საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიცია ეხმაურება, 22 და 23 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს. საბჭოს არამოსამართლე წევრების მითითებით, საპროტესტო ქმედება განპირობებული იყო მათ მიმართ გენდერული დისკრიმინაციით. მათი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გასაუბრების პროცესის სამუშაო საათების მიღმა მნიშვნელოვანი გადაცილების გზით ხდებოდა მათი მშობლის მოვალეობის უგულებელყოფა. როგორც საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მას ჰყავს 9 თვის შვილი, რომლისთვისაც აუცილებელია დედასთან ურთიერთობა და დედის ყურადღება, რასაც მნიშვნელოვნად უზღუდავს საბჭოს დანერგილი არასათანადო სამუშაო გრაფიკი. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ფაქტები არაერთია და როგორც ჩანს, საბჭო პროცესის იგივე ფორმით და ხანგრძლივობით გაგრძელებას აპირებს.
კოალიციის შეფასებით, ქალებისათვის იმგვარი სამუშაო პირობების განსაზღვრა, რომელიც გამორიცხავს მათი მხრიდან ბავშვებზე ზრუნვას და დედის მოვალეობების განხორციელებას, თავისი არსით, ირიბ დისკრიმინაციას წარმოადგენს. ამასთან, სამუშაო საათების მიღმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გაგრძელება აზიანებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარისხსაც. ყოველგვარი ნორმირებული დროის უგულებელყოფით გასაუბრების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხავს კანდიდატების სრულფასოვან, ხარისხიან შეფასებას, აზიანებს როგორც კანდიდატის, ისე საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის და პროცესზე დამკვირვებელი პირების ინტერესებს. საბჭოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება, ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი უზრუნველყოფს ქალებისა და კაცებისათვის არსებითი თანასწორობის გარანტიების შექმნას, რომელიც ფორმალური თანასწორობისგან განსხვავდება სწორედ იმით, რომ ითვალისწინებს ისტორიულად გამყარებულ უთანასწორობას ქალების მიმართ და ახდენს მათ კომპენსაციას სპეციალური ზომების მიღებით.
საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ განსაზღვრავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია არაპირდაპირი დისკრიმინაცია ანუ, ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც ადამიანების ჯგუფს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.
ვინაიდან საქართველოში გენდერული სტატისტიკის შეგროვება ჯერ კიდევ ხარვეზებთან არის დაკავშირებული, არანორმირებული სამუშაო საათების დაწესებით ქალების მიმართ შექმნილი არახელსაყრელი პირობების დასაბუთებისათვის მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ ევროკომისიის უახლეს სტატისტიკას ამ მიმართულებით[1]. სტატისტიკა, რომელიც არაპირდაპირი დისკრიმინაციის მტკიცების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა მოწმობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად (65.3%) ჩამორჩება კაცების დასაქმების მაჩვენებელს (76.8%). ეს იმ ფონზე, როდესაც უმაღლესი განათლების მქონე ქალთა რაოდენობა, აღემატება უმაღლესი განათლების მქონე კაცების რაოდენობას მთელ რიგ ასაკობრივ ჯგუფებში. აღნიშნული მიუთითებს, რომ ქალების დასაქმების დაბალი მაჩვენებლის ახსნა ვერ მოხდება მათი მხრიდან კვალიფიკაციის ნაკლებობით. ევროსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით ევროკომისია მიუთითებს, რომ ქალების დასაქმებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქალების მშობლის როლთან და ოჯახში ზრუნვის ვალდებულებებთან დაკავშირებული ფაქტორები. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 25-დან 49-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ქალების 50%-ზე მეტი იმიტომ რჩება დაუსაქმებელი, რომ მათ უწევთ პატარა ბავშვებზე ან უმწეო ოჯახის წევრებზე ზრუნვა. სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები და ბავშვების საჭიროებაზე მორგებული სამუშაო გრაფიკის უქონლობა აიძულებს ქალების უმრავლესობას უარი თქვას სამსახურზე და კარიერულ წინსვლაზე. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორების გავლენა ქალებზე არაპროპორციულად მძაფრია კაცებთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დასაქმების სფეროში უმეტესად მიიღება გადაწყვეტილების მიმღები კაცების მიერ, რომელთაც ძირითადად არ გააჩნიათ ემპირიული გამოცდილება ბავშვებზე ზრუნვის არაპროპორციულად დიდი ტვირთისა, რაც დაკავშირებულია კულტურალურად გამყარებულ გენდერულ როლებთან და სტერეოტიპებთან.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემაში ქალების ზრუნვის ვალდებულების გაუთვალისიწინებლობის პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს. იგი გამოვლინდა კოალიციის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშიც, სადაც ყოფილი და მოქმედი ქალი მოსამართლეები მიუთითებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში დაწინაურება მათ ხშირად ოჯახური და მშობლის ვალდებულებების უგულებელყოფის ფასად უწევდათ[2]. აღნიშნული ღირებულებების და დამოკიდებულებების შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, მომავალშიც გამორიცხავს გენდერული თანასწორობის მიღწევას, რომელიც გენდერული ბალანსისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ცნებაა და გულისხმობს არამარტო ქალი მოსამართლეების არსებობას, არამედ მათთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას დაწინაურებისთვის.
დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრების პროცესს ათასობით ქალი ადევნებს თვალს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ სასამართლო სისტემა აღიარებს ქალების ისტორიულ უთანასწორობას ქვეყანაში. დასაქმების ადგილას ქალებისათვის არსებით თანასწორობის მიღწევა გულისხმობს ქალების, როგორც დედის და მშობლის საჭიროებების გათვალისწინებას. შესაბამისად, ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მოთხოვნა სამუშაო დროის ზრუნვის ვალდებულებებთან შეთავსების შესახებ იმისათვის, რომ მათ მომავალში სასამართლოს საკუთარი უფლებების და თანასწორობის დასაცავად მიმართონ. აღნიშნული ცვლილება, რეალურად წარმოადგენს არა მხოლოდ საბჭოს ორი არამოსამართლე ქალი წევრის საჭიროებას, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა იმ წევრის თანასწორობის უფლების დაცვას, რომელთაც ჰყავთ ბავშვები ან აქვთ მზრუნველობის ვალდებულებები ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, როგორც ითქვა, ყოველგვარი გონივრული დროის გადაცილებით გასაუბრებების გაგრძელება აზიანებს თავად კანდიდატების შერჩევის პროცესს და ლახავს თავად კანდიდატების, საბჭოში დასაქმებული პირებისა და მონიტორების ინტერესებს.
კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაითვალისწინოს საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებითი თანასწორობა ქალებისათვის სასამართლო სისტემაში ადეკვატური და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით. მივმართავთ იუსტიციის უამღლეს საბჭოს გასაუბრებები წარმართოს სამუშაო საათებში და უარი თქვას არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე.
[1] European Commission, European Semester Thematic Factsheet,Women in Labour Market, 2017. ხელმისაწვდომია (22.07.2019). file:///C:/Users/Dell/Desktop/ECHR%20equality/european-semester_thematic-factsheet_labour-force-participation-women_en_0.pdf
[2] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის, სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები, 2016.გვ.29-37. ხელმისაწვდომია (22.07.2019). http://ewmi-prolog.org/images/files/8047%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90.pdf
ინსტრუქცია