[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC სუს-ში მიმდინარე გამოძიებასა და თამთა მიქელაძის გამოკითხვის პროცესს ეხმიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და მიაჩნია, რომ მას სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი შეიძლება გააჩნდეს. ამასთან, ჩვენთვის პრობლემურია ამავე საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის მოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მიგვაჩნია, რომ გამოკითხვამ შესაძლოა ჩვენი მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სუს-მა მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას წინ უძღვოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომელშიც მან უკმაყოფილება გამოხატა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაზე და ქალაქის მერს ძეგლის აღებაზე ულტიმატუმი წაუყენა. ეპისკოპოსის განცხადებას მკვეთრად შოვინისტური კონოტაცია ჰქონდა.ჯამდელიანის შეხედულებები სოციალური ქსელების მეშვეობით ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აქტიურად გაავრცელეს, რასაც თან ერთვოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მანამდეც დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენების, ასევე პანდემიის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის დროს, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ სიძულვილის ენა და რიტორიკა აგრესიულად ვრცელდებოდა, მათ შორის, ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან. ცხადია, რომ ამ კამპანიამ მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა ადგილობრივ თემზე და აქტივისტებზე. სამწუხაროდ, სიძულვილის ამ აგრესიულ რიტორიკას, არ გამოეხმაურნენ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები. რელევანტურმა სახელმწიფო უწყებებმა არც ნარიმანნარიმანოვის ძეგლის გარშემო მიმდინარე დისკუსიის მოდერაციისა და დემოკრატიული დისკუსიების ფარგლებში გადაზრდის პასუხისმგებლობა აიღეს. საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდა დაკავებული თანამდებობიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა (ზაალ) აბაშიძის გადაყენება, რომელმაც ამ პროცესებთან დაკავშირებით მკვეთრად რასისტული განცხადება გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად უნდა მიემართებოდეს ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არა მხოლოდ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა.

მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოქცევის პრობლემა, რომელიც უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის უსაფრთხოების მზერით დანახვისა და ამ პერსპექტივის დომინირების პრობლემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

EMC ესწრებოდა რამდენიმე აქტივისტის გამოკითხვას. ჩვენს წარმომადგენელს სუს-მა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულება დააკისრა. ცხადია, რომ ამ მექანიზმის გამოყენება გამოძიების პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის შემცირებას ისახავს მიზნად და გამოკითხულ პირებს საკუთარი პოზიციების დაცვისა და უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას ართმევს. დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია მოგაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია გამოკითხვის დროს დასმულ საკითხებზე. თუმცა, ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ასევე ფორმულირება საკმაოდ პრობლემური იყო და აჩენდა აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებისა და კონტროლის განცდას. რიგ შემთხვევაში, როდესაც აქტივისტების მიერ ადგილი ჰქონდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე საკუთარი აზრის გამოხატვას, საგამოძიებო ორგანო დასმული კითხვებით თითქოს ადანაშაულებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის შექმნაში. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ პროცესში სუს-ი დაინტერესებული იყო იმ ზიანითა და სტრესით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა შოვინისტური და მტრული ენისა და რიტორიკის გამო მიიღეს. ამ პირობებში გაჩნდა განცდა, რომ გამოძიება ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს სამოქალაქო აქტივისტებისა და შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, რაც უსამართლო და პრობლემურია. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როცა ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების აშკარა სამართლებრივ ლოიალობას ულტრა-კონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ.

ბოლო წლებია საქართველოს აზერბაიჯანელ თემში ჩანს ადგილობრივი აქტივისტების უნიკალური თვითორგანიზება სოციალური ცვლილებებისთვის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის. მათი რიტორიკა სამოქალაქო ნაციონალიზმის, თანასწორობის და სოლიდარობის იდეებს ეფუძნება. მათ განცხადებებში აშკარად ჩანს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ სივრცესთან ღრმა ემოციური კავშირი და თვითიდენტიფიკაცია. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს აქტივისტების ეს ხმა და ამ სოციალური პროცესის მნიშვნელობა სათანადოდ არ ესმის და ამ უნიკალურ რესურსს ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებისთვის არ იყენებს. მათ შორის, პარლამენტს, მთავრობასა ან/და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს არ აქვს ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის რეგულარული და ინსტიტუციონალიზებული ფორმატები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის დირექტორის გამოკითხვაზე მოწვევის ფაქტზე კი კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, ჩვენსდა სხვა მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანების მიმართ ამგვარი პრაქტიკის გამოყენების პრობლემურობას და დამატებით დავძენთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი მუშაობით ხელი შეუწყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, მათ შორის, მშრომელებისთვის, ქალებისთვის, არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვის, შშმ პირებისთვის, უსახლკარო ადამიანებისთვის სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოსა და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას. სოლიდარობა, მშვიდობა, დემოკრატია - არის ის პრინციპები და ანალიტიკური და სტრატეგიული ჩარჩოები, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია მის ყოველდღიურ სამუშაოში იყენებს. ჩვენი მუშაობის მიზნების, პოლიტიკის კრიტიკისა და იდეალების გაზიარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიმდინარე გამოძიების პროცესში ასევე არ იქნება პრობლემა და არც გამოკითხვის ამგვარი პრაქტიკა მოახდენს რაიმე გავლენას ჩვენი მუშაობის სულისკვეთებაზე, სიცოცხლისუნარიანობასა და მასშტაბზე. თუმცა, ბუნდოვანი მიზნების, კონტექსტისა და არაგამჭირვალე პროცედურით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვა მის საქმიანობასთან ირიბად დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის გამოვლინებაა და პრობლემურად მიგვაჩნია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა

  • საჯაროდ დააზუსტოს თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება;
  • არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა;

მთავრობამ

  • შექმნას დემოკრატიული სადისკუსიო სივრცე ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის და ის ადამიანის უფლებების, სამართიანობისა და ინკლუზიის იდეებისა და პრინციპების განუხრელ დაცვასა და პატივისცემას დააფუძნოს;
  • გაიაზროს არადონინატურ ეთნიკურ ჯგუფებში მიმდინარე უნიკალური დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესები და შექმნას ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის მყარი დაინსტიტუციონალიზებული ფორმატები;
  • გაიაზროს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოთავსების პრობლემურობა და შეცვალოს აღნიშნული წესი.

სახალხო დამცველმა

  • გასწიოს სუს-შიმიმდინარე გამოძიების პროცესზე მონიტორინგი და საკუთარი შეფასებები დროულად გაუზიარეს საზოგადოებას.

EMC აგრძელებს ამ პროცესში სამოქალაქო აქტივისტების ინტერესების დაცვას სამართლებრივი და ადვოკატირების სხვა საშუალებებით და გამოძიების პროცესის შესახებ სიახლეებს საზოგადოებას მომავალში დამატებით მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“