[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

ფსიქიკურ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები   ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვას ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების გაუქმებას და ამ ფაქტს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევთ.  ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვით, საფრთხე ექმნება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებას, ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვის სერვისებზე. ჩნდება რისკები, რომ ადამიანები დარჩნენ შესაბამისი სერვისის გარეშე და/ან დაუბრუნდნენ ისედაც გადატვირთულ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, სადაც უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ დაირღვეს პაციენტთა უფლებები. სწორედ ამ მიზნითაა დეინსტიტუციონალიზაციისა და მათი რეორგანიზაციის  პროცესიც დაწყებული.

ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის დროს ადამიანებს აძლევდა სერვისის თემში მიღების შესაძლებლობას. კლინიკამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვაზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში მიიღო, რომლის ძირითად მიზეზადაც დაფინანსების პრობლემები დაასახელა. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადგილი აქვს კლინიკის მხრიდან არასათანადო მენეჯმენტს, რასაც თან ერთვის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე არაჯეროვანი ზედამხედველობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდანაც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისში  წლების წინ შექმნილი სამი[1] მრავალპროფილური საავადმყოფოდან მხოლოდ ერთში - ქალაქის მე-5 საავადმყოფოში - არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება დარჩება ფუნქციონირებადი, ისიც გაურკვეველი ვადით. შესაბამისად, ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარულ ფსიქიატრიულ მომსახურებას თემში (და არა დიდ, მონოპროფილურ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში) იღებს, წლების განმავლობაში მომატების ნაცვლად, მნიშვნელოვნად იკლებს.  მიგვაჩნია, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მულტიპროფილურ კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებები ასეთი  მწირი რაოდენობითაა, მათი დახურვის დაშვება, განსაკუთრებით, შესაბამისი ჩამნაცვლებელი მრავალპროფილური საავადმყოფოს მოძიების გარეშე, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირდაპირ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

მოცემულ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ ფსიქიატრიული სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის უალტერნატივობას, ასევე მივიჩნევთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის  განყოფილებების ფუნქციონირებაში ამჟამად გაჩენილი შეფერხებები, სრულად აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მის მმართველობაში არსებულ ჩავარდნებსა და რეგულირების დეფიციტებს ცხადჰყოფს. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის სათანადო განხორციელებისა და დეინსტიტუციონალიზაციის უმოკლეს ვადებში წარმართვასთან დაკავშირებით და გაატაროს მის ხელთ არსებული ყველა ღონისძიება თავისი ვალდებულებების პროგრესული რეალიზაციისთვის. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • მიიღოს ყველა შესაძლო ზომა იმისთვის, რომ მულტიპროფილურ საავადმყოფოებში არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებების დახურვა და დარეგულირდეს კერძო საავადმყოფოების სახელმწიფო პროგრამაში შემოსვლის და გასვლის პირობები;
  • ყველა დაინტერესებული მხარის (განსაკუთრებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე/ფსიქოსოციალური ნიშნით შშმ პირების) ეფექტიანი ჩართულობით შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებების გახსნას და შენარჩუნებას;
  • მულტიპროფილური საავადმყოფოების მონიტორინგის გზით უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ამოცანების ჯეროვანი შესრულება და მისი ეფექტიანი განხორციელება;
  • შეიმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს კერძო მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებების გახსნას და პროგრამიდან გასული კლინიკების მუდმივი ჩანაცვლების შესაძლებლობას;
  • უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, რომელიც გონივრულ ვადებში მოიცავს ამ სფეროში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

საქართველოს პარლამენტს:

  • განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის წარმართვის პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
  • ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
  • თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია 
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი
  • შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის
  • ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] თბილისში თავდაპირველად ღუდუშაურის კლინიკაში არსებული ფსიქიატრიული განყოფილება დაიხურა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“