საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა დანიის მოქალაქის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები, რომელიც ზღუდავდა უცხოელთა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონის უფლებას. 2013 წლის 23 მაისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. ტყემალაძისა და გ. აგულაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ხსენებულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 2013 წლის 28 ივნისს.
კანონპროექტის მიხედვით საკანონმდებლო ორგანო, ერთის მხრივ აღიარებს უცხოელთა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა საკუთრების უფლებას, მეორეს მხრივ კი აწესებს ერთგვარ მონოტორიუმს აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე, კერძოდ, კანონის ძალაში შესვლიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე უცხოელები და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვერ განახორციელებენ ამავე კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი“. კონონპროექტით დაწესებულ შეზღუდვა თავისი არსით არაკონსტიტუციურად ცნობილი ანალოგის იდენტურია, მათ შორის ერთადერთი სხვაობა მოქმედების პერიოდს უკავშირდება, რასაც ბუნებრივია, უფლებაში ჩარევის ბუნებაზე ასახვას ვერ იქონიებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ავტორები უთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, როგორც ჩარევის სამართლებრივ საფუძველზე და ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელსაც ჩარევა ემსახურება, თუმცა უგულებელყოფილია ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ვერ დაინახა ურთიერთმიმართება ჩარევის ამგვარ ხასიათსა და არსებითად მსგავს ლეგიტიმურ მიზნებს შორის. სხვაგვარად, უდავოა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღო იმავე შინაარსის კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე იქნა ცნობილი არაკონსტიტუციურად.
განსახილველი კანონპროექტის ავტორები შეზღუდვის აუცილებლობას ხსნიან მიწის რაციონალური გამოყენების დაცვისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობით, შესაბამისად კანონპროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს მთავრობის ვალდებულებას კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება... სასოფლოს სამეურნეო მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზმება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“. აღსანიშნავია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი უშვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას - არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის მოქმედების გახანგრძლივების შესაძლებლობას, თუმცა თავად სასამართლოს და არა პარლამენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
გასათვალისწინებელია, შეზღუდვის არაგონივრული ინტენსივობაც, კერძოდ გაუგებარია, თუ კანონპროექტის მიხედვით 6 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, მისი საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგება და კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება უფლებაში ჩარევის განაგრძლივება 2017 წლამდე.
საბოლოოდ დასკვნის სახით შეიძება ითქვას შემდეგი, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნომების იდენტური შინაარსის დებულებებით აწესებს მონოტორიუმს საკუთრების უფლებით სარგებლობაზე, რომელიც ახდენს არამხოლოდ უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის პრევენციას, არამედ ზღუდავს საქართველოს მოქალაქის მიერ საკუთრების თავისუფალი განკარგვის უფლებასაც. ამასთან, ნორმით გათვალისწინებული ჩარევის ხარისხი სცილდება ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად აუცილებელი საშუალების ფარგლებს, რაც, ბუნებრივია, თანაზომიერების პრინციპზე უარყოფითად აისახება. პარლამენტი წარმოადგენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა კანონშემოქმედებითი საქმიანობისას მისი ავტონომიურობა შეზღუდულია ადამიანის უფლებითა და თავისუფლბებით, მას აკისრია განსკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ყოველგვარ გადაწყვეტილებას, რომლიც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებში ჩარევას მოიცავს. განხილული კანონპროექტის შინაარსისა და მყიფე არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არამხოლოდ უარყოფითად აისახება საკუთრების უფლების დაცვის ხარისხზე, არამედ ქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს.
ინსტრუქცია