[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

გამოხმაურება სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მოძრაობა „სირცხვილიას“ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მჟავანაძის დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, საქმეზე აწარმოონ დროული და ეფექტიანი გამოძიება და უზრუნველყონ ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა.

მოძრაობის ინფორმაციით, გიორგი მჟავანაძე, 2022 წლის 17 მაისს მივიდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოში. პოლიციის შენობაში მჟავანაძეს გამოელაპარაკა ამავე სამმართველოს თანამშრომელი, რომელსაც არ მოეწონა მის მიერ დასმულ შეკითხვაზე გაცემული პასუხის შინაარსი და სხვა პოლიციელების დახმარებით, მჟავანაძე შენობიდან ეზოს მიმართულებით, ძალის გამოყენებით გაიყვანა. სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტთა ცნობით, მჟავანაძეზე ფიზიკური ძალადობა სწორედ სამმართველოს ეზოში, პოლიციის შესასვლელის სიახლოვეს განხორციელდა. ორგანიზაციის განმარტებით, მჟავანაძეს ჯერ დაადეს ხელბორკილები, შემდგომ კი პოლიციის სამმა თანამშრომელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც სახის არეში დარტყმით გამოიხატებოდა.

სამოქალაქო აქტივისტის ფიზიკური ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევა, მით უმეტეს, პოლიციის თანამშრომელთა მიერ, წარმოადგენს სახიფათო და მეტად საყურადღებო პრეცედენტს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოფილ იქნეს მისი გამჭვირვალობა. შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. ასევე, კვლავ პრობლემურია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება და ხელისუფლებათა ცვლილების მიუხედავად, ეს საკითხი მოუგვარებელი რჩება. ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის გადმოცემულ თვითშეფასების კითხვარში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც სამოქალაქო უფლებების ჯეროვანი რეალიზების საკანონმდებლო მოწესრიგების საკითხს, ასევე, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების განხორციელების კანონისმიერ გარანტიებს (კითხვა 191). აქედან გამომდინარე, როგორც ქვეყნის შიდადემოკრატიული ცხოვრებისთვის, ისე საგარეო იმიჯისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შინაარსის საქმეები გამოძიებულ იქნას ჯეროვნად, სრულყოფილად და ობიექტურად.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, წარმართოს ეფექტიანი გამოძიება გიორგი მჟავანაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მათ შორის, დროულად გამოკითხოს სავარაუდო დაზარალებული და ინციდენტში მონაწილე პოლიციელები. მიიღოს ყველა ზომა, რათა ამოიღოს პოლიციის შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ჯეროვნად გამოარკვიოს, რამ გამოიწვია ამგვარი კადრების არარსებობა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, რომ დროულად ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დანიშნოს სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი მჟავანაძისთვის მიყენებული შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირებისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“