[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC–ს კვლევა: რელიგიური კონფლიქტებისას სახელმწიფოს რეაგირება არაადეკვატური იყო

წყარო: netgazeti.ge

რა გახდა ნიგვზიანში, სამთაწყაროსა და წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის მიზეზი და რა როლი ითამაშა სახელმწიფომ კონფლიქტის მოგვარებაში? ამ საკითხებზე კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა როგორც მედიაში ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალის ანალიზი, ასევე, საველე სამუშაოები. როგორც კვლევის ავტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ უშუალოდ კონფლიქტის დროს და რამდენიმე თვის შემდეგაც. მათ გამოკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა და კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე.

551432_686089194757056_536719450_n

კვლევამ გამოავლინა, რომ სამივე შემთხვევაში, რელიგიური კონფლიქტის მოგვარებაში პასიურ როლს თამაშობდა პოლიცია და გამოვლენილ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ჭიანურდება.

“კვლევამ აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, სამივე შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა იყო არაადეკვატური. სახელმწიფომ კონფლიქტის მოგვარება რელიგიურ ორგანიზაციებს მიანდო და ამით ისედაც არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი მართლმადიდებლურ და მუსლიმ თემს შორის მდგომარეობა კიდევ უფრო არათანაბარი გახადა. საჯარო განცხადებებშიც კი სახელმწიფო მოხელეებმა არც ერთხელ არ გააკეთეს აქცენტი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას”, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგების თანახმად სამივე სოფელში სერიოზულად დგას განათლების პრობლემა:

“კერძოდ, გამოვლინდა ის, რომ საჯარო სკოლებში ხდება მასწავლებლების მხრიდან არალიბერალური, არატოლერანტული განწყობების გაზიარება, თავსმოხვევა და დისკრიმინაციული მიდგომა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების მიმართ, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ განათლების სამინისტრომ გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები”, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს სხვა უწყებების მიმართაც, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რათა მომავალში განხორციელდეს მსგავსი კონფლიქტების პრევენცია, ან მსგავსი შემთხვევების დროული და ეფექტური გამოვლენა და აღკვეთა.

რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადახედოს და აღმოფხვრას ის საკანონკმდებლო ხარვეზები, რაც რელიგიური კონფესიების დაფინანსებას, დაბეგვრას და რელიგიური ნაგებობების მშენებლობის არასწორ პრაქტიკასთანაა დაკავშირებული.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა" (GDI) გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რელიგიურ ნიადაგზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი კონფლიქტი მოხდა და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ წინა გამოცდილება სწორად გამოიყენოს:

“ეს კვლევა დაგვეხმარება, რომ სამომავლოდ სწორად შევაფასოთ კონფლიქტის ახალი კერები თუკი გაჩნდება და სახელმწიფო და ყველა სუბიექტი, ვინც ამაზე მუშაობს, უფრო სწორად დაგეგმავს გამოსავალს, რადგან, სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც მუსლიმების წინააღმდეგ, ერთი მხრივ, მოქალაქეები გამოხატავდნენ აგრესიას და ისლამოფობიურ განწყობებს და მეორე მხრივ, როდესაც სახლემწიფოს რეაგირება არაადეკვატურია”, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

კვლევის სრული ვერსიის ნახვა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“