[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან უკანონო „ბორდერიზაციის“ პრაქტიკა ევროპული კონვენციის 11 მუხლს არღვევს

2024 წლის 9 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) გადაწყვეტილება მიიღო და კონვენციით დაცული რამდენიმე უფლების - სიცოცხლის, არასათანადო მოპყრობისგან და წამებისგან დაცვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისგან დაცვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების და განათლების უფლებების, დარღვევა დაადგინა.

ეს საქმე შეეხებოდა 2008 წლის “აგვისტოს ომის“ შემდგომ პერიოდში, რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონოდ აღიარების შემდეგ, ადმინისტარციული გამყოფი ხაზების გამკაცრებასა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევებს, რომელსაც რუსეთი იწყნარებს და სისტემური ადმინისტრაციული პრაქტიკის ფორმას აძლევს.

კონტექსტი

რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის შეფასების დროს, სასამართლომ, მათ შორის, შეაფასა რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმებების საფუძველზე, ამ რეგიონებში სამხედრო ბაზებისა და 3800-მდე რუსი ჯარისკაცის განთავსების, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი სამხედრო სარდლობის შექმნის, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალის რუსულ შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანების საკითხები. „საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის“ შეთანხმებების შესაბამისად, რუსეთის საზღვრის დაცვა (რომელიც შედის რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში) იცავს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის მდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

2009 წლის შემდეგ, ხალხის მიერ გამყოფი ხაზის თავისუფლად გადაკვეთის შესაჩერებლად, თანდათან შეიქმნა ფიზიკური ბარიერები და სხვა ღონისძიებები. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) თანახმად, ეს პროცესი, რომელსაც ხშირად ბორდერიზაციას უწოდებენ, სამი ელემენტისგან შედგება: (1) ფიზიკური ინფრასტრუქტურის განთავსება, როგორიცაა ღობე, მავთულხლართები, სასაზღვრო კოშკები, საინფორმაციო დაფები, რომლებიც ხალხს აფრთხილებს, რომ უახლოვდებიან „საზღვარს“ და განვითარებული სათვალთვალო აღჭურვილობა; (2) თვალთვალი და პატრულირება რუსული სასაზღვრო ჯარის ან სეპარატისტული რეგიონების უსაფრთხოების ძალების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ვითარების მონიტორინგს და აკავებენ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ დადგენილ წესებს; (3) საზღვრის კვეთის რეჟიმი, რომელიც მაცხოვრებლებს სთხოვს, ჰქონდეთ სპეციალური დოკუმენტები და გამოიყენონ მხოლოდ „ოფიციალური“ კვეთის წერტილები.

ცნობების თანახმად, ბორდერიზაციის პროცესი, 2013 წლის შემდეგ გახდა ინტენსიური. ხშირად დაფიქსირებულა არაკონტროლირებადი კვეთა, როდესაც ხალხი იყენებს შემოვლით ბილიკებს, რათა თავი აარიდონ გადაკვეთის წერტილებს. უმეტესობას, რომელიც არაკონტროლირებადი გზებიდან გადადის გამყოფ ხაზზე, არ აქვს დოკუმენტები, ხოლო სხვები არაკონტროლირებად გზებს იყენებს რადგან კვეთის წერტილებამდე გადაადგილება ზედმეტად მოუხერხებელია. სხვა მიზეზია ის, რომ ყოველთვის ცხადი არ არის, სად გადის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი (ამ დრომდე, გამყოფი ხაზის მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია მარკირებული).

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა „ბორდერიზაციის“ პროცესს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლება გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზს საოკუპაციო ხაზად მოიხსენიებს.

საქართველოს მთვავრობის მოთხოვნები და სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები

ევროპული სასამართლოს წინაშე, საქართველო დაობდა რუსეთის ხელისუფლების და მის დაქვემდებარებაში მყოფი დე ფაქტო ხელისუფლებების ორ სისტემატურ ადმინისტრაციული პრაქტიკაზე. კერძოდ:

  1. განგრძნობადი ბორდერიზაციის კვლადაკვალ შევიწროების, უკანონო დაკავების და პატიმრობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არადამიანური მოპყრობისა, ასევე სხვა უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკა, რომელიც ფიქსირდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების მიმართ.
  2. მძიმე ძალადობრივი დანაშაულის (მათ შორის, ფატალური) ჩამდენი პირების მართლმსაჯულებისგან დაფარვა, რომელიც ჩადენილი იყო რუსეთის სასაზღვრო დაცვის ან ოფიციალური პირების მიერ, და რომელთა ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრებოდა, რაც უტოლდება ოფიციალურ პირთა დაუსჯელობის პრაქტიკას და არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილ ვალდებულებას - სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩადენას, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენას, და დასჯას და მე-13 მუხლი - უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების დარღვევას.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიერ დაყენებული ყველა მოთხოვნა ინდივიდუალურად შეაფასა და შემდეგი შეფასებები გააკეთა:

სიცოცხლის უფლების დარღვევა

საქართველოს ხელისუფლება დაობდა ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების მკვლელობის პრაქტიკაზე, რომლებიც ცდილობდნენ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლას, და ამ მკვლელობების არასათანადო გამოძიებაზე. საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა სამ მაგალითზე:

  1. დავით ბაშარულის მკვლელობა - სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, რომელიც 2014 წლის 4 ივნისს დაკავებულ იქნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ორგანოების მიერ ქურდობის ბრალდებით და რომლიც გაუჩინარდა 2015 წლის 4 იანვრამდე, როდესაც მისი ხეზე დაკიდებული სხეული აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთის ტყეში. ექსპერტიზის დასკვნით, მის სხეულს აღენიშნებოდა ცემის კვალი.
  2. გიგა ოთხოზორიას მკვლელობა - ეთნიკურად ქართველი, რომელსაც უარი ეთქვა აფხაზეთში შესვლაზე, შემდეგ კი მას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნა და მოკლა აფხაზეთის დე ფაქტო ორგანოების „საზღვრის მცველმა“.
  3. არჩილ ტატუნაშვილი - ეთნიკურად ქართველი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის დროს, დაკითხა 2008 წლის კონფლიქტში მისი მონაწილეობის შესახებ და ექსპერტის დასკვნით, სიკვდილამდე აწამა.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან, მინიმუმ 20 ინციდენტი ექცეოდა ამ საქმის ფარგლებში, მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრები 7 ეთნიკურად ქართველის სიკვდილი, რომლებიც ცდილობდნენ ადმინისტრაციული ხაზის კვეთას ალტერნატიული გზებით, რათა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიეღოთ პენსია ან მედიკამენტები. სასამართლოს შეფასებით, ეს ინციდენტები საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებულია იმისათვის, რომ სისტემურ პრაქტიკად ჩაითვალოს. დამატებით, აშკარად არაეფექტიანი გამოძიების გათვალისწინებით, სასამართლომ ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამ ადმინისტრაციული პრაქტიკის მიმართ „ოფიციალური ტოლერანტობის“, მიმღებლობის ელემენტი.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა იმ მსხვერპლების შემთხვევაში, რომლებიც დაიღუპნენ გამყოფი ხაზის კვეთის დროს, რადგან ისინი იძულებული იყვნენ ესარგებლათ სახიფათო გზებით იმ მიზეზის გამო, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებებმა მათ გადაადგილების თავისუფლებაზე უკანონო შეზღუდვები დაუწესეს. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში დაადგინა არამხოლოდ მსხვერპლების მკვლელობის ან სიკვდილამდე ცემის შემთხვევებში, არამედ მაშინაც, როდესაც მსხვერპლები, სროლის შემდეგ ცოცხლები გადარჩნენ. ეს შემთხვევები ევროპულმა სასამართლომ გამონაკლის გარემოებებად მიიჩნია, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებმა მათი სიცოცხლე არსებითი რისკის წინაშე დააყენეს.

ამგვარად, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის არსებით და პროცედურულ ნაწილებთან შეუსაბამო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა.

წამების, არაადაამინური ან ღირსებისშემლახავი მოპყრობის  ან დასჯის აკრძალვა

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან, მინიმუმ 50 ინციდენტი (აქედან მინიმუმ 20 - შეეხებოდა აფხაზეთს, ხოლო მინიმუმ 30 - სამხრეთ ოსეთს) მისი შეფასების ფარგლებში ექცეოდა.

სასამართლო დაეყრდნო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 2017-2018 წლების ანგარიშებს, რომელიც მიუთითებდა 2016 წელს 190 დაკავების შემთხვევაზე, და რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ გადაკვეთის წერტილების შემცირება გამოიწვევდა გაზრდილ დაკავებებს, და საქართველოს სახალხო დამცველის ცნობებზე ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე; გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის 2022 წლის ანგარიშს, რომელიც მიუთითებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფლების თვითნებური აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე; თომას ჰამერბერგის და მაგდალენა გრონოს 2017 წლის ანგარიშს, რომელიც მიუთითებდა, რომ პატიმრობის პირობები აფხაზეთში იმდენად ცუდი იყო, რომ შეიძლება გამოეწვია ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქოლოგიური ხასიათის მწვავე პრობლემები.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ინციდენტები საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იყო იმისათვის, რომ მიჩნეულ იქნეს სისტემურად. ასევე, რუსეთის ხელისუფლების არაეფექტიანი გამოძიების გათვალისწინებით, სასამართლომ ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა აღნიშნული ადმინისტრაციული პრაქტიკის მიმართ „ოფიციალური ტოლერანტობის“ ელემენტი. ამასთან, სასამართლოს თანახმად, აღნიშნული პრაქტიკა აღწევდა სიმწვავის მე-3 მუხლისთვის აუცილებელ მინიმალურ ხარისხს. ამგვარად, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილებს.

თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების დარღვევა

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება ან პატიმრობა, ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას არღვევს. 

საქართველოს მთავრობამ სასამართლოს საოკუპაციო ხაზის „უკანონო“ გადაკვეთის გამო 2800-ზე მეტი დაკავებისა და პატიმრობის შემთხვევები წარუდგინა. სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაცია - ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელ ხაზზე 2011 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო დაკავებებთან დაკავშირებით 2741 მიმართვა. სასამართლოს მოსაზრებით, ეს არ იყო იზოლირებული ინციდენტები და ისინი იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ თანმიმდევრულ და სისტემურ დარღვევებად მიჩნეულიყო. სასამართლოს ჩათვალა, რომ „უკანონო“ კვეთის გამო საქართველოს მოქალაქეების დაკავების პრაქტიკაზე რუსეთის ფედერაციას  ოფიციალური ტოლერანტობა ჰქონდა, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრად მიიჩნევს.  

სასამართლომ მიიჩნია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას არ აქვს უფლებამოსილება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე “კანონიერი დაკავება და დაპატიმრება“ განახორციელოს. სასამართლომ გაიხსენა საქმე მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ,[1] სადაც უკვე დაადგინა, რომ აფხაზეთის სამართლებრივი სისტემა არასდროს განიხილებოდა კონვენციის პრინციპებთან თავსებადად; რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არ შეუძლია განახორციელოს „კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება“. სასამართლომ ეს დასკვნა კვლავ ძალაში დატოვა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სხვაგვარი შეფასების საფუძველი სამხრეთ ოსეთის მიმართ. 

გადაადგილების თავისუფლების დარღვევა

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა, რაც მიმოსვლის თავისუფლებას გულისხმობს. სასამართლომ მტკიცებულებად განიხილა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის 2022 წლის  ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გრძელდებოდა შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებასთან მიმართებით როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ. ამგვარი შეზღუდვები უარყოფით გავლენას ახდენდა ადამიანის უფლებებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას. ეს ნეგატიურად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე განათლებაზე, ჯანდაცვაზე, პენსიებზე, ბაზრებსა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სხვა სერვისებზე. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში წარმოდგენილი ინციდენტები საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იყო და სისტემურ დარღვევებად უნდა მიჩნეულიყო. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც ჩათვალა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ პრაქტიკის მიმართ ოფიციალურ ტოლერანტობას იჩენდა. მე-5 მუხლის მსგავსად, სასამართლომ აღნიშნა რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არ აქვთ უფლებამოსილება მოქალაქეებს კანონიერად შეუზღუდონ გადაადგილების თავისუფლება. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული ადმინისტრაციული პრაქტიკა მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან მე-2 მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლების დარღვევა 

სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლისა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევაც დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მავთულხლართების გაბმისა და „ბორდერიზაციის“ შედეგად ეთნიკურ ქართველებს ეზღუდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების, საკუთარ სახლებზე, მიწებზე, სხვა საკუთრებასა და საფლავებზე წვდომა, რითაც განგრძობითად ირღვევა მათი უფლებები.  

სასამართლომ „Amnesty International”-ის „ბორდერიზაციის“ ადამიანის უფლებებზე გავლენის შესახებ ანგარიშზე მიუთითა. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების შემოსავლის ძირითად წყაროს მეცხოველეობა და მიწათმოქმედება წარმოადგენდა და  სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის დაკარგვამ ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები კიდევ უფრო გააუარესა, რაც ადეკვატური ცხოვრების სტანდარტის უფლებაზე უარყოფითად აისახება.

ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ დაკარგეს წვდომა საძოვრებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ტყის მიწებზე, რადგან რუსმა სამხედროებმა ამ ტერიტორიებზე მავთულხლართები და თხრილები მოაწყვეს. პროცესი წინასწარი კონსულტაციის ან ხშირ შემთხვევაში გაფრთხილების გარეშე დაიწყო; ხოლო დაზარალებული მიწის მესაკუთრეებს არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ. 

ანგარიშში აღნიშულია, რომ „ბორდერიზაცია“ და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უარყოფითად აისახა ოჯახური ცხოვრების უფლებაზე, რადგან ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც აღმოჩნდნენ გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, რთული ან ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია ერთმანეთის მონახულება. 

სასამართლომ მიუთითა, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში აღწერილი ინფორმაცია არის საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ სისტემურ პრაქტიკად ჩაითვალოს. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც დაინახა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშულ ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით ოფიციალური ტოლერანტობის ელემენტი. აგრეთვე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ არიან უფლებამოსილნი კანონიერად განახორციელონ მე-8 მუხლსა და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ჩარევა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კონვენციის შესაბამის მუხლებს.

ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა

საქართველოს პოზიციის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ეზღუდებათ განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. „ბორდერიზაციის“ პროცესმა და მიმოსვლის თავისუფლებაზე შეზღუდვებმა კი ეს მდგომარეობა უფრო გააუარესა. მთავრობის არგუმენტით, ამის ერთადერთი მიზეზი სეპარატისტული იდეოლოგიის გავრცელება და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ენისა და კულტურის რუსიფიკაციაა. 

სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას გაითვალისწინა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2019 წლის ანგარიში, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2022 წლის ანგარიში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის მიხედვით, ახალგორის, ზნაურის და სინაგურის ყოფილი ქართულენოვანი სკოლებიდან I-IV კლასებში რუსულ ენაზე გადასვლა 100-მდე მოსწავლეს შეეხო. შესაბამისად, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობა მოკლებულია მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობას. 

გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიშში მითითებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურად ქართველი პირებისთვის ქართულის სასწავლო ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წლის სექტემბრიდან, გალისა და მიმდებარე რაიონის სკოლებში, რუსული ენა თანდათან ცვლის ქართულს, როგორც სასწავლო ენას I-IV კლასებში. 2021 წლის სექტემბერში რუსულმა ენამ ჩაანაცვლა ქართული გალის რაიონის ყველა დარჩენილი ქართული სკოლების ზედა ორ კლასში, რითაც ქართულ სკოლებში რუსულ ენაზე სწავლებაზე გადასვლა დაასრულა.

კომისრის შეფასებით, სწავლების ენის ეს ცვლილება და მასთან დაკავშირებული საკითხები ძირს უთხრის სკოლებში განათლების ხარისხს და, სავარაუდოდ, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველი ბავშვებისთვის სასწავლო მიღწევების მნიშვნელოვნად დაქვეითებას გამოიწვევს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეთნიკურად ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა დისკრიმინაციულია; აფხაზეთის, სომხური და რუსული თემები აფხაზეთში განაგრძობენ განათლების მიღებას მშობლიურ ენაზე. 

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ იმსჯელა, შესაძლებელია თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ოფიციალურ ენად ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების სრული უმრავლესობა, ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს განუყრელ ნაწილად აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად. შესაბამისად, ქართული, როგორც ოფიციალური ენა საქართველოში, უნდა ჩაითვალოს ოფიციალურ ენად აგრეთვე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მოსაზრება, რომ აღნიშნულ ზომებს არ გააჩნიათ ლეგიტიმური მიზანი და მიიჩია, რომ ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვის ადმინისტრაციული პრაქტიკა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებასთან შეუსაბამოა. 

შეჯამება

აღნიშნული გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილებით დასრულდა. პირველი საქმე შეეხებოდა 2006-2007 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების, გაძევების და მასობრივი დეპორტაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას,[2] ხოლო მეორე საქმე შეეხებოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შედეგად დამდგარ ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების დაკავების, მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებზე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას.[3]

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონფლიქტის რეგიონებში და ოკუპაციასთან კავშირში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებზე რუსეთის პასუხისმგებლობის აღიარებისთვის და კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის უკანონო და ანექსიური ინტერვენციების მძიმე უფლებრივი შედეგების სათანადო შეფასებისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Mamasakhlisi and Others v. Georgia and Russia, nos. 2999/04 and 41424/04, 2023 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-223361

[2] Georgia v. Russia (I), no. 13255/07, 2014 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-145546

[3] Georgia v. Russia (II), [GC], no. 38263/08, 2021 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-207757

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“