[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC მინარეთის აღმართვაზე ნებართვის გაცემას დადებითად აფასებს

27 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სოფელ ჭელაში, მინარეთის მშენებლობის ნებართვა გასცა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიესალმება აღიშნულ ფაქტს და ამას მუსლიმთა თემის შელახული რელიგიური უფლებების აღდგენის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

2013 წელს 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში განხორციელებული მინარეთის დემონტაჟი, როგორც სახელმწიფოს მოქმედების ფორმის, ისე გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ რელიგიური თავისუფლების უხეშ ხელყოფად შეფასდა. რის შემდეგაც, EMC აქტიურად ჩაერთო მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესში და უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს.

ამ მიმართულებით, ერთი მხრივ, EMC-მ მიმართა პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება საჯარო მოხელეთა მხრიდან დემონტაჟის პროცესში სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე; ხოლო მეორე მხრივ, ადიგენის მუნიციპალიტეტს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სამწუხაროდ, ამ დრომდე, პროკურატურა, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, EMC ხაზგასმით აღნიშნავს იმ პოზიტიურ თანამშომლობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. პრობლემის მოგვარების საკითხში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მათი ძალისხმევით, შესაძებელი გახდა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მშენებლობის ნებართვის გაცემა, რამაც საბოლოოდ მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის შესაძლებლობა მისცა.

EMC მიიჩნევს, რომ ჭელას მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულობისა და ამ საკითხზე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მინარეთის აღდგენა ხელისუფლების მიერ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია და განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რელიგიური ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა, რომელიც რელიგიურ უმცირესობებისთვის ხშირ შემთხვევაში ართულებს ან შეუძლებელს ხდის მშენებლობის ნებართვის მიღებას არსებით გადახედვას საჭიროებს.

EMC იმედოვნებს, რომ აღნიშნული დადებითი ფაქტი სახელმწიფოში დამკვიდრდება როგორც რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის პოზიტიური პრაქტიკა.

ამასთან მართლმადიდებელი ჯგუფების მიერ სოფელ ჭელაში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობასთან დაკავშირებით, EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“