საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) სურს ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება მიმართოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული უმძიმესი და სისტემური პრობლემისაკენ, რომელიც ავლენს სახელმწიფოს უსუსურ პოლიტიკას დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების არასათანადო დაცვაზე.
სახელმწიფოს მიდგომებს სოციალურ, მათ შორის შრომის, უფლებებთან მიმართებით ნათლად აჩვენებს მისი შიდა საკანონმდებლო ჩარჩო, რატიფიკაციის მიღმა დარჩენილი არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ამ უფლებების რეალიზების არსებული პრაქტიკა.
შრომის უფლება და უფლება სათანადო შრომის პირობებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მას არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი იცავს. ადამიანის უფლებათა კონცეფციის თანამედროვე გააზრება შრომის უფლებას ადამიანის პიროვნული თავისუფლების, თვითრეალიზაციის, განვითარების კონტექსტში განიხილავს და საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მიიჩნევს.[1] ამ კონცეფციას საუკუთესოდ ასახავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1944 წელს მიღებული ფილადელფიის დეკლარაცია, რომელიც შრომას საგნად არ განიხილავს, მას ადამიანის ღირსებას უკავშირებს და აცხადებს: „ყველას..აქვს უფლება მიაღწიოს მატერიალურ კეთილდღეობასა დასულიერ განვითარებას თავისუფალ და ღირსეულ პირობებში, ეკონომიკურ უზრუნველყოფასა დათანაბარ შესაძლებლობებს.“[2] ამავე ორგანიზაციის მიერ მიღებული არაერთი კონვენცია პირდაპირ შეეხება შრომის პირობებსა და სტანდარტებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტურ მექანიზმებსა და მოდელებს,რომელთაც საქართველო სავალდებულოდ არ აღიარებს. ასევე საქართველო დათქმას აკეთებს „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-3 მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებულთა უფლება უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე.
გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი მის ზოგადი კომენტარში #3 მიუთითებს,რომ მაშინაც კი როდესაც სახეზეა ხელმისაწვდომი რესურსების ნაკლებობა, სახელმწიფოები მაინც უნდა იღვაწოდნენ შესაბამისი უფლებების მაქსიმალურ ფარგლებში განხორციელებისთვის, და ახდენდნენ დემონსტირებას, რომ ყველა ღონე იხმარეს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოსაყენებლად ამ მინიმალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული წესით დასაკმაყოფილებლად. ამავე სულისკვეთებას იმეორებს მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპები ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ მაშინაც კი როდესაც სახეზეა ხელმისაწვდომი რესურსების ნაკლებობა, სახელმწიფოები მაინც უნდაიღვაწოდნენ შესაბამისი უფლებების მაქსიმალურ ფარგლებში განხორციელებისთვის, და ახდენდნენ დემონსტირებას, რომ ყველა ღონე იხმარეს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოსაყენებლად ამ მინიმალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული წესით დასაკმაყოფილებლად.
იმ საკანონმდებლო ჩარჩომ, რომელიც 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით დადგინდა, სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს მიღმა დატოვა დასაქმებულთა უფლება უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე დამისი გარანტირება მთლიანად კერძო საწარმოებს მიანდო. დღემდე ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის/იმპლემენტაციის მონიტორინგსა და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ეფექტური ზომების მიღებაზე. ამ პირობებში კი საწარმოებში და დაწესებულებებში შრომის უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა, რაც განსაკუთრებულად მიემართება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე დასაქმებულ პირებს. კანონმდებლობა მხოლოდ ამ ტიპის ობიექტების კონტროლის ვალდებულებას ადგენს და ამ უფლებამოსილებას სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აკისრებს. აღნიშნული სააგენტო ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებისას უფლებამოსილია, შემოწმების შედეგების საფუძველზე, დააჯარიმოს საწარმო და ცალკეულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების თაობაზე. თუმცა, მისი საქმიანობის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სწორედ მის კონტროლს დაქვემდებარეულ ობიეტებზე არსებული უმძიმესი ვითარება.
ამას კარგად ასახავს ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ პირთა მდგომარეობა, რომელზეც თავად მაღაროელები ყვებიან. მაღაროებში დაახლეობით 3700 ადამიანია დასაქმებული და როგორც თავად განმარტავენ, დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი მძიმე ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე იძულებულია მუშაობას ურთულესპირობებში დათანხმდნენ. მათივე განცხადებით, მაღაროელები არ არიან აღჭურვილნი უსაფრთხოების სათანადო საშუალებებით, ტექნიკა და საწარმოო საშუალებები, რომელსაც იყენებენ იმდენად მოძველებულია, რომ მუშებისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს. მაღაროებში არ არის შესაბამისი განათება, სათანადოდ არ ფუნქციონირებს ვინტილაცია, არის მუდმივი ნესტი, უჰაერობა დახმაური. ჭიათურის მაღაროში არსებული შრომის პირობების კომპლექსური შეფასება აჩვენებს,რომ „მუშები განიცდიან სამუშაო გარემოს მავნედა ფიზიკური ფაქტორების კომბინირებულ ზემოქმედებას მაღალი ექსპოზიციური დოზებით, რაც[ცალკულ შემთხვევებში განსაკუთრებულად] მაღალი ალბათობით ქმნის მომუშავეთა შრომის პროფესიულიდა პროფესიით განპირობებული დაავადებების განვითარების წინაპირობას.“[3]
ასევე მძიმე სამუშაო პირობებია ჭიათურის გამამდიდრებელ ფაბრიკებში, რომლებზე კონტროლსაც არცერთი სახელმწიფო უწყება არ ახორციელებს. ფაბრიკებში დასაქმებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში მუშაობა უფანჯრებო შენობებში უწევთ, რაც მათთვის განსაკუთრებულ სირთულეს ზამთარში წარმოადგენს.
მაღაროებში სამუშაო პირობების კონტროლზე პასუხისმგებელი სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2012-2013წლებში ჭიათურის მაღაროებში 5 ჯერ განხორციელდა ტექნიკური შემოწმება. ხუთივე შემთხვევაში დადგენილ იქნა სხვადასხვა ხარისხის, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რაც კანონმდებლობის მიხედვით განიმარტება როგორც „შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევისმქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა.“ ყველა აღნიშნული დარღვევის საპასუხოდ სააგენტოს მიერ საწარმოს მიმართ გამოყენებულ იქნა დაჯარიმების მექანიზმი,რომლის ოდენობაც 500-დან 13575 ლარამდე მერყეობდა და არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია საწარმოს ექსპლუატაციის სრულად ან ნაწილობრივად შეჩერების მექანიზმი, მიუხედავად შესაბამისი საფუძვლის არსებობისა. აღნიშნული კი არ შეიძლება განხილულ იქნეს სახელმწიფო კონტროლისა და პრევენციის ეფექტურ მექანიზმად.
უკანასკნელი თვეების მანძილზე ცნობილი გახდა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროებსა და გამამდიდრებელ ფაბრიკებში რამდენიმე გარდაცვალების ფაქტის შესახებ. უკანასკნელ ასეთი შემთხვევას,13 აგვისტოს პატარიძის (ითხვისის) მაღაროში #27 პიკეტზე აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას უბნის ჩამოქცევას, ორი მაღაროელის - სამშენებლო სარემონტო ბრიგადის ცვლის უფროსის როლანდ ნოზაძისა და გვირაბგამყვანი იუზა სამხარაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.ოთხკაციან ჯგუფს მაღაროს კონკრეტული მონაკვეთის გაწმენდა დაევალათ. მიუხედავად იმისა, რომ ითხვისის მაღაროს ეს მონაკვეთი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა და მისი თავდაპირველი„დაკონსერვების“ თაობაზე გადაწყვეტილების მიზეზი მისგან მომდინარე მომეტებული საფრთხეიყო, მისი დამუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ არ ჩატარებულა გეოლოგიური ექსპერტიზა. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესწავლა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში განახორციელა, ტექნიკური ინსპექტირების ოქმში უთითებს, რომ აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისას „გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩამოქცევის შედეგად გვირაბის შესაძლო დატბორვის შემთხვევაში წყლის უსაფრთხოდ გამოშვების ღონისძიებები“ და მათ არარსებობას დარღვევად მიიჩნევს, აქვე შპს „ჯორჯიან მანგანეზს“უთითებს სხვა შემთხვევებში არ დაუშვას აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაბამისი პროექტის არ არსებობისას და 4500 ლარით აჯარიმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, რომ საწაროო შემთხვევებისას მუშაკთა გარდაცვალება და დაშავება გამონაკლისს არ წარმოადგენს. მონაცემები ასახავს გამოძიების დაწყების/საქმის აღძვრის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას 2006 წლიდან იმ შემთხვევებზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება[4]. კერძოდ, 2004 წელს -8, 2005 წელს- 77, 2006 წელს - 121, 2007 წელს - 163, 2008 წელს - 325,2009 წელს - 218 შემთხვევა;
ასევე, შემაშფოთებელია საწარმოო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ამათგან, 2010 წელს მხოლოდ მაღაროში გარდაცვლილ პირთა რაოდენობამ 17, ხოლო 2011 წელს 8 შეადგინა;
სახელმწიფოს მიერ კონტროლის მექანიზმების არარსებობა ან მისი არაეფექტურობა სრულიად უმოქმედოს ხდის შრომის კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილ იმ მინიმალურ რეგულაციებსაც კი, რომელიც ადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, რაც აჩვენებს სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული სიკეთის სიცოცხლის უფლების დარღვევას.
EMC მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებთან მიერთების მიზნით, როგორიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის#81 და #129 კონვენციები შრომის ინსპექციის თაობაზე, რომელიც სახელწმიფოს მიერ შესაბამისი ეფექტური კონტროლის მექაზნიმის შექმნის ვალდებულებას ადგენს; #155 კონვენცია „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თაობაზე და # С176 კონვენცია მაღაროებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ; ასევე, „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-3 მუხლზე დათქმის მოხსნა იქნება უმნიშვნელოვანესი გარანტია უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფისათვის.
EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, მიიღოს ყველა საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ღონისძიება შრომის პირობების ეფექტური დაცვის მიზნით. საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ისინი არ შეხებია შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მექანიზმების გარანტირებას, რაც პრობლემას კვლავ დღის წესრიგში ტოვებს და მისი დაუყოვნებლივი მოგვარების საჭიროებას განაპირობებს.
[1]ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, კრჟიჟშტოფ დრჟევნიცკი,შრომის უფლება და შრომის პირობების უფლებები;
[2]შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაცია მისი მიზნებისა და ამოცანებისშესახებ, მიღებული ფილადელფიაში 1944 წლის 10 მაისს, მუხლი 2, ა;
[3]საქართველო - შრომის დაცვა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, საქართველოსპროფესიული კავშირების გაერთიანების კვლევა, 2013, თბილისი;
[4] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 170 -შრომის დაცვის წესის დარღვევა; მუხლი240 -სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; მუხლი 2401 - ელექტრო ან თბოენერგიის,გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;
ინსტრუქცია