[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა შეარჩიოს

25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად აუცილებელია ხელისუფლებამ გამოავლინოს პოლიტიკური ნება დამოუკიდებელი გენერალური აუდიტორის დასამტკიცებლად, რომელიც არ იქნება ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ კონსტიტუციასთან და პარლამენტთან. ეს აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის, დამოუკიდებელობის უზრუნველსაყოფად.

ბოლო წლების განმავლობაში აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა, როგორც მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი ორგანო, რაც აღნიშნულია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა 2012 წლამდე არსებული გამოცდილების გათვალიწინებით.

წარსული გამოცდილების, ასევე აუდიტის სამსახურის ფუნქციებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2013 წელს შევთავაზეთ ხელისუფლებას ჩვენი რეკომენდაცია კანონმდებლობით დადგენილიყო შეზღუდვა აუდიტის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების - გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების პოლიტიკურ/პარტიულ საქმიანობაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე მათი ყოფნის მანძილზე, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე თანამდებობის დაკავებამდე და, ასევე, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ვინაიდან აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობას არსებითად განაპირობებს სწორედ გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ორ თვეზე მეტია გასული მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც თორდიას განცხადებით მას ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურორი დაცვის წევრებთან ერთად. მომხდარიდან ორი თვის თავზე ინციდენტი არ არის გამოძიებული და კვლავ რჩება კითხვები უკავშირდებოდა ის თუ არა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის სამსახურეობრივ საქმიანობას, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გენერალური აუდიტორის შერჩევის პროცესში გამოირიცხოს პოლიტიკური მიკერძოების განცდა.

მოვუწოდებთ პარლამენტს, კეთილსინდისიერად განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული ზედამხედველობითი უფლებამოსილება და ახალ გენერალურ აუდიტორად დაამტკიცოს პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული რომელიმე პარტიასთან და იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“