საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს შეაჩეროს ახალი დირექტორის მიერ წარმოდგენილი რეფორმის იდეა, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციასა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2016 წლის 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეულმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი გეგმა (2017-2019) წარუდგინა[1]. სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით იგეგმება შემდეგი ღონისძიებების გატარება: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემისა და წარმოების შეჩერება (გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა); თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის განსაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა.
დირექტორის განცხადებით, ახალი სამაუწყებლო ბადის დანერგვა 2018 წლიდან იგეგმება, შესაბამისად 2017 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის წარმართვა მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების რეჟიმში იგეგმება. აღნიშნულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საჯარო ადმინისტრაციული წესით იღებს.[2]
საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო მიზნებისა და ინტერესებისთვის შექმნილი, საზოგადოების მიერ დაფინანსებული და მის წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებელია, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს კომერციული და პარტიულ-პოლიტიკური ჯგუფების გავლენებისგან და საზოგადოების ინფორმირებას, პოლიტიკური ცნობიერების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა ჯგუფების უკმაყოფილებების, მოთხოვნებისა და საჭიროებების რეპრეზენტაციას უნდა უწყობდეს ხელს. მისი საქმიანობა პლურალიზმის, პროგრამული მრავალფეროვნების, სარედაქციო დამოუკიდებლობის, სათანადო, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე დაფინანსების პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს[3]. ფინანსური და პარტიული ინტერესებისგან თავისუფალი მედია და სოციალური სივრცე საზოგადოების ნამდვილ მოთხოვნებს და დღის წესრიგებს უნდა ასახავდეს და კრიტიკული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით ხელისუფლებისა და სხვა ძალაუფლებრივი სუბიექტების ანგარიშვალდებულებას უნდა უწყობდეს ხელს. საზოგადოებრივ მაუწყებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ გამოხატვის თავისუფლების დაცვის კონტექსტში და მათი, როგორც პლურალისტული კომუნიკაციისა და სოციალური ერთობის მატარებელი სივრცის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში.[4]
EMC მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს მიმდინარე მოვლენები არსებითად აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და მედია სივრცის ჩაკეტვისა და მასზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების რისკებს ქმნის. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევა, რომელიც 2014-2016 წლებში მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული შპს „ჯი-დი-ეს“-ისთვის გენერალური პროდიუსერი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებელზე ხელისუფლების გავლენების გაძლიერების თაობაზე ეჭვებს იმთავითვე აჩენდა. ნაჩქარევად, სათანადო კვლევისა და საჯარო დისკუსიების გარეშე, ახლადარჩეული დირექტორის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმა, რომელიც მაუწყებლის საქმიანობის ფაქტობრივ შეჩერებას ყველაზე კრიტიკულ პოლიტიკურ კონტექსში (მათ შორის, მოსალოდნელი არჩევნების, საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური კრიზისების ფონზე), ითვალისწინებს, არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. ზოგადად ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესების შუქზე (მათ შორის, დიდი ტელევიზიების- იმედის, მაესტროსა და GDS) ერთ მედია ჰოლდინგში გაერთიანება[5], რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მედია პლურალიზმსა და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად აზიანებს და პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციის ტენდეციაზე უთითებს.
უნდა აღინიშნოს, რომ წარდგენილი სამოქმედო გეგმის შინაარსი, რომელიც რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგრამების დახურვასა და მხოლოდ საინფორმაციო გადაცემების შენარჩუნებას ითვალისწინებს, არ შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის, ავალდებულებს:
- უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;
- საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები;
- უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის;
- ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი.
ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების, მათ შორის, მოდერნიზაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, თუმცა რეფორმის პროცესის კანონის, ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე წარმართვა, მიუღებელია და ის კიდევ უფრო მეტად დააზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და მედია პლურალიზმს ქვეყანაში. ბოლო დროს საზოგადოებრივ მაუწყებლმა შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ანალიტიკური გადაცემის ამუშავება, რომელიც ჩაგრული, მარგინალიზებული სოციალური ჯგუფების პრობლემების ჩვენებისა და ჩაგვრის გამომწვევი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიზეზების გააზრებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე გახდა. მსგავსი გადაცემების დახურვა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლას მნიშვნელოვნად დააზიანებს და ისედაც გარიყული თემების და ჯგუფების ხილვადობას შეასუსტებს.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის მხრიდან კონკურენციის და ბაზრის მოთხოვნების კონცეფციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის განხილვა, იმთავითვე წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო ინტერესების გამტარი მედიუმის და საჯარო სიკეთის იდეასთან. პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ნეიტრალური, საჯარო ინტერესებზე ორიენტირებული მედია სივრცე მნიშვნელოვანი და გადასარჩენი ღირებულებაა საზოგადოებისთვის.
ამავდროულად ხაზი უნდა გაესვას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციის თაობაზე გაკეთებული განცხადების პრობლემურობას, რომელიც ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანიების მასობრივი გათავისუფლებისა და შრომითი უფლებების უხეში დარღვევის წინაპირობა შეიძლება გახდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური მოდერნიზაციის ხარჯზე, იქ დასაქმებული ადამიანების მასობრივი გათავისუფლება და მათი სოციალური და ჟურნალისტური ინტერესების სრული უგულებელყოფა, ანტიჰუმანური და უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს:
EMC გააგრძლებს საზოგადობრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მათ შორის, დაგეგმავს სამართლებრივი რეაგირების პროცესებს.
[1] სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია http://gpb.ge/new/slide/
[2] მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი
[3] მათ შორის, იხილეთ, ECHR CASE OF MANOLE AND OTHERS v. MOLDOVA #100, გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-123409
[4] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია "წევრ სახელმწიფოებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ", 2006 წლის 27 სექტემბერი, ხელმისაწვდომია:https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?p=&Ref=Decl-27.09.2006&Sector=secCM&Language=lanEnglish&Ver=original&BackColorInternet=9999CC&BackColorIntranet=FFBB55&BackColorLogged=FFAC75&direct=true
ინსტრუქცია