[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC: სახალხო დამცველმა თეოდორე გიგნაძისთვის საუნივერსიტეტო სივრცის დათმობაზე უარი დისკრიმინაციად არ ჩათვალა

2016 წლის 22 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სტუდენტების ჯგუფი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სტუდენტების ჯგუფი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე ამტკიცებდა, დეკანოზი თეოდორე გიგნაძისთვის რელიგიური ქადაგებისთვის სივრცის დათმობაზე უარის თქმა ადმინისტრაციის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპრობა იყო.

უნივერსიტეტის მხრიდან განსხვავებული მოპყრობის არ არსებობისა და განმცხადებლების მხრიდან დისკრიმინაციის ნიშნის იდენტიფიცირების შეუძლებლობის გამო, საქმის დეტალური განხილვის შემდეგ, სახალხო დამცველმა არ დააკმაყოფილა განაცხადი და საქმეზე არ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი.

მოცემულ საქმეზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან დეკანოზის საჯარო ლექციების ჩატარებაზე სტუდენტების ჯგუფისთვის გაცემული უარი ეფუძნებოდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ შიდა რეგულაციას, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში გარეშე პირთა მოწვევისა და საჯარო ღონისძიების გამართვის პირობებს აწესრიგებს. რეგულაციის შესაბამისად, უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიებები სასწავლო და კვლევით მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და შეესაბამებოდეს სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლების პრინციპებს. უნივერსიტეტში რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი დაუშვებელია, ასევე აკრძალულია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც დისკრიმინაციულია და ლახავს რომელიმე პირისა ან ჯგუფის უფლებებს განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობითი კუთვნილებისა.

დეკანოზის მიერ სხვა საუნივერსიტეტო და საჯარო სივრცეებში მანამდე გაკეთებული ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და რასისტურ განცხადებებზე მითითებით, ასევე საუნივერსიტეტო სივრცეში სეკულარული გარემოს შექმნის ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, EMC მოცემულ საქმეზე ამტკიცებდა, რომ დეკანოზი თ. გიგნაძისთვის რელიგიური ქადაგებისთვის საუნივერსიტეტო სივრცის დათმობა უნივერსიტეტში თანასწორი და სიძულვილის ენისგან თავისუფალი გარემოს შექმნას ემსახურებოდა. ამასთან, საქმეზე EMC უთითებდა, რომ განმცხადებლებმა ვერ მიუთითეს ვერც ერთი სხვა შემთხვევა, როდესაც რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, რომელიმე დენომინაციის წარმომადგენელს არააკადემიური მიზნებისთვის, მათ შორის, ქადაგებისთვის უნივერსიტეტმა სივრცე დაუთმო.

EMC მიესალმება სახალხო დამცველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და უთითებს, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტები სეკულარულ, აკადემიურ ცოდნაზე და ემანსიპაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკებს ატარებდნენ და არ გახდნენ ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის კულტივირების კერები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“