[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC: ზელიმხან ხანგოშვილზე საქმეზე გამოძიება კვლავ ხარვეზებით გრძელდება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალურ უწყებებთან საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობის პროცესს აფასებს და მიიჩნევს, რომ გამოძიების ამ ეტაპზეც საქართველოს პროკურატურის მცდელობები დაგვიანებული აღმოჩნდა.

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), როგორც ზელიმხან ხანგოშვილის ინტერესების დამცვალმა ორგანიზაციამ, საქართველოს პროკურატურას მიმართა  და გერმანიაში მომხდარ დანაშაულსა და მანამდე, 2018 წლის 28 მაისს საქართველოში ხანგოშვილზე მომხდარ თავდასხმას შორის შესაძლო კავშირების შესწავლა მოითხოვა. რამდენიმე დღის წინ EMC-ს საქართველოსა და გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალურ უწყებებს შორის კომუნიკაციის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა. როგორც მასალების შესწავლა აჩვენებს, პროკურატურის მცდელობები ამ კუთხითაც დაგვიანებული აღმოჩნდა. კერძოდ, საქართველოს პროკურატურამ მის კოლეგა უწყებას ინფრომაციის მოწოდების თხოვნით ხანგოშვილის მკვლელობიდან მხოლოდ 7 თვის შემდეგ, 2020 წლის 19 მარტს მიმართა, ისიც EMC-ის რამდენიმე მიმართვის შემდგომ.[1]

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ოფიციალურ უწყებისგან  გამოითხოვა ინფორმაცია მკვლელობის დეტალების (მოტივი, მიზანი, მკვლელობაში მონაწილე სხვა პირები), მათ შორის ბრალდებული პირის მონაცემების შესახებ და ითხოვა, საქართველოში ზ. ხანგოშვილის თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული თავდამსხმელის შედარება გერმანიაში დაკავებულ პირთან. ამ მიმართვის შემდგომ, 2020 წლის 4 აგვისტოს დამატებითი მიმართვით გამოთხოვილი იქნა გერმანიაში ზ. ხანგოშვილის მკვლელობის მოტივით დაკავებული პირის ფოტოსურათები. გერმანიის ოფიციალური უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის დეტალებისა და ბრალდებულის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ ვერ დადგინდა საქართველოში ზ. ხანგოშვილის თავდამსხმელსა და გერმანიაში დაკავებულ პირს შორის რაიმე შესაბამისობა.

მთლიანობაში ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილის შემდგომ მიმდინარე გამოძიების პროცესის ანალიზმაც კიდევ ერთელ აჩვენა საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობისა და მოჩვენებითობის პრობლემა. კერძოდ, გამოძიებამ მხოლოდ მიმდინარე წლის მაისის თვეში, ანუ თავდასხმიდან 5 წლის შემდგომ გამოითხოვა ინფორმაცია  მასროთეკიდან ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობის დროს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების შესახებ; ამავე პერიოდში დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა  ხანგოშვილის ტანსაცმელზე სისხლის კვალის დადგენის მიზნით და  გამოითხოვა შემთხვევის ადგილზე არსებული მობილური ოპერატორების ანძებზე დაფიქსირებული მონაცემები; გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური ბაზიდან ცალკეულ პირთა საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ. ამასთან ერთად, გამოკითხა რამდენიმე პირი, რომლებმაც საერთოდ ვერ შეძლეს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს ჩატარებული არცერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი რაიმე გარემოება არ დადგენილა. მომხდარიდან დიდი დროის გასვლის შემდგომ ამგვარი მოლოდინი რეალურად ვერც იარსებებდა.

ამდენად, მიმდინარე წელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიების ჩატარება და ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება აშკარა დაგვიანებით განახორციელა, რაც გაცნობიერებული გულგრილობისა და მისი მოქალაქის სამართლებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების უგულებელყოფის განცდას ტოვებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში მოხდა. ხანგოშვილს მანქანაში 8 ტყვია ესროლეს და  შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მომხდარის ირგვლივ საქართველოში დაიწყო გამოძიება, თუმცა გამოძიების პირველივე ეტაპზე კი საქართველოს პროკურატურამ დემონსტრაციული უმოქმედობა გამოავლინა და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება დააგვიანა.[2]  საქართველოში მიმდინარე გამოძიების დასაწყისშივე   ხანგოშვილი უთითებდა, რომ 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო მის მიმართ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ინტერესი მაღალი იყო, რასაც მისივე თანამებრძოლების დემონსტრაციული მკვლელობები ადასტურებდა. აღნიშნულის მიუხედავად, სამართალდამცავმა უწყებებმა უარი თქვეს ხანგოშვილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე, რის გამოც მას საქართველოს დატოვა მოუწია. ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ეროვნების ვადიმ კ.-მ  ხანგოშვილი რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების შეკვეთით მოკლა. ამჟამად ვადიმ კ.-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე კვლავ ტარდება ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, მათი ნაწილის რელევანტურობა მომხდარი ფაქტიდან ხუთი წლის გასვლის შემდგომ საკმაოდ პრობლემურია და ჩვენი აზრით, რაიმე სამართლებრივი შედეგის დადგომას არ ისახავს მიზნად.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თბილისში 2015 წელს ხანგოშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიების აშკარა არაეფექტიანობისა და გაჭიანურების  მიზეზების შესახებ;

საქართველოს მთავრობას

  • გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გამოძიების შედეგების და მისი უმძიმესი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, გააკეთონ ოფიციალური საჯარო განცხადებები, რომელიც ღიად დაგმობს რუსეთის რეპრესიულ პოლიტიკას და ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქის ღირსებასა და ინტერესებს დაიცავს.

EMC აგრძელებს ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაზარალებულის მხარდაჭერას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას სიახლეების შესახებ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პირველი მიმართვა 18.12.2019, მეორე მიმართვა 23.01.2020

[2] შენიშვნა: საქმეზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებები მათ შორის ვიდეო ჩანაწერების ამოღება და შესწავლა ან საერთოდ არ განხორციელებულა ან დაგვიანებით ჩატარდა, რამაც მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია და შეუძლებელი გახადა თავდამსხმელი პირების დროული იდენტიფიცირება და დაკავება; გამოძიებამ არ უზრუნველყო ამოცნობის პროცედურის ჩატარება უშუალოდზელიმხან ხანგოშვილთან ერთად და სხვა მნიშვნელოვანი საექსპერტო კვლევებიც საქმეზე მხოლოდ დაგვიანებით სამი წლის შემდგომ ჩაატარა,; ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მკვლელობის მცდელობაზე მიუთითებდა, გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაიწყო და კვალიფიკაცია მხოლოდ 3 წლის შემდგომ შეიცვალა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“