[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

გამოხმაურება პოლიციელის დღესთან დაკავშირებით 

31 მაისს ქართული საპოლიციო ძალები პოლიციელის დღეს აღნიშნავენ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ შექმნას პოლიციელებისთვის ღირსეული და სამართლიანი სამუშაო გარემო, რომელიც, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პირობებში, ორიენტირებული იქნება საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე.

პოლიციელის როლი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანების უსაფრთხოებასა და დაცულობაზე ყოველდღიურ ზრუნვას. სწორედ სამართალდამცავები უნდა უზრუნველყოფდნენ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას და საზოგადოებაში კანონის პატივისცემის განმტკიცებას.

ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ყოველდღიურად სულ უფრო შორდება მათ რეალურ მისიას და პოლიცია მმართველი გუნდის პოლიტიკური თუ კერძო დავალებების შემსრულებელ ერთეულად იქცა. ნაცვლად, საპოლიციო სისტემის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის განმტკიცებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა, ბოლო წლებში პოლიციის რეპრესიულმა ბუნებამ ახალი და ძალადობრივი ფორმები შეიძინა. აშკარაა, რომ პოლიციის სხვადასხვა რგოლი, ხშირად, არა ხალხისა და კანონის სადარაჯოზე, არამედ, პოლიტიკური პარტიის სამსახურში დგას. პოლიცია, რომელიც საზოგადოებისთვის პირველადი რგოლი უნდა იყოს ძალადობის აღსაკვეთად, თავად გვევლინება ორგანიზებული ძალადობის ჩამდენად, რაც ზრდის ვითარების ესკალაციისა და ფიზიკური დაპირისპირების რისკებს. ეს კი ძირს უთხრის საზოგადოების პოლიციისადმი ნდობასა და პატივისცემას.

აღნიშნული განსაკუთრებით თვალშისაცემია შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს მოქალაქეთა უსაფუძვლო დაკავებისას, როდესაც პოლიცია კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებშიც კი, მასობრივად აკავებს და ფიზიკურად უსწორდება აქტივისტებს და ადმინისტრაციული სასჯელებით ცდილობს მათ შეშინებას და პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორებას. საპოლიციო უწყებების მიერ მოქალაქეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფორმების მასობრივ გამოყენებას წმინდად პოლიტიკური მიზნები აქვს და მოკლებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რეალურ მიზანს. ერთი მხრივ, პოლიცია მასობრივად იყენებს უკანონოდ დაკავებების და დასჯის პრაქტიკას, მეორე მხრივ კი არის აბსოლუტურად უმოქმედო რეალური ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებისას, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების თუ ზოგადად, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ არის ორგანიზებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ქართველ სამართალდამცავებს, რომ უპირატეს ადგილზე დააყენონ კანონი და ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები. სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას, გამოიჩინონ კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და პრინციპულობა და იზრუნონ პოლიციის რეპუტაციის შენარჩუნებაზე. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობდეს და ის მიიჩნეოდეს არა პოლიტიკური ჯგუფების, არამედ ადამიანების ინტერესების მსახურად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“