საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
‘უმცირესობათა გადასარჩენად რა შეიძლება იყოს უკეთესი სტრატეგია, ვიდრე თავად უმცირესობის მიერ საკუთარი მედიისვე განვითარება თავიანთ ენაზე თავიანთი მოსაზრებების გასავრცელებლად?’
სტივენ ჰაროლდ რიგგინსი, 1992
შესავალი
2020 წლის 23 მარტს, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ორი რაიონი, მარნეული და ბოლნისი, ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევის გამო ჩაიკეტა (რადიო თავისუფლება, 2020). მსუბუქი პანიკა, რომელიც ქვეყანაში ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხეს მოჰყვა, მალევე ქსენოფობიისა და ნაციონალიზმის მორიგ ტალღაში გადაიზარდა, რაც ყველაზე ნათლად სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებლების კომენტარებში გამოვლინდა (ქევანიშვილი, 2020). „წითელ ზონებად“ გამოცხადებულ რაიონებში ჩაკეტილ მოსახლეობას მომდევნო დღეების განმავლობაში ერთდროულად უწევდა კორონავირუსთან, ეკონომიკური სიდუხჭირის შიშსა და ეთნო-ნაციონალიზმთან ბრძოლა. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივი აქტივისტების ენერგია კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, ვირუსის პრევენციასა და ეკონომიკური სირთულეების თავიდან არიდებაზე დახარჯულიყო, მათ მოუხდათ ინტერნეტ კამპანიის წამოწყება, რომლის მთავარი მესიჯიც იყო - „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“.
მიუხედავად ხშირად გაგონილი ფრაზისა, რომ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, სტატისტიკამ აჩვენა, რომ დაავადებით გამოწვეული ზიანი საკმაოდ არაერთგვაროვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისათვის. აღნიშნული ზიანი დამოკიდებულია წინაპირობებზე, რომლებიც საზოგადოებაში ამა თუ იმ ჯგუფს გააჩნია. მაგალითად, ამ თემაზე ერთ-ერთმა ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით უფრო მაღალია შავკანიან და ეთნიკურად შერეულ ადამიანებში (White & Nafilyan, 2020 Gross et al., 2020). ამას ხელს უწყობს სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა, ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემები ამ ჯგუფებში და დისკრიმინაცია, რომელსაც ისინი სისტემურად განიცდიან.
თავად ის ფაქტი, რომ კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონში დაფიქსირდა შესაძლოა უბრალო შემთხვევითობა იყოს, თუმცა, ამასთანავე, ამ რეგიონის ინფორმაციულ პერიფერიად არსებობაზეც მიუთითებდეს. ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევაზე ზრუნვა სხვადასხვა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ თუ მედიამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეული და ბოლნისი უკვე „წითელ ზონად“ იყო გამოცხადებული.
„პანდემიამ და მარნეული/ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ორი უჩინარი საკითხი გააშიშვლა. პირველი, ქვეყნის შიგნით არსებული უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და უჩინარი ხაზები. მეორე, ცენტრსა და პერიფერიებს, უმრავლესობასა და უმცირესობას, ელიტებსა და ჩაგრულებს შორის კავშირების ტრივიალური ბუნება,“ - ვკითხულობთ ბოლნისელი აქტივისტის ელმადდინ მამედლის ბლოგპოსტში (მამედლი, 2020).
ქართული ენის არ ცოდნის გამო, ამ რეგიონებში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ხშირად არაქართული ტელემაუწყებლობებია. აღნიშნული საკითხი, როგორც წესი, ეროვნული უსაფრთხოების ანდა ვიწრო ნაციონალისტურ ჭრილში განიხილება ხოლმე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე არაქართულენოვანმა მაუწყებლობამ შესაძლოა ქვეყნის ინტერესებისათვის დამაზიანებელი ზეგავლენა მოახდინოს. აპელირება ხდება ხოლმე აღნიშნული ჯგუფების ეროვნულ თვითშეგნებასა, თუ იდენტობის ჩამოყალიბებაზე. პრობლემის მხოლოდ ამ კუთხით დანახვა, გარდა იმისა რომ საზოგადოების ამ ჯგუფის ინსტრუმენტალიზებას ახდენს და სრულად უკარგავს ჯგუფის წევრებს აგენტობას, ასევე ივიწყებს ინფორმაციულ ვაკუუმში არსებობის სოციალურ და ჰუმანიტარულ საფასურს, რომლის გადახდაც ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს უწევთ ხოლმე.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სათანადო ინფორმირებულობის პირობებში, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ შიდა გავრცელება მაინცდამაინც ამ რეგიონში არ დაწყებულიყო? რამდენად დროული იყო ზემოთ ნახსენები აქტორების ქმედებები და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მოვლენების სხვაგვარი განვითარება, დროული ინფორმირებისა და ზომების ადრეულ ეტაპზე გატარების პირობებში? შეეძლო თუ არა მედიას პოზიტიური წვლილის შეტანა ამ პროცესებში და რატომ შეიძლებოდა, რომ ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი მაუწყებელს განსაკუთრებული როლი შეესრულებინა?
აღნიშნული შეკითხვების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე შევეცდებით, რომ წინამდებარე მცირე სამაგიდო კვლევაში ფოკუსირება მოხდეს იმაზე თუ რა ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ეთნიკურ უმცირესობებს, კერძოდ კი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ინფორმაციის ქართულად მიღება ენობრივი ბარიერის გამო შეუძლებელია. კვლევის მომდევნო ნაწილში მოკლედ მიმოვიხილავთ გამოყენებულ მეთოდოლოგიას, რომელიც ძირითადად მეორადი წყაროების ანალიზსა და ერთთვიან მედიამონიტორინგს ეყრდნობა. კვლევის საფუძვლად აღებულია 5 ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქესთან ჩატარებული ინტერვიუებიდან მიღებული ინფორმაცია და სწორედ მათ მიერ მოწოდებული პრობლემური საკითხების შუქზეა გააანალიზებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებების მუშაობა ერთი თვის განმავლობაში. შემდგომ ქვეთავებში ყურადღება იქნება გამახვილებული, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მნიშვნელობაზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საქართველოს ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებში, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიური ენა არ არის. კვლევის ბოლო ნაწილები კი დაეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის გაანალიზებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
კვლევა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია