[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC: მიმდინარე საპოლიციო რეიდები დანაშაულის პრევენციის ბუნებასთან შეუთავსებელია

EMC მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპეციალურ საპოლიციო კონტროლს - რეიდს ახორციელებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რეიდის განხორციელებაში განსაკუთრებული აღჭურვილობის მქონე, ნიღბიანი სამართალდამცავებიც მონაწილეობენ. მსგავსი ფორმებითა და ინტენსივობით საპოლიციო ღონისძიების ჩატარება საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს და დაძაბულობას ჰქმნის. აუცილებელია, რომ სამინისტრომ დროულად განმარტოს ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების ჩატარების საფუძველი და საჭიროება.

საპოლიციო პრევენციული ღონისძიების მიზანი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება უნდა იყოს და არა მომხდარ დანაშაულზე რეაგირება (გამოძიება/აღკვეთა). სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ რეიდი დანაშაულზე რეაგირების მექანიზმად იქცეს, რაც კანონმდებლობის სხვა მოთხოვნასთან შეუთავსებელია , რომლის მიხედვითაც დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გამოძიება სავალდებულო წესით უნდა დაიწყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეიდი თავისი ხასიათით განსაკუთრებულ პოლიციური ღონისძიებაა, რომლის გამოყენება მხოლოდ სპეციფიურ, გამონაკლის ვითარებაში უნდა მოხდეს. ამიტომ, უწყების მითითება, რომ ეს რიგითი საპოლიციო შემოწმებაა, კანონის არამართებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისგან ნათლად მიჯნავდეს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის გამოძიების ფარგლებსა და ინტენსივობას. რეიდის ის მეთოდები, რაც პოლიციის მხრიდან ბოლო წლებში გამოიყენება, აშკარად სცდება დანაშაულის პრევენციის ბუნებას და რეპრესიულ სახეს იძენს. პოლიციის პრევენციული ფუნქციების არასათანადო გამოყენების შემთხვევაში, კრიტიკული ხდება თავისუფლებისა და ტოტალური სოციალური კონტროლის რისკი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოძიებისგან განსხვავებით, პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებზე საპროკურორო და სასამართლო კონტროლი ფაქტობრივად არ ხორციელდება.

რეიდი პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის თუ ნივთის შემოწმება-დათვალიერებას გულისხმობს და სამართალდამცავებს არ ავალდებულებს, კონკრეტულ მოქალაქეებს მათი შემოწმების მიზეზები განუმარტონ. გარდა ამისა, რეიდის დროს საპოლიციო ღონისძიების შესახებ ოქმი არდგება, ან კონკრეტული პირის მიმართ ღონისძიების გამოყენების საფუძვლების განმარტება, რაც დამატებით ართულებს პოლიციის მოქმედებაზე შემდგომი, მათ შორის შიდა კონტროლის განხორციელებას.

მოქალაქეებისთვის დაცვის გარანტიას კანონით დადგენილი ვალდებულება წარმოადგენს, რომ რეიდის დროს პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც კანონი არ აზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ დეპარტამენტს აქვს რეიდის ჩატარების უფლება რისკს ქმნის, რომ რეიდის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ ამგვარი ტექნიკური აღჭურვილობის არმქონე სუბიექტებმა, ან სხვა, სპეციალური აღჭურვილობის მქონე პირებმა, მათ შორის ნიღბიანმა პოლიციელებმაც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

კანონის მიხედვით, რეიდი ტარდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ბრძანების დასაბუთება სავალდებულო არ არის. მინისტრისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს კონკრეტულ საპოლიციო საქმიანობაში უშუალო ჩარევის შესაძლებლობა ეძლევა.

რეიდის ინტენსივობისა და ადამიანის უფლებებში არაპროპორციული ჩარევის მაღალი რისკის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ ეს ღონისძიება გამოიყენებოდეს როგორც განსაკუთრებულ და არა რიგით საპოლიციო ღონისძიებად და მისი განხორციელების შესახებ სამინისტრომ დროული და ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

აღნიშნული მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების, მისი ინტენსივობისა და რეალური ბუნების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანომ საქართველოში მოქმედ საპოლიციო პრევენციის მოდელის კრიტიკული გააზრება დაიწყოს და უზრუნველყოს პოლიციის პრევენციული ფუნქციების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მკაფიო ზღვარი გაივლოს საგამოძიებო და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებს შორის და ამავდროულად მათზე გავრცელდეს შესაბამისი გარე კონტროლის მექანიზმები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“