EMC შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის საპარლამენტო მოსმენას ეხმიანება და მოუწოდებს უწყებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიციის რეალური დეპოლიტიზირებისთვის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის.
მე-10 მოწვევის პარლამენტში გრძელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენა.[1] 22 დეკემბერს, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის (ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდადცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა) გაერთიანებულ სხდომაზე, სხვა კანდიდატებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს - ვახტანგ გომელაურსაც მოუსმინეს. საპარლამენტო მოსმენისას, მინისტრობის კანდიდატმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან[2] ერთად, წარმოადგენა სამინისტროს სამომავლო გეგმა, რომელიც მოიცავს საგამოძიებო სისტემის რეფორმას, მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ და კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.[3]
მინისტრის ანგარიშში ცალკე იყო ყურადღება გამახვილებული დანაშაულის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ქონებრივი დანაშაული. კერძოდ, ყაჩაღობა - 42%-ით, გამოძალვა - 34%-ით; ძარცვა - 25%-ით; ქურდობა - 12%-ით და ბინების ქურდობა - 28%-ით. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვახტანგ გომელაური საუბრობს გაუმჯობესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და პოლიციის მაღალ ეფექტიანობაზე.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა იყო უკიდურესად დახურული და მისი წარმომადგენლები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ საზოგადოების ჩართულობას უწყების საქმიანობის დაგეგმვლის/რეფორმირების პროცესში. სამინისტროს მხრიდან სრულიად შეჩერებული იყო სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გასატარებელ რეფორმებზე. ამავდროულად, მინისტრობის კანდიდატის სიტყვიდან მნიშვნელოვანი გამოწვევები სრულად იყო იგნორირებული, ნაწილი საკითხებისა კი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო ნაჩვენები:
-
უწყების დეპოლიტიზირება - დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა პოლიტიზირების მაღალი ხარისხია, რაც გამოწვეულია შინაგან საქმეთა მინისტრის ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლებით როტორც ადმინისტრაციულ საკითხებზე, ისე ოპერაციულ (საპოლიციო/საგამოძიებო) საქმიანობაზე;
-
ძალის გადამეტების პრევენცია - მნიშვნელოვან პრობელად რჩება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება. ამაზე საპასუხოდ, სამინისტროს ამ დრომდე არ გააჩნია არასათანადო მოპყრობის ერთიანი სტრატეგია. აგრეთვე არაეფექტურია უწყების გენერალური ინსპექცია, რომელიც ვერ სარგებლობს საკამრისი ფუნქციური დამოუკიდებლობით და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე, სამართლიან დისციპლინირებას პოლიციის მუშაკების მიმართ;
-
საგამოძიებო სისტემის რეფორმა - მინისტრმა კიდევ ერთხელ დააანონსა საგამოძიებო სისტემის რეფორმა, რაც გულისხმობს ერთი მხრივ შიდა იწყებრივ ფუნქციურ გამიჯვნას საპოლიციო/ოპერატიულ/საგამოძიებო ორგანოებს შორის, მეორე მხრივ კი გამოძიების პროცესში პროკურორისა და გამომძიებლის ფუნქციების ახლებურად განსაზღვრას. ეს საკითხები უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მაღალი დონის საპოლიციო და საგამოძიებო სისტემების შესაქმნელად და სამოქალაქო ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ ამ რეფორმის საჭიროებაზე. სამწუხაროდ, გასული ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ გადადგმულა ერთი ქმედითი ნაბიჯიც კი რეფორმის პროცესის საჯაროდ ინიცირებისთვის. აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე დროულად დაიწყოს ღია სამუშაო პროცესი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა;
-
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ლუკა სირაძის ტრაგიკული საქმის შემდგომ, სამინისტრომ დააანონსა არასრულწლოვანთა სამმართველოს შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ვლილებები პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაშ. თავისთავად, აღნიშნული გადაწყვეტილებები პოზიტიურია, თუმცა არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კუთხით სამინისტროს მხრიდან მეტად სისტემური ნაბიჯებია საჭირო, რაც გულისხმობს პოლიტიკის დონეზე ისეთი მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას, რომლის პირობებშიც გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მისი სოციალური, ეკონომიკური საჭიროებები. ასევე, სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, უშუალოდ ლუკა სირაძის შემთხვევაზე მიიღო თუ არა უწყებამ თუნდაც დისციპლინური ზომები უწყების იმ თანამშრომლების მიმართ, ვისზეც არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმისწაროება.
-
პრევენცია და კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკა - აღნიშნულ საკითხებზე მინისტრის გამოსვლაში ძირითადი აქცენტი კეთდება კვლავაც კონტროლის და უსაფრთხოების იდეაზე - დიდი რაოდენობით სათვალთვალო კამერებზე, ახალ საპოლიციო ინფრასტრუქტურაზე; უკონტაქტო პატრულირების გაძლიერებაზე და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ვახტანგ გომელაური არ გვთავაზობს საპოლიციო პრევენციის და კრიმინალთან ბრძოლის ახლებურ ხედვას, სადაც აქცენტი დასმული იქნება პოლიციის მიმართ ნდობასა და მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე;
-
დანაშაულის სტატისტიკა და კრიმინოგენული ვითარება - დანაშაულის სტატისტიკა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის შეფასების მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია. სტატისტიკით მანიპულირება ჩვენი კონტექსტისთვის უცხო არ არის, ამიტომ ხაზი უნდა გაესვას, რომ რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა, ან კლება ავტომატურად არ ნიშნავს კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებას თუ გაუარესებას. პანდემიის შედეგად გაუარესებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში, საჭიროა მეტი ინფორმაცია და დასაბუთება, რის ხარჯზე მცირდება აღნიშნული დანაშაულების სტატისტიკა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვანი საპოლიციო რესურსი პანდემიასთან დაკავიშრებულ საქმიანობაზე იყო მიმართული. დანაშაულის სტატისტიკა რომ კრიმინოგენული ვითარების შეფასებისთვის არასაკმარისია, ამას თავად 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა მკვლელობის მცდელობა, მაგრამ 11%-ით გაიზარდა მკვლელობის დანაშაული;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- უზრუნველყოს სისტემის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. აგრეთვე დაიწყოს პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე მუშაბა;
- წარმოადგინოს საგამოძიებო სისტემის რეფორმის კონკრეტული ხედვა და მისი შემუშავების პროცესში უზრუნველყოს დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა;
- დანაშაულთან ბრძოლის და საპოლიციო პრევენციის პოლიტიკა არსებითად დაეფუძნოს მოქალაქეებთან თანამშრომლობის და ურთიერთნდობის პრინციპებს;
- უზრუნველყოს დანაშაულის სტატისტიკის სრულყოფილად და ზუსტად წარმოება. ხოლო კრიმინოგენული ვითარების შესაფასებლად, რეგულარულად აწარმოოს სათანადო კვლევები, რომლებიც სრულყოფილ სურათს მოგვცემს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.