საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე ინტერვიუების ციკლის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ვესაუბრეთ ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, რომლებიც სიღრმისეულად აანალიზებენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად რეგიონის კონტექსტს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ციკლიდან პირველ ინტერვიუს საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელთან, რუსეთისმცოდნე შტეფან მაისტერთან, რომელიც 2019-2021 წლებში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა. შტეფან მაისტერს ეკუთვნის არაერთი ანალიტიკური სტატია და გამოხმაურება რუსეთისა და ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკისა და უსაფრთხოების თემაზე.
რესპონდენტს კითხვები დავუსვით, ერთი მხრივ, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე დაძაბულობებზე, ქვეყნის ეტაპობრივი გეოპოლიტიკური შემობრუნებისა და ხელისუფლების დასავლეთთან ღია დაპირისპირების რისკებსა და საფრთხეებზე, და მეორე მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი სოციალური პროტესტების ავანგარდში მყოფ ახალგაზრდებზე, მათი გააქტიურების მიზეზებსა და მნიშვნელობაზე. ინტერვიუების ფარგლებში ჩვენ მიერ დასმული კითხვები ასევე მოიაზრებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიებას და ამ კუთხით მკვლევრებისა და ექსპერტების მოსაზრებების შეკრებას.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ იქონია გავლენა: პირველი, 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალა, ხოლო აზერბაიჯანი და თურქეთი, რეგიონალური უსაფრთხოების წესრიგის ფორმირების კუთხით მთავარ აქტორებად აქცია. მეორე ფაქტორი კი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას უკავშირდება, რამაც ცივი ომის შემდგომ ევროპული უსაფრთხოების წესრიგს წერტილი დაუსვა და საფუძველი ჩაუყარა მწვავე დაპირისპირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც, თავის მხრივ, ურთიერთობების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას.
მართალია, რუსეთი, როგორც რეგიონალური ჰეგემონი ყველა პოსტსაბჭოთა რეგიონში დასუსტებულია, თუმცა ის მაინც ძლიერია საიმისოდ, რომ თავის სამეზობლოში კვლავ მთავარი მოთამაშის, არეულობის შემომტანის და აგრესორის როლში მოგვევლინოს. ამავე დროს, რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ შეცვლილა. პირიქით, 2022 წლიდან გაიზარდა. დასავლური სანქციების პოლიტიკის კონტექსტში, მას ახალი სატრანზიტო გზები სჭირდება, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორი, სამხრეთ კავკასიის გავლით, მოსკოვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამასთანავე, ირანი რუსეთის მთავარი პარტნიორია უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხოლო ინდოეთის ოკეანისკენ გზამ რუსეთისთვის ვაჭრობის თვალსაზრისით ამჟამად საკვანძო მნიშვნელობა შეიძინა.
ამავე დროს, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება გავლენას ახდენს ორივე მხარის ურთიერთობებზე მესამე ქვეყნებთან. ნატო ევროპაში უფრო გააქტიურდა, ხოლო ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად შესთავაზოს, როგორც ამას წარსულში ყოველთვის აკეთებდა.
საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი რეფორმების მემკვიდრეობისა და საზოგადოების მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზარმაზარი მხარდაჭერის გამო, მნიშვნელოვანი ქვეყანაა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მის მიღმაც. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვისაც და ევროკავშირისთვისაც, რუსეთთან გეოპოლიტიკური შეჯიბრის თვალსაზრისით.
მაგრამ ევროკავშირს საქართველოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აშშ-ს მთავარი როლი აკისრია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ ვაშინგტონისა და ნატოს მხრიდან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინიციატივები და პოლიტიკური ჩართულობა ნაკლებია სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართოდ შავი ზღვის რეგიონში.
თურქეთი, რუსეთისა და ირანის მსგავსად, დაინტერესებულია იმით, რომ აშშ და ევროკავშირი არ შემოუშვას სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ნატოს წევრია და შავი ზღვის - სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთავარი მოთამაშეა, თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთს დასცილდა. ის გაურიგდა რუსეთს, გააღრმავა მასთან სავაჭრო და ენერგეტიკასთან დაკავშირებული ურთიერთობები და მოსკოვს სანქციებისაგან თავის არიდებაში ეხმარება.
ევროკავშირი უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით სუსტია და საკმაოდ დაგვიანებული რეაქციები აქვს საგარეო ცვლილებების მიმართ საიმისოდ, რომ რეგიონში მნიშვნელოვან უსაფრთხოების აქტორად იქცეს. თუმცა რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა პოლიტიკის ყველა ასპექტის, მათ შორის ენერგიის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სფეროებში უსაფრთხოების მიდგომები გააძლიერა და ე.წ. სეკურიტიზაცია გამოიწვია.
საქართველოს მსგავსი ქვეყანა, რომელიც საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტს ვერ აკონტროლებს, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ძალზე მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ორმაგი თამაში განიზრახა და ორივე მხარისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას ცდილობს, მაგრამ ეს აღარ იმუშავებს. ამგვარმა პოლიტიკამ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი სტრატეგიული კურსი საფრთხის წინაშე დააყენა, რაც ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის რუსეთის გავლენის მიმართ. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ კურსის შემობრუნებით საქართველო კვლავ ნაცრისფერ ზონად იქცევა, რაც კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს ქვეყნის რეფორმების პროცესს და ამით ის რუსეთიდან მომდინარე კორუფციისთვის, არაფორმალური გავლენებისა და შანტაჟისთვის ღია გახდება.
მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკაში, მორიგი მძიმე გადაწყვეტილება 3+3 ფორმატის მხარდაჭერა შეიძლება იყოს, რაც ერთ მხარეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ხოლო მეორე მხარეს - ირანს, რუსეთსა და თურქეთს მოიაზრებს. ამ ფორმატის მთავარი მიზანია რეგიონალური გამოსავლების ძიება დასავლელი აქტორების გარეშე და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება. ეს საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნება და მორიგი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს.
თაობა Z (ჯენზი) იმ მნიშვნელოვანი ძვრების შედეგია, რაც საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიმდინარეობდა. წინა ხელისუფლების დროს, რუსეთისგან დისტანცირებისა და ევროატლანტიკური კურსის არჩევის პირობებში, და რაღაც დოზით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირველ წლებშიც, ქვეყანამ ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობა გააღრმავა. ამ პროცესებმა ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-თან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა შექმნეს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციამ და ასოცირების ხელშეკრულებამ ახალი თაობის განსხვავებული ღირებულებებით აღზრდას შეუწყო ხელი; შესაბამისად, ეს თაობა უფრო მეტად არის ევროპული, ვიდრე მათი მშობლები და ნებისმიერი სხვა მათი წინამორბედი თაობა. ახალი თაობის ღირებულებათა სისტემის ცვლილებების შედეგია ის, რომ ისინი ახლა საპროტესტო დემონსტრაციებს უერთდებიან ევროპული მომავლისთვის. ბოლო წლებში დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესებმა საქართველო რუსეთს და მის საბჭოთა მემკვიდრეობას დააშორა, რის შედეგადაც საზოგადოება უფრო ტოლერანტული, ღია და დემოკრატიული გახდა. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებების ინსტიტუციონალიზაცია არ მომხდარა. არაფორმალური პოლიტიკები და პოლიტიკის პერსონიფიცირება კვლავ დომინანტურია საქართველოში. ძლიერია ელიტების ხელისუფლებაში დარჩენის და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი და მცდელობა, შეასუსტონ პოლიტიკური კონკურენცია. კვლავ გავრცელებულია ძალაუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის პრინციპის უგულებელყოფა. პოლარიზაცია პოლიტიკასა და საზოგადოებაში ქართული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია - როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
სწორედ ამ თვალსაზრისით, მმართველი ელიტებისა და ახალი თაობის ღირებულებები ფუნდამენტურად განსხვავებულია. მეტიც, ბოლო წლის განმავლობაში, საქართველო მკაფიოდ ავტორიტარულ ქვეყნად ჩამოყალიბდა, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან, საზოგადოების მზარდი მანიპულაცია და კონტროლი ახლდა თან, რაც ევროპული ინტეგრაციის პრინციპებს უთხრის ძირს. ახალი თაობისთვის, მათთვის, ვინც მიმდინარე დემონსტრაციების მთავარი ძალაა, ეს პროტესტი საკუთარ მომავალს ეხება, ისევე როგორც მათ პოლიტიკურ ორიენტაციასა და ფუნდამენტურ ღირებულებებს. ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ შემოტანილი უცხოური აგენტების, ლგბტ საკითხებსა და მედიასთან დაკავშირებული კანონები ძირს უთხრის ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რასაც ეს ახალგაზრდები იზიარებენ. ამ ახალი თაობისთვის ნათელია, რომ თუ ქართული ოცნება გააგრძელებს სვლას ავტორიტარიზმისკენ, ევროპულ ინტეგრაციას მომავალი არ ექნება და ეს იქნება დაკარგული თაობა, რომელიც შემდგომ იძულებული იქნება ქვეყანა დატოვოს. პროგრესი, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ბოლო 20 წლის მანძილზე მიაღწია, წყალში ჩაიყრება, ხოლო საქართველო კვლავ ნაცრისფერ ზონად გადაიქცევა.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ცვლილებისთვის უდავოდ გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ხელისუფლების ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს შეუჩერებს და მასთან ურთიერთობას ფუნდამენტურად გადახედავს. ამრიგად, მნიშვნელოვანია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, რომლის დროსაც ქართველ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა გადაწყვიტოს, თუ როგორ ხედავს თავისი ქვეყნის მომავალს.
მნიშვნელოვან მანიპულაციებს, ან ქართული ოცნების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მასობრივ ძალადობას, პასუხად ევროკავშირისგან მძიმე სანქციები მოჰყვება პასუხისმგებელ პირთა მიმართ. საქართველოს პოლიტიკური თამაშის ძირეული ცვლილება სჭირდება. ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, შესაძლოა გაერთიანებული პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ევროინტეგრაციის მკაფიო მხარდამჭერი იქნება, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური სისტემის ძირეული გარდაქმნა უნდა დაიწყოს. პოლიტიკურ სისტემაში აუცილებელია შეიქმნას სივრცე აქტორების ახალი თაობისთვის, რომლებიც პოლიტიკაში მოვლენ და შეძლებენ არსებული პოლიტიკური აქტორების ალტერნატივების შექმნას. თუმცა ამას სჭირდება პოლიტიკური გარემო, რომელშიც სისტემის ამგვარი ცვლილება შესაძლებელია პოლარიზაციისა და პირადი ინტერესების გარეშე. გარდა ამისა, ინსტიტუციონალიზებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა დაამყაროს დედაქალაქის გარეთ. ის გარემოება, რომ საქართველოს მოქალაქეები თბილისში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ელიტის ნაწილად განიხილავენ, მმართველ გუნდს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს. დემოკრატიული პრაქტიკების ინსტიტუციონალიზება, იმისათვის, რათა საზოგადოება სოციალურად ნაკლებად მოწყვლადი გახდეს და (საბჭოთა მემკვიდრეობის) ღირებულებათა ცვლილებების მხარდაჭერა როგორც ცენტრში, ისე ცენტრს მიღმა ქვეყნის რეგიონებში, გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავლისთვის.
ინსტრუქცია