[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

გაეროს ადამაინის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს უმცირესობების სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაცია

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2022 წლის 22 ივლისს საქართველოს მეხუთე პერიოდული ანგარიშის შეფასების საფუძველზე გამოსცა დასკვნითი რეკომენდაციები ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

კომიტეტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საფუძველზე ოთხ წელიწადში ერთხელ იღებს სახელმწიფოების ანგარიშებს ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, აფასებს არსებულ ვითარებას და გამოსცემს რეკომენდაციებს მომდევნო საანგარიშო პერიოდამდე შესასრულებლად. შეფასების მეხუთე ციკლის ფარგლებში კომიტეტმა სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელა საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების მიღების მიუხედავად უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის და სოციალური ინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. ასევე, კომიტეტის შეფასებით უმცირესობები კვლავ მნიშვნელოვან ენობრივ ბარიერებს აწყდებიან, რაც მათ უზღუდავს შესაძლებლობას ისარგებლონ პაქტით გარანტირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით.

სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს გააძლიეროს მისი ძალისხმევა და მიიღოს დამატებითი ზომები უმცირესობების უფლებების დასაცავად, მათი სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით. ამ მხრივ, კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გაიზარდოს უმცირესობების წარმომადგენლობა სამთავრობო და საჯარო ადმინისტრირების ორგანოებში, თუნდაც დროებითი სპეციალური ზომების მიღებით. ასევე გააძლიეროს ქართული ენის სწავლება, განსაკუთრებით უმცირესობათა იმ ჯგუფებში, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ენის სწავლებაზე ან ცხოვრობენ მოშორებულ სოფლებში. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ენის სწავლების კუთხის ზომების გაძლიერება ხელს შეუწყობს უმცირესობების ხელმისაწვდომობას განათლებაზე, საჯარო სერვისებზე და ასევე მათ სოციალურ ინტეგრაციას. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეს ჯგუფები მჭიდროდ არიან დასახლებული კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაციაა.

კომიტეტი ხაზს უსვამს რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებულ სტრუქტურულ დისკრიმინაციას და განსაკუთრებით გამოთქვამს შეშფოთებას მათი რელიგიური ადგილების რეაბილიტაციისთვის საჭირო არაპროპორციულად მცირე დაფინანსების გამო. შეფასების დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების დისკრიმინაციულ საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით კვლავ არ არის ასახული კანონმდებლობაში. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხი ასევე ხაზგასმულია კომიტეტის ანგარიშში და მიჩნეულია, რომ არსებული სამართლებრივი პროცედურების გაჭიანურება არღვევს რელიგიის თავისუფლებას. საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით მუსლიმი მოსწავლეების სტიგმატიზაციის, ზეწოლის და შეურაცხყოფის პრაქტიკა კვლავ წარმოადგენს კომიტეტის შეშფოთების საგანს.

ამ პრობლემების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს კანონის და პრაქტიკის დონეზე აღკვეთოს რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის პრაქტიკა ფინანსური რესურსების გადანაწილების, დაბეგვრის და მშენებლობის ნებართვების მინიჭების მიმართულებებით; ასევე, საჯარო სკოლებში უზრუნველყოს რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემა და ტოლერანტობა და აღმოფხვრას რელიგიური მოტივებით არსებული სტერეოტიპები.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სოციალური და პოლიტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამ რეკომენდაციებით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კომიტეტს 2020 წელს წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშის ფარგლებში მიმართა. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ამ რეკომენაციების შესრულება სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ კრიტიკული მნიშვნელობისაა და მნიშვნელოვანია რომ კომიტეტმა შეფასების მეხუთე ციკლის ფარგლებში ხაზი გაუსვა ამ საკითხებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“