[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC: სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის წახალისებას იწვევს

jw

EMC ეხმიანება ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაცხრილვის ფაქტს და მიიჩნევს, რომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა იწვევს ძალადობის წახალისებას, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის კი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას ართულებს.

2015 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, ვაზისუბნის მე-3 კვარტალში, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს. ოფისს  15-მდე  ტყვია ესროლეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შენობა პოლიციის განყოფილებიდან 300 მეტრში მდებარეობს, თუმცა გამოძიება მხოლოდ მეორე დღეს, იეჰოვას მოწმეების პოლიციისთვის მიმართვის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ  დაზიანებას გულისხმობს. იეჰოვას მოწმეების ინფორმაციით, აღნიშნულ ოფისზე თავდასხმის და დაზიანების ფაქტი პირველი არ არის.

EMC მიიჩნევს, რომ გამოვლენილი დანაშაულის კვალიფიკაცია სსკ-ის 187 მუხლით არ არის ადეკვატური და გამოძიებამ, ერთის მხრივ, უნდა შეისწავლოს შესაძლო დევნის (ქმედების განმეორებადობის გამო) გარემოება და მეორე მხრივ, უნდა გამოკვეთოს რელიგიური სიძულვილის მოტივი, რომელიც ნათლად ჩანს განსახილველ ქმედებაში.

აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ წარმოებული სტატისტიკის თანახმად[1], იეჰოვას მოწმეთა თემის მიმართ მათი რელიგიური კუთვნილების გამო, 2010-2012 წლებში, მთლიანობაში, 25-მდე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. 2013 წელს აღნიშნული რიცხვი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 47-ს შემთხვევას მიაღწია. 2014 წელს დაფიქსირდა 45 შემთხვევა, ხოლო 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, ადგილი ჰქონდა ძალადობის 34 ფაქტს.

იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი ცალკეული პირების, ხშირ შემთხვევაში კი დომინანატი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო, რელიგიური საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარის, იძულების, ცემის, დევნისა და სხვადასხვა ფორმით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. მათ შორის გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს მათი საკულტო ნაგებობების დაზიანება. აღნიშნულ შემთხვევებზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირების შედეგად კი, ხშირად, ძალადობის ფაქტები ერთი და იმავე პირებისგან/პირთა ჯგუფისან მომდინარეობს.

EMC-ისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში იეჰოვას მოწმეთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან, სამართალდამცავები ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება, პოლიცია ხშირად დროულად არ იწყებს გამოძიებას, ან დაწყებულ გამოძიებას მალევე წყვეტს დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. კიდევ უფრო ხშირ შემთხვევში კი, დაწყებული გამოძიების პროცესი ჭიანურდება. გამოძიების მიმდინარეობის დროს, პროკურატურა იეჰოვას მოწმეებს არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, რაც მათ გამოძიების პროცესის კონტროლის შესაძლებლობას ართმევს.

ამასთან, იეჰოვას მოწმეების ადვოკატები მიუთითებენ თემის წევრების მიმართ გამოვლენილი სამართალდარღვევების კვალიფიკაციის პრობლემაზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს იეჰოვას მოწმეების სისტემურ და განგრძობად დევნას რელიგიური ნიშნით, საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას იწყებენ ცემის ან ჯანმრთელობის დაზიანების სპორადულ ფაქტებზე და გამოძიების პროცესში არ აკეთებენ მითითებას რელიგიური სიძულვილის სავარაუდო მოტივზე.

იეჰოვას მოწმეების ადვოკატების შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის შესახებ ინფორმირებული პოლიციის თანამშრომლები სიძულვილის ენას იყენებენ მათი თემის წევრების მიმართ. აღნიშნულ ფაქტებზე კი გენერალური ინსპექცია, როგორც წესი, არ რეაგირებს ეფექტურად და მიუხედავად გადაცდომის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არსებობსა, არ იყენებს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომებს.

იეჰოვას მოწმეემის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ პროკურატურა, ხშირად, ლოიალობას ავლენს და აშკარად არაადეკვატური სასჯელის ზომებს იყენებს. მაგალითად, სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახამად, 2014 წელს, იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მხოლოდ 2 შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, მათ მიმართ გამოყენებულია სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმები: ერთ შემთხვევაში, 3000-ლარიანი ჯარიმა, მეორე შემთხვევაში - 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადა. [2]

სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურის აშკარა ლმობიერი სისხლის სამართლის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის აღმოფხვრასა და შემცირებას.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კრიტიკული გადაწყვეტილებების (გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და 4 სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) მიუხედავად, სახელმწიფო არ უზრუნველყოს ეფექტური პოლიტიკის გატარებას იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობისა და ძალადობის პრევენციისთვის. ბოლო პერიოდში კი, ამ კუთხით არსებული მდგომარეობა გაუარესებულიც არის. რელიგიის თავისუფლების შეზრუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს აშკარად არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკა რელიგიური ძალადობის ზრდას განაპირობებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]შენიშვნა: იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის განმარტებით, მათი იურისტები ყოველწიურად  ადგენენ სტატისტიკურ მონაცემებს იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, სტატისტიკურ მონაცემებში აღირიცხება ყველა ის ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც მათ სამართალდამცავ სტრუქტურებს აცნობეს, ყველაზე მძიმე შემთხვევებზე კი ინფრომაციას ასევე აწვდიან სახალხო დამცველის ოფისს.

[2] http://ombudsman.ge/uploads/other/2/2439.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“