[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

დეკოლონიური პერსპექტივები / თარგმანი

გლობალური აღმოსავლეთის ძიებაში: ფიქრი გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის

მარტინ მიულერი

ინგლისურიდან თარგმნეს ნინო მიქაშავიძემ და თამარ გოგიამ

რეზიუმე

ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს გლობალურ ჩრდილოეთად და გლობალურ სამხრეთად დაყოფა გლობალურ განსხვავებულობაზე ფიქრის აღიარებული სახე გახდა. თუმცა, ეს ბინარულობა უგულებელყოფს იმას, რასაც ეს ნაშრომი გლობალურ აღმოსავლეთს უწოდებს - იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შუალედურ პოზიციას იკავებენ. ეს ნაშრომი წინ სწევს პრობლემას ცოდნის გეოპოლიტიკის შესახებ, რამაც გამოიწვია გლობალური აღმოსავლეთის გამორიცხვა არა მხოლოდ გლობალური ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, არამედ, ზოგადად, გლობალურობის ცნებიდან. ამ ნაშრომში ვამტკიცებ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სტრატეგიული ესენციალიზმი[1], რათა სამეცნიერო ცოდნისთვის გლობალური აღმოსავლეთი აღვადგინოთ. ამისათვის, ნაშრომი კვალდაკვალ მიყვება IKEA-ს თლილი ჭიქის გლობალურ ურთიერთკავშირებს, რათა გამოააშკარაოს გლობალური აღმოსავლეთის გადააზრების აუცილებლობა გლობალური კავშირების შუაგულში და არა – მათგან განცალკევებით. ფიქრი ასეთ გლობალურ აღმოსავლეთზე, როგორც მოსაზღვრე და გარდამავალ სივრცეზე, ართულებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ცნებების უფრო ინკლუზიურ, მაგრამ, ამავე დროს, უფრო ბუნდოვან თეორეტიზებას.

 

შესავალი: აღმოსავლეთის დაკარგვა

ერთი წუთით წარმოიდგინეთ “გლობალური ჩრდილოეთი”. უმრავლესობის მსგავსად, თქვენც ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები გაფიქრდებათ, შესაძლოა - იაპონია და ავსტრალიაც: მდიდარი სახელმწიფოები და დიდი მეტროპოლიური ცენტრები. გლობალური სამხრეთის წარმოდგენისას კი, ლათინური ამერიკა, აფრიკა და აზიის უმეტესი ნაწილი მოგვდის თავში. ის ადგილები, სადაც ადამიანები არ სარგებლობენ ისეთივე პრივილეგიით, როგორც ჩრდილოეთში. ამგვარად, ჩვენ მიერ წარმოდგენილი სამყარო ერთი შეხედვით სრულყოფილი ჩანს, მაგრამ ეს სულაც არა არის ასე. პირიქით, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბინარულობა შავ ხვრელს წარმოქმნის: ყველა ის საზოგადოება, რომელიც სადღაც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თავსდება, ზედმეტად მდიდარია სამხრეთისთვის და ზედმეტად ღარიბი - ჩრდილოეთში მოსახვედრად. და ეს შავი ხვრელი სულაც არ არის პატარა: იგი მოიცავს იმ საზოგადოებებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ ექსპერიმენტში: კომუნიზმის[2] შექმნაში. ეს “გლობალური აღმოსავლეთი”, როგორც მას ამ ნაშრომში მოვიხსენიებთ, მოქცეულია სადღაც გლობალური ჩრდილოეთისა და სამხრეთის ჩრდილქვეშ, და სრულად არცერთს არ მიეკუთვნება. ეს ნაშრომი სრული სურათის აღდგენის მცდელობაა.

მსოფლიოს დაყოფა მდიდარ, ძლიერ “გლობალურ ჩრდილოეთად” და ღარიბ, ნაკლებად ძლიერ “გლობალურ სამხრეთად” ალბათ ამჟამად ყველაზე გავრცელებული სახეა გლობალურ განსხვავებულობაზე ფიქრისა და მსოფლიოს კატეგორიზებისა. ეს დაყოფა არა მხოლოდ საფუძვლად დაედო აკადემიურ კვლევებს, მრავალ ჟურნალს, არაერთ კვლევით ცენტრსა და ასობით წიგნს, რომელთა სათაურშიც გლობალური სამხრეთი ფიგურირებს, არამედ მეცნიერების, აქტივისტებისა თუ პოლიტიკური დებატების სტანდარტულ ლექსიკაშიც დაიწყო შეჭრა. მაგალითად, კლიმატის ცვლილების შესახებ მსჯელობისას,  ჩრდილოეთ-სამხრეთის ამგვარი დაყოფა იქცა თვალში საცემ “მეტსახელად” პოლიტიკური განსხვავებულობის ფორმულირებისათვის გლობალური დათბობის პრობლემის გადაჭრის თაობაზე. “გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების” მიერ სიღარიბის, როგორც ათასწლეულის გამოწვევის, ხელახლა აღმოჩენამ, ჩრდილოეთ-სამხრეთად დაყოფა კიდევ უფრო მეტად დაამკვიდრა.

დღესდღეობით, გლობალური ჩრდილოეთი და სამხრეთი არა უბრალოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ, ძირითადად, პოლიტიკურ და ეპისტემოლოგიურ პროექტებს აღნიშნავს: გამიჯნვა დეველოპმენტალიზმის ენისა და ტელეოლოგიური პროგრესისაგან, რაც ათწლეულების განმავლობაში ახასიათებდა გლობალური ჩრდილოეთის დამოკიდებულებას სამხრეთისადმი და ახასიათებს დღესაც; ცოდნის წარმოების ორიენტაციის შეცვლა ჩრდილოეთში დამკვიდრებული უნივერსალიზმისა და ევროცენტრიზმის საპირისპიროდ; ცოდნის პრაქტიკის მრავალფეროვნების ღირებულების გაზრდა, როგორც ეს გლობალურ სამხრეთშია მიღებული; და პოლიტიკური შთაგონება გლობალური პოლიტიკის რეკონფიგურაციისთვის, რათა მარგინალურმა ქვეყნებმაც აიმაღლონ ხმა (Dirlik 2007; Mignolo 2011). გლობალური სამხრეთი, როგორც ასეთი, სუბალტერნის ალაპარაკების პოსტკოლონიური პროექტის არსებითი ნაწილია (Spivak 1988a).

1989- 1992 წწ.-ში კომუნისტური რეჟიმის უმეტესი ნაწილის, ე. წ. მეორე მსოფლიოს, დამხობამ ჩრდილოეთ-სამხრეთის განსხვავება ეჭვქვეშ კი არ დააყენა, არამედ, პირიქით, განამტკიცა და შეინარჩუნა. ფუკუიამასეულ (1992) ისტორიის დასასრულში დაყოფა მდიდრებსა და ღარიბებს და, შესაბამისად, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გრძელდება, ხოლო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის - ქრება. კომუნისტი “სხვის” გაუჩინარების შედეგად აღმოსავლეთ-დასავლეთის იდეოლოგიური დაყოფაც უკვალოდ გაქრა. ‘საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, “მეორე მსოფლიოს” კატეგორიის გამოყენება ნაკლებად სასარგებლო გახდა... ახალი, უფრო გამარტივებული კატეგორიზაციის დრო დადგა. პირველი სამყარო გახდა ჩრდილოეთი, ხოლო მესამე სამყარო - სამხრეთი’ (Reuveny and Thompson 2007, 557). მაგრამ, რა ბედი ეწია მეორე სამყაროს?

იმის ნაცვლად, რომ ჩრდილოეთის ან სამხრეთის ბანაკში აღმოჩენილიყო, აღმოსავლეთი ვერცერთ მათგანს ვერ მოერგო. ამ სტატიაში “აღმოსავლეთს” ვიყენებ არა იმდენად როგორც გეოგრაფიული რეგიონის, რამდენადაც როგორც ეპისტემური, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული გარდამავალი სივრცის აღმნიშვნელს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთს ვაანალიზებ ყოფილი მეორე სამყაროს გამოცდილების საშუალებით, აღმოსავლეთის, როგორც გლობალური აღმოსავლეთის, ცნება მხოლოდ ამ გამოცდილებით არ შემოიფარგლება, არამედ შესაძლოა და, აუცილებელიცაა, მოიცავდეს სხვა გარდამავალ პოზიციაში მყოფ საზოგადოებებსაც. მეორე სამყაროს პოლიტიკური პროექტის - კომუნიზმის - დანგრევამ აღმოსავლეთი გლობალური რუკიდან ამოშალა, 70 წელზე მეტხნიანი კომუნისტური მმართველობის ყველანაირი მახასიათებლები წაიშალა. აღმოსავლეთი მეტად მდიდარია იმისათვის, რომ სამხრეთის სათანადო ნაწილი გახდეს, მაგრამ ძალიან ღარიბი იმისათვის, რომ ჩრდილოეთის ნაწილი იყოს. მეტისმეტად ძლიერია იმისათვის, რომ პერიფერიას წარმოადგენდეს, მაგრამ მეტად სუსტია იმისათვის, რომ ცენტრი გახდეს. ძალაუფლებრივი ურთიერთობები არეულ-დარეულად მუშაობს. აღმოსავლეთი მოიცავს როგორც კოლონიზატორებს, ისე კოლონიებს, აგრესორებსა თუ დაზარალებულებს; ზოგი ქვეყანა ერთდროულად იყო ერთიცა და მეორეც (Tlostanova 2008). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოსავლეთის მოხელთება და მისი კატეგორიზება რთულია.

ნიშნების გლობალურ მიმოქცევაში აღმოსავლეთი  ისე ადვილად  გარჩევადი არაა, როგორც გლობალური სამხრეთი, სადაც კოლონიალიზმმა შექმნა საზიარო ენები, ინსტიტუციები, ცოდნის სისტემები და სოციალური კავშირები. უგანდა უფრო ადვილად აღსაქმელია მედიისა და  სამეცნიერო ცოდნის გლობალურ ცენტრებში, ვიდრე უკრაინა, ჩილე უფრო ნაცნობია, ვიდრე ჩეხეთი, ხოლო ლაოსი უფრო ახლოს არის ვიდრე ლატვია. ვარგას ლიოსას, გარსია მარკესის და კუტზეეს სახელები ნაცნობია ყურისთვის, ხოლო ალექსიევიჩი, მიულერი და შიმბორსკა უცნაურად ჟღერს. ექვსივე მათგანი ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში.

ამგვარად, აღმოსავლეთი განიცდის ორმაგ გამორიცხვას. ერთი მხრივ, ის არ განიხილება გლობალური სამხრეთის ნაწილად. ვიჯაი პრაშადის (2013) “ღარიბი ერების” (The Poorer Nations), გლობალური სამხრეთის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ისტორიის, გეოგრაფიულ მიმხრობას ამ წიგნის გარეკანიდან იმთავითვე მიხვდებით: ყდაზე გამოსახული გლობალური სამხრეთის რუკა მოიცავს თურქეთს, არგენტინასა და ჩილეს, მაგრამ არ მოიცავს მაგალითად, ყირგიზეთს, მოლდოვას და უკრაინას - არადა თითოეული მათგანი საკმაოდ ღარიბია. გლობალური სამხრეთის შესახებ დაწერილ ვრცელ ტომეულებში უბრალოდ გამოტოვებულია გლობალური აღმოსავლეთი. “გლობალური სამხრეთის ყოველდღიური გეოგრაფია” (An Everyday Geography of the Global South) (Rigg 2007) მოიცავს 90 შემთხვევის ანალიზს 36 ქვეყანიდან, მაგრამ არც ერთს - გლობალურ აღმოსავლეთიდან. “ცნობარი გლობალური სამხრეთის ქალაქების შესახებ”(The Handbook on Cities in the Global South),  აღიარებს მაინც, რომ წიგნში “ევრაზიის დიდი ნაწილი უგულებელყოფილია” (Parnell and Oldfield 2014, 3). “გლობალური სამხრეთის ინსტიტუციები” (Institutions of the Global South) (Braveboy-Wagner 2009) აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმოხილვით შემოიფარგლება. ეს დუმილი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან მეცნიერთა უმეტესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ გლობალური სამხრეთის ცნება მოქნილია, მკაცრი საზღვრები არ გააჩნია (Dirlik 2007; Roy and Crane 2015). და მაინც, ეს ცნება არ ჩანს საკმარისად მოქნილი იმისათვის, რომ თავის შემადგენლობაში მეორე სამყაროს ნაწილებიც მოაქციოს.

მეორე მხრივ, აღმოსავლეთი ასევე განცალკევებულია გლობალური ჩრდილოეთისაგან. მსოფლიოს გლობალურ ქალაქებსა და ცენტრებზე, დემოკრატიისა და საბაზრო კაპიტალიზმის ცენტრალურ რეგიონებზე დაწერილ ნაშრომებში აღმოსავლეთი მდუმარე შემსწრეა. შესაძლოა, აღმოსავლეთის ქვეყნები ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას ადგანან, მაგრამ, ამავე დროს, გაჭედილები არიან ბუნდოვანი მოდერნულობისაკენ მარადიული ტრანზიციის მცდელობაში. ჩრდილოეთ ამერიკული და ევროპული ცივილიზატორული მისიის (mission  civilisatrice) ობიექტი, აღმოსავლეთი, განისაზღვრება საკუთარი ჩამორჩენილობით, რაც საუკუნეების მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის მუდმივი იარლიყი იყო (Kovačević 2008; Neumann 1999; Todorova 1997; Wolff 1994). ის ასრულებდა “სხვის” როლს, რომელთან წინააღმდეგობაშიც დასავლეთ ევროპა დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა ნარატივს საკუთარი ცივილიზაციისა და წინსვლის შესახებ.

ეს ნაშრომი ცდილობს ცოდნის გლობალურ გეოპოლიტიკაში ერთი ნაბიჯის გადადგმას წინ –   ცოდნის წარმოების რუკაზე აღმოსავლეთის დაბრუნებისაკენ. ამის მიღწევას სტატია ცდილობს მისი, როგორც გლობალური აღმოსავლეთის, აღქმით, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებულია, თუმცაღა დაკავშირებულია მასთან; ჩრდილოეთისა და სამხრეთის თანასწორია და არა - მათზე ქვემდგომი. ეს მნიშვნელოვანი ეპისტემური სვლაა არამხოლოდ გლობალურ აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი გამოცდილების თვითმყოფადობისა და დაკავშირებულობის დაფასებისათვის, არამედ გლობალური აღმოსავლეთის შემსწავლელი მეცნიერებისთვისაც, რომელთაც ხშირად არ იციან როგორ მოიქცნენ, როგორ მოახდინონ ამ საკითხის პოზიციონირება გლობალურ სამეცნიერო ცოდნაში, რომელიც მსოფლიოს ჩრდილოეთად და სამხრეთად ყოფს.

ეს კიდევ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯია თეორეტიზებისას. ევროპისა და ამერიკის ფარგლებს გარეთ თეორეტიზების ხანაში  (Bhabha 1994; Chakrabarty 2007; Mbembe 2000) კარგი და  მით უმეტეს გლობალური თეორეტიზება შეუძლებელია იმ სოციალური რეალობის მრავალფეროვნების, ურთიერთკავშირის გაგებისა და სიღრმისეული დაფასების გარეშე, რომელზეც ამგვარი თეორეტიზება თითქოსდა უნდა მიუთითებდეს. გლობალურ აღმოსავლეთზე ფიქრი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთისთვისაც, რადგან გლობალური აღმოსავლეთის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია იმ დიქოტომიების - მდიდარისა და ღარიბის, ძლიერისა და უძლურის - უცილობლივ მორღვევის გარეშე, რომლებთანაც უკვე ზედმეტად კომფორტულად ვგრძნობთ თავს. გლობალური აღმოსავლეთის აღდგენა ნიშნავს ფიქრს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შუალედური სივრციდან; ამ ნაპრალიდან ფიქრს - არა მხოლოდ აღმოსავლეთისთვის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთისთვისაც.

ეს სტატია ცდილობს ოთხმხრივი სვლის საშუალებით შექმნას გარემო პირობები გლობალური აღმოსავლეთის გააზრებისათვის. პირველ რიგში, ის აანალიზებს “აღმოსავლურობას” (‘Eastness’), როგორც დილემას, რასაც განაპირობებს არა იმდენად ჩრდილოეთისა და სამხრეთის განაპირას ყოფნა, რამდენადაც მათ შორის არსებულ შუალედურ სივრცეში არსებობა. ამრიგად, სტატია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე მეტად უსვამს ხაზს “აღმოსავლურობის” შუალედურ, გარდამავალ მდგომარეობას - არც მთლად ჩრდილოეთით, არც მთლად სამხრეთით. სწორედ ამ შუალედურობის გამო ვაწყდებით უცოდინრობას როგორც  ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში. მეორეც, სტატია ცხადყოფს, თუ როგორ დარჩა აღმოსავლეთი შეუცნობელი, რამდენადაც ის დასავლური ცოდნის არქიტექტურის ქსელებსა და არხებს მიღმა აღმოჩნდა. მესამეც, ამტკიცებს აღმოსავლეთის სტრატეგიული ესენციალიზმის აუცილებლობას, რაც ხაზს უსვამს ერთიანობას აღმოსავლეთის შუალედური პოზიციის განსხვავებულობასთან დაკავშირებით და ცდილობს აღადგინოს აღმოსავლეთი, როგორც პოლიტიკური პროექტი. და ბოლოს, გვიჩვენებს, თუ როგორ არის (და მართლაც უნდა იყოს) აღმოსავლეთი გლობალური, მისი წარმოდგენით გლობალური ურთიერთობების შუაგულში, და არა მათგან მოწყვეტით. ამით კი, ადასტურებს გლობალური აღმოსავლეთის ღიაობას, მიუხედავად მისი გამოცალკევების შიდა და გარე მცდელობებისა.

 

თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

მარტინ_მიულერი_1589369047.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გაიატრი ჩაკრავორტი სპივაკის ცნება, რომელიც მან პირველად გამოიყენა ესსეებში “შეუძლია თუ არა სუბალტერნს ლაპარაკი?” (1988) და “სუბალტერნის კვლევები: ისტორიოგრაფიის დეკონსტრუქცია” (1985). ამ ცნებით ის აღნიშნავს სუბვერსიული მიზნებისათვის ესენციალიზმის პოლიტიკურ და დროებით გამოყენებას იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც თავიანთი ჯგუფის თვითცნობიერების შექმნა ან გაგება სჭირდებათ (მთაგმნელის შენიშვნა).

[2] ჩვეულებრივ, ვიყენებ “კომუნიზმს”, როდესაც იდეოლოგიაზე ვსაუბრობ და “სოციალიზმს”, როდესაც სოციო-პოლიტიკურ რეალობას ვეხები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“