ის მაინც რჩება პატარა სახელმწიფოდ, რომელიც, მის კონტროლის მიღმა არსებულ გლობალურ ძალებს უნდა მოერგოს. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არსებითად უკან მოიტოვა ის რესურსები, რომელიც მას, როგორც პატარა სახელმწიფოს, საერთაშორისო საზოგადოებაზე გავლენის განსახორციელებლად გააჩნდა. მან დაასრულა ქვეყნის ხელსაყრელი ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც საქართველოს, დასავლეთის სახელმწიფოებთან საერთაშორისო შეხვედრებსა და ფორუმებზე სანდოობას ანიჭებდა.

გარდა ამისა, მან დაკარგა მოკავშირეები, რომლებმაც 2008 წელს გადამწყვეტი დახმარება გაუწიეს საქართველოს, და რომლებიც მას ხელს უწყობდნენ საფრთხის დროს კოლექტიური მხარდაჭერის მოპოვებაში. აქ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პოლონეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. საქართველოს ხმა ახლა უფრო ხმადაბლა ისმის საზღვარგარეთ და ის, რაც მოხდება უკრაინაში ან ნოემბრის არჩევნებში აშშ-ში, მის მომავალზე დრამატულად აისახება. შემდგომი ევროპული ინტეგრაციის გარეშე საქართველო ბევრად უფრო დაუცველი აღმოჩნდება რუსეთის მანიპულაციების წინაშე.

და მაინც, როგორ შეიძლება ავხსნათ ეს გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელიც, ბოლო წლის/თვეების მანძილზე, განსაკუთრებით, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ დაჩქარებული გზით მიმდინარეობს?

დიახ, ეს საინტერესო ფენომენია. ევროინტეგრაციის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საკონსტიტუციო ცვლილება (მუხლი 78) „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო. „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ, იმ პოლიტიკური კოალიციის ევოლუციაზე მეტყველებს, რომელიც 2012 წელს ნამდვილად ცდილობდა ევროპასთან დაახლოებას. მას შემდეგ, რაც მან ჩამოიშორა თავისი მოკავშირეები, როგორიც არიან, მაგალითად, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები, „ქართული ოცნება“ უდავოდ მარჯვნივ გადაიხარა. ქართულ ოცნებას ეს ახალი კონსერვატიული იდეოლოგია აერთიანებს, რომ არა ეს იდეოლოგია, პარტიის ამჟამინდელო წევრების ბიოგრაფიების გათვალისწინებით, ის აუცილებლად დაიშლებოდა. „ქართული ოცნება“ ეძებს ევროპულ მოკავშირეს, თუმცა ძალზე სპეციფიკურს. მისი ხედვა შეესაბამება ხედვას არალიბერალური ევროპის შესახებ. „ქართული ოცნება“ მემარჯვენე პოპულიზმის ძველ ევროპულ ტრადიციას მიემხრო და შეუერთდა ისეთ ევროპულ ლიდერებს, როგორებიც არიან ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო, მარინ ლე პენი და ჯორჯია მელონი. ისინიც ევროპას წარმოადგენენ, მაგრამ ეს დახურული, არატოლერანტული ევროპაა, რომელიც დასავლურ ქრისტიანობაში თვითგამოცხადებული ცივილიზაციური უპირატესობის შენარჩუნებას ეფუძნება. ევროპის ისტორია, როდესაც საქმე უმცირესობების ან აუტსაიდერების შემწყნარებლობას ეხება, არ არის სახარბიელო. გვეგონა, რომ თავი დავაღწიეთ ევროპის ადრინდელ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ვერსიას. ვფიქრობდით ევროპული საზოგადოება, რომელიც შემდგომში ევროკავშირად ჩამოყალიბდა, თანამშრომლობის, ტოლერანტობის, კონსენსუსის, ღიაობის, მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებას წარმოადგენდა. ევროკავშირს ჰქონდა თანამედროვე დემოკრატიის ყველა მახასიათებელი − გამოხატვის თავისუფლება, პარტიული პლურალიზმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო თანასწორობა.

„ქართული ოცნება“ იდეოლოგიურად ასეთი ტიპის ევროპას ეწინააღმდეგება. ევროკავშირის ლიბერალიზმი საშიშია ქართული ოცნებისთვის. ის ეჭვქვეშ აყენებს მისი მმართველობის გაუმჭვირვალე და საიდუმლო სისტემას, ხოლო ოქტომბრის არჩევნები საჯარო და საერთაშორისო დაკვირვების საგანი გახდება. ევროკავშირის ნორმები კონტრძალაუფლების ფორმების მდგრადობას უზრუნველყოფს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი პრესა, ავტონომიური უნივერსიტეტები, თვითმმართველი ქალაქები თუ პროფკავშირები. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები კონტრძალაუფლების არასანდო წყაროა. ისინი დაქსაქსულნი არიან, ხოლო პრეზიდენტი, მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის მიუხედავად, პოლიტიკურად ძალიან სუსტია; ამრიგად, ვის შეუძლია დაუპირისპირდეს ამ ხელისუფლებას? დიდწილად ევროპული ფონდებისა და გრანტების მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ეს არის ე.წ. უცხოური აგენტების (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) კანონის შემოღების კონტექსტი.

ქართული საზოგადოება ღრმა უნდობლობას ავლენს პოლიტიკური პარტიების მიმართ − როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური. ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია მა არ წარმოადგენს. ოპოზიცია კი საკმაოდ სუსტია და არ შეუძლია ეფექტურად დაუპირისპირდეს მმართველ ძალას, რომლის ხელშიც კონსოლიდირებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურძალაუფლება. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების მუდმივ პოლარიზაციას და ღრმა უნდობლობას პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან?

დავიწყოთ ნდობის საკითხით. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეები, ავტორიტარული მთავრობების გამოცდილებისა და დემოკრატიულ ინსტიტუტებში წარმომადგენლობის ნაკლებობის გათვალისწინებით, ყოველთვის გამოხატავდნენ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ. ეს იყო ლოგიკური და ჯანსაღი პოზიცია საბჭოთა პერიოდში. მაგრამ, თუ სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას აპირებ, ნდობა მის საფუძველშივეა. უნდობლობა ასევეა დემოკრატიის ნაწილი, მაგრამ შენივე მთავრობის კეთილსინდისიერების საბაზისო რწმენის გარეშე − საჯარო ინსტიტუტების, თანამოქალაქეების და სამოქალაქო მონაწილეობის ეფექტურობის მიმართ ნდობა შემცირდება. სამოქალაქო აქტივობას ჩაანაცვლებს საზოგადოებრივი ცინიზმი, რომელსაც ძალაუფლების მქონე პირებისა და ჯგუფების ღია გავლენა გამოიწვევს. IRI-ის მიერ გასულ წელს ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 60 პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია მას არ წარმოადგენს. ეს სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის და მიუთითებს ნდობის მნიშვნელოვან ნაკლებობაზე. სწორედ ასეთ დროს იწყებენ დემოკრატიები მარცხს და ჩნდებიან დემაგოგები, რომლებიც ხალხს ხსნას ჰპირდებიან. მაგრამ რა სახის დემოკრატიაა ეს? საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო სისტემაა; მისი მახასიათებელია საარჩევნო სისტემა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენს პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში. მაგრამ არის კი ეს დემოკრატია, რომელიც ქართველებისთვის მუშაობს? ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონში, რომლის მიზანიც მმართველობის დახვეწა/გაუმჯობესება იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელი რჩება, რაც ამომრჩევლებისთვის დამაბნეველია. იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატია ეფექტიანი იყოს, ის უნდა გასცდეს არჩევნებს და პოლიტიკურ პარტიებს. ვფიქრობ, ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს საქართველოს პოლიტიკური სისტემა, იმისათვის, რომ მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული გახდეს და შენარჩუნდეს დემოკრატიული ინსტიტუტების საყოველთაო მხარდაჭერა.

საქართველოს სჭირდება ღია დემოკრატია, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მრავალმხრივ და გამჭვირვალე მექანიზმებს, ვინაიდან არც პარლამენტი და არც ოპოზიცია არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოები. უნდა არსებობდეს ინსტიტუტები, რომლებიც შეინარჩუნებენ საყოველთაო ნდობას და მონაწილეობას არჩევნებს შორის. ოთხ წელიწადში ერთხელ არჩევნებზე წასვლა და პარტიისთვის ხმის მიცემა საკმარისი არ არის. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს. პარტიებისა და პარლამენტების გარდა არსებობს სხვადასხვა სტრუქტურები და მეთოდები, ანგარიშვალდებულებისა და სახალხო ძალაუფლების უზრუნველსაყოფად. საქართველო 1918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ამ მხრივ პიონერი იყო. საქართველოს მთავრობა, რომელიც რუსოსა და მარქსის იდეებით იყო შთაგონებული, და ასევე ჰქონდა 1905 წლის გურიის რესპუბლიკის გამოცდილება, ამტკიცებდა, რომ პარლამენტი, საუკეთესო შემთხვევაში, ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა. 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით ახალ სახელმწიფოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდა. ნოე ჟორდანია და მისი კოლეგები ამტკიცებდნენ, რომ ფუნქციური დემოკრატიისთვის მხოლოდ პარლამენტი არასაკმარისია. შემდგომი ნაბიჯი იყო ერობის ჩამოყალიბება (თვითმმართველი ინსტიტუტები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე), არჩეული მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, კოოპერატივები, სახალხო უნივერსიტეტები და რეფერენდუმები. მათი მიზანი იყო მოქალაქეთა მონაწილეობა ქვედა (grassroots) დონეზე. ექსპერიმენტი წითელმა არმიამ 1921 წლის თებერვალში დაასრულა.

მაგრამ არსებობს ეს პრეცედენტი, რომელიც ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ, ყოველთვის ახსოვდეთ და დაფიქრდნენ, რის განხორციელებას ცდილობდნენ პირველი რესპუბლიკის ლიდერები, რა იყო მათი ფილოსოფია და პრაქტიკა. სხვა ქვეყნებიც, როგორიცაა ბრაზილია, ისლანდია და საფრანგეთი, ასევე ცდილობდნენ საზოგადოების ჩართვას პოლიტიკურ პროცესში ახალი მიდგომებით. საჭიროა ბევრად უფრო სიღრმისეული მსჯელობა იმაზე, თუ რეალურად რას ნიშნავს ქართული დემოკრატია და როგორ მუშაობს (ან არ მუშაობს) ის.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად ვართ მოწმე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების და ახალგაზრდები წარმოადგენენ პროტესტის წამყვან ძალას. 2023 და 2024 წლებში ახალგაზრდების მასობრივი მობილიზება სრულიად ახალ ფენომენს წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგობის ისტორიაში. თქვენი აზრით, რა არის საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობაში ახალგაზრდების ჩართვის მთავარი მოტივატორი? რამ გამოიწვია დღევანდელი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების პოლიტიკურ ცნობიერებაში ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა?

ახალ თაობას ახალი გამოცდილება და იდეები აქვს. ამ თაობას, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ქუჩაში იყო გამოსული, არ გამოუცდია რუსეთის გავლენა. მათ არ იციან რუსული ენა; მათ არ აინტერესებთ ჩრდილოელი მეზობლის კულტურული მიღწევები ან მისი ისტორიული ურთიერთობა საქართველოსთან. უფროსი თაობები საქართველოში, მიუხედავად მათი მისწრაფებისა ევროპული მომავლისკენ, კვლავ ინარჩუნებენ კულტურულ და ფსიქოლოგიურ კავშირებს პოლიტიკური ძალაუფლების საბჭოთა გაგებასთან. ეს ჩემთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართულ აკადემიურ სივრცეში (თუმცა ესეც იცვლება). ვფიქრობ, საქართველოს პირველად ჰყავს ევროპული თაობა. ამ თაობას ევროპასთან ისეთი მიკუთვნებულობა აქვს, როგორიც არ ჰქონია წინა თაობებს. ის ინტერნეტისა და სოციალური მედიის საშუალებით არის დაკავშირებული ევროპულ ტენდენციებთან, მუსიკასთან, ღირებულებებსა და იდეებთან. მათ საქართველოს წინა თაობებისგან ასევე განასხვავებთ ისიც, რომ ჯერ არ განუცდიათ პოლიტიკური იმედგაცრუება, ამიტომაც უფრო იმედიანები არიან.

რომ დავფიქრდეთ პოპულარულ მოძრაობებზე და დემოკრატიულ ცვლილებებზე, ხშირ შემთხვევაში, სწორედ სტუდენტები და ახალგაზრდები არიან ამ მოძრაობების სათავეში, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოძრაობებისა, რომელსაც შეიძლება სამოქალაქო წინააღმდეგობა ვუწოდოთ. მაგალითად, 2011 წლის „არაბული გაზაფხული“, ან კიდევ უფრო ადრე − 1980-იანი წლები, როცა მარია კორაზონ აქვინო „ხალხის ძალის მოძრაობას“ ხელმძღვანელობდა ფილიპინებში, ან როცა 2000 წელს, სერბეთში სლობოდან მილოშევიჩი ჩამოაგდეს მშვიდობიანი მოძრაობის შედეგად, რომელსაც ასევე ახალგაზრდები უძღოდნენ წინ. ახალგაზრდობა ფუნდამენტია ამ პოლიტიკური მოძრაობებისთვის. მაჰათმა განდიმ აჩვენა, თუ რა იყო შესაძლებელი დიდი ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ − მჩაგვრელი რეჟიმები შეიძლება დაამარცხო მასობრივი პროტესტითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით. პრობლემას, რასაკვირველია, წარმოადგენს ორგანიზება და ხელმძღვანელობა. ამჟამინდელი მოძრაობის მთავარი სისუსტე ორგანიზების უნარის ნაკლებობაა. მაგალითად, მაიდანის მოძრაობა 2013-2014 წლებში ბევრად უკეთ იყო ორგანიზებული, რამაც უკრაინის მთავრობის ერთგვარი პარალელური ორგანიზაციული ძალა წარმოქმნა.

− დიდი მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ და თქვენი თვალსაზრისი გაგვიზიარეთ. ხომ არ გსურთ რაიმე დაამატოთ?

დიახ, ეს საქართველოსთვის ისტორიული მომენტია. სასწორზე საქართველოს მომავალი დგას. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული პოლიტიკა სავსეა პოლიტიკური მხსნელებით, იქნება ეს გამსახურდია, შევარდნაძე თუ სააკაშვილი, რომლებიც ხალხს ცვლილებებს, ანგარიშვალდებულებასა და დემოკრატიას ჰპირდებიან. მაგრამ სახალხო მთავრობამ ვერ იარსება. საქართველოს პრეზიდენტების დროს, მთავრობები უბრალოდ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. სახალხო წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია. ხალხი ქუჩაში გამოდის და მთავრობები მარცხდებიან. მაგრამ შემდეგ ხალხის ხმა ქრება, რადგან მთელი ძალაუფლება გადაეცემა პარლამენტს, პარტიებსა და პრეზიდენტის ოფისს. საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემებია. თქვენ გაქვთ სუსტი ინსტიტუტები, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენს. პარლამენტი არ წარმოადგენს ხალხს. იქ მსხდომი დეპუტატები საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობისგან განსხვავდებიან. სისტემა, ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს მას, არ აძლევს შესაძლებლობას ადამიანებს, საკუთარი ბედი და საკუთარი ცხოვრება განკარგონ და ეს ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ საჭიროა დემოკრატიის გარკვეული ფუნდამენტური გადახედვა, რომელიც აღარ დაეყრდნობა დასავლურ საარჩევნო მოდელებს, ამის ნაცვლად, ყურადღებას მიმართავს საჯარო მონაწილეობისა და საქართველოს პოლიტიკურ ელიტებზე კონტროლის ახალი ფორმებისკენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“