საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორიის, როგორც არჩევითი საგნის შეტანის იდეასთან დაკავშირებით. მიუხედავად, იმისა, რომ მინისტრის განცხადების შინაარსი და ამ მიმართულებით სამინისტროს მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, მათ შორის, არ არსებობს ინფორმაცია თუ რომელი რელიგი(ებ)ის ისტორიის შესწავლა იგულისხმება ინიციატივით, ასევე რომელი სასწავლო საფეხურიდან, ვის მიერ, რა შინაარსით და კონცეფციით მოხდება საგნის სწავლება, EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა სერიოზულ რისკებს შეიცავს საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, თანასწორი და აკადემიურ, კრიტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესისა და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
იმ პირობებში, როდესაც წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში არსებული რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, დისკრიმინაციის პრაქტიკების ეფექტიან პრევენციას, რელიგიის ისტორიის გაკვეთილების შეტანა არსებული ნეგატიური პრაქტიკების ფორმალიზებასა და არსებითად სწორედ დომინანტი რელიგიის სწავლებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
საჯარო სკოლების, მათ შორის, რელევანტური საგნების მასწავლებლების დიდ ნაწილს არ აქვს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კრიტიკული აკადემიური მიდგომებით სწავლების საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რაც სასწავლო პროცესში ეთნოცენტრისტული, ქსენოფობიური, ისლამოფობიური იდეების და წინასწარგანწყობების შეტანის და გავრცელების არსებითი მიზეზი ხდება. სასკოლო გარემო და სასწავლო პროცესი არამხოლოდ არ უზრუნველყოფს თავისუფალი, აკადემიური სივრცის შექმნასა და რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებისა და მისი სოციალური და ისტორიული მნიშვნელობის გააზრებას, არამედ ‘ჩვენ და ისინი’ ჯგუფებად საზოგადოების ფრაგმენტაციას იწვევს და სიძულვილს ახალისებს.
სახელმღვანელოებისა და სასწავლო პროცესის დონეზე, ასევე მასწავლებლების ხარისხის კუთხით არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, ცხადია, რომ არსებული განათლების სისტემა არ არის მზად რელიგიური პრეფერენციების გარეშე, ნეიტრალურად, აკადემიური მიდგომებით შეძლოს რელიგიების ისტორიის ან კულტურის სწავლების დანერგვა საჯარო სკოლებში.
სისტემური პრობლემები, რომელიც საჯარო სკოლებში სეკულარული, აკადემიური ცოდნის წარმოების აფერხებს, რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დაიყოს: 1. სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების დონეზე არადომინანტი რელიგიური და კულტურული სისტემების არასათანადო წარმოჩინება და რელიგიასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების არამეცნიერული ინტერპრეტაციები;[1] 2. მასწავლებლების აკადემიური მომზადებისა და სამოქალაქო აზროვნების დაბალი დონე და ამ მიმართულებით სისტემური გადამზადების პროგრამების არაეფექტურობა[2]; 3. საპატრიარქოს ფორმალური და არაფორმალური გავლენები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სკოლებში მიკრო დონეზე [3]; 4. შიდა მონიტორინგის მექანიზმების არაეფექტიანი და არაპროაქტიული მუშაობის პრობლემა. სამინისტროს შიდა მონიტორინგის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის და თანასწორობის კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის სათანადო იდენტიფიცირებას და გამოსწორებას და ამავდროულად, უფლების დარღვევის ინდივიდუალურ შემთხვევებშიც მსხვერპლის ნაცვლად, ლოიალური სასკოლო ადმინისტრაციის მიმართ რჩება. [4]
ამ პირობებში, სამწუხაროა, რომ ახალად დანიშნული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის კუთხით განათლების სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების აღიარების და გადაჭრის გზების ნაცვლად, რელიგიის ისტორიის სწავლებაზე აკეთებს სწორებას, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის რისკებს. ნიშანდობლივია, რომ მინისტრის განცხადება სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების აუცილებლობაზე პატრიარქის ბოლოდროინდელი განცხადების შემდეგ და კონტექსტში გაკეთდა[5], რაც განათლების სამინისტროზე დომინანტი ეკლესიის გავლენების შესახებ ეჭვებს ასევე აძლიერებს. სწორედ დომინანტი ეკლესიისა და სხვა სოციალური ჯგუფებისგან მომდინარე წინააღმდეგობაა არის ის ძირითადი მიზეზი, რომლითაც წლების განმავლობაში სასკოლო განათების სისტემაში რელიგიური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფისა და ემანსიპატორული ცოდნების შეტანის პროცესის შეფერხება აიხსნება ხოლმე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოახდინოს დასახელებული ინიციატივის ფართე საზოგადოებრივ ჯგუფებთან განხილვა და არსებული რისკებისა და წინა წლებში მსგავსი ინიციატივებით უკვე დაგროვებული ნეგატიური გამოცდილების სათანადო შეფასება.
[1] რელიგია საჯარო სკოლებში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2014 წელი, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2014/03/31/religia_sajaro_skolebshi/
ასევე, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში, შუალედური ანგარიში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), 2016, ხელმისაწვდომია: http://tdi.ge/sites/default/files/saxelmzgvaneloebis_analizi_tdi_2016.pdf
[2] ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების მიხედვით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), 2014 წელი, http://cciir.ge/upload/editor/file/jurnali%20%20bilingvuri%20/politikis%20dokumentebi%20/geo/axali/interkulturuli%20umaglesebshi.pdf
[3] ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის მეორე მოხსენება საქართველოზე, 2016 წელი, გვ. 19, ხელმისაწვდომია:
http://new.smr.gov.ge/Uploads/1_e7beda71.pdf
[4]რელიგიის თავისუფლება – სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2017/03/26/emc-238/
[5] https://1tv.ge/news/ilia-meore-khelisuflebam-unda-ifiqros-rom-skolashi-iyos-religiis-istoria/
ინსტრუქცია