[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC მეტროპოლიტენის გაფიცვის შედეგებს აჯამებს

6 ივნისს გამთენიისას დასრულდა მეტროს თანამშრომლების გაფიცვა, რომელმაც პირველად მეტროპოლიტენის ისტორიაში მეტროს სრული პარალიზება გამოიწვია.

გაფიცვა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა შიმშილობის პარალელურად, რომელშიც მეტროპოლიტენის მემანქანეების უდიდესი ნაწილი და მეტროში დასაქმებული სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ. გაფიცვას მართავდა მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა-2013“, რომელიც 2013 წლიდან არსებობს და უმეტესად მეტროპოლიტენის ელ. მატარებლების მემანქანეებს აერთიანებს.

გაფიცვის მეორე დღიდან დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები მხარეებს შორის, რომლის შედეგადაც ერთობა-2013-სა და ქ. თბილისის მერიას შორის შედგა შეთანხმება ხელფასის მატებასთან დაკავშირებით 2019 წლის დადგომისთანავე, რომელიც არა მხოლოდ ერთობა-2013 ის წევრებზე არამედ მეტროს ყველა თანამშრომელზე გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ზუსტად არ განსაზღვრავს ხელფასის მატების პროცენტურლობას, არსებობს პირობა რომ ის არ გასცდება მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებულ პროცენტულ ფარგლებს. პრობლემურია, რომ შეთანხმება წერილობითი ფორმით არ დადებულა, რაც ნორმირებული პრაქტიკაა გაფიცვის დასრულებისთვის. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების ზეპირი ფორმით არსებობა ქმნის მნიშვნელოვან რისკებს მის აღუსრულებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ პირობებში როდესაც გაფიცვის თუ მედიაციის შედეგად დადებული წერილობითი შეთანხმებების დიდი ნაწილი როგორც წესი აღუსრულებელი რჩება დამსაქმებლის მხრიდან. ამდენად, მოცემულ გარემოებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად ერთობა-2013-ისა და სხვა სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან მერიის მიერ გაცემული დაპირების აღსრულების მონიტორინგს და მისი შეურულებლობის შემთხვევაში საპასუხო ქმედებების განხორციელებას.

იმ შედეგების მიღმა, რომელმაც უშუალოდ მეტროს თანამშრომელთა ფინანსური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს მომავალში, განსაკუთრებულად ხაზგასასმელია მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის პრეცედენტის უნიკალურობის გააზრება და მისი მნიშვნელობა მშრომელთა ბრძოლის უახლოეს ისტორიაში. ეს იყო პირველი საგაფიცვო მოქმედება მეტროპოლიტენის გამოცდილებაში, რომელმაც მისი სრული პარალიზება გამოიწვია, რითაც ცხადი გახადა მშრომელთა გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა საწარმოო თუ სამუშაო პროცესისათვის. სამუშაო პროცესის პარალიზებამ ასევე გაანეიტრალა დამსაქმებლების, მათ შორის ქ. თბილისის მერიის პოზიციები იმასთან დაკავშირებით რომ სამუშაო პროცესის არსებობისათვის არა დასაქმებულების არამედ მათი ნებაა გადამწყვეტი.

მეტროპოლიტენის საგაფიცვო აქტის პრეცედენტულობის გარდა, უნიკალურია თავად მეტროს თანამშრომელთა მიერ გამოყენებული საგაფიცვო სტრატეგია, რომლითაც მოახერხეს და გაფიცვა სრულად მოაქციეს კანონმდებლობითა და უკანონო სასამართლო განჩინებებით დადგენილ ფარგლებში, რამაც გაფიცვას კანონიერი ხასიათი შეუნარჩუნა და სრულად გამოაცალა თბილისის მერიას არგუმენტები მის უკანონობასთან და გაფიცვის ორგანიზატორების შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გაფიცვა სასამართლოს განჩინების შესაბამისად ნაცვლად 3 მაისისა დაიწყო 3 ივნისს (თავდაპირველი განჩინებით გაფიცვა 30 დღით გადავადდა) და სასამართლოს მეორე განჩინების მიხედვით მასში მონაწილეობა მიიღეს მეტროს მემანქანეებმა მხოლოდ დასვენების საათებში, ხოლო სხვა თანამშრომლებმა სამუშაო საათებში. შედეგად, მეტროს პარალიზება გამოიწვია მემანქანეების გაუარესებულმა ჯანრმთელობის მდგომარეობამ, რაც მათ მიერ დასვენების საათებში გაფიცვის უფლების გამოყენებამ განაპირობა. შედეგად, ერთობა -2013 მა სრულად შეძლო სასამართლოს უკანონო განჩინების აღსრულება, კანონის ფარგლებში დარჩენა და საგაფიცვო მოქმედების მიზნის მიღწევა - სამუშაო პროცესის სრული პარალიზება. ამასთან, გაფიცვის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა საზოგადოების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტური ჯგუფების მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამ.

ამასთან, მეტროპოლიტენის თანამშრომლების საგაფიცვო მოქმედებამ, მისი შინაარსის, ფორმებისა და ფარგლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამსაქმებლისა და ქ. თბილისის მერიის იმ პოლიტიკის ლუსტრაციაში, რომელიც არ არის ორიენტირებული დასაქმებულთა სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და საზოგადოებაში გააჩინა მნიშვნელოვანი კრიტიკა ქვეყანაში და თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული შრომის და სოციალური პოლიტიკის მიმართ. ერთობა-2013 ის წინააღმდეგ გამოყენებულმა უკანონო ღონისძიებებმა ასევე ნათელი გახადა სახელმწიფო უწყებების და სასამართლო სისტემის მხრიდან გაფიცვის მნიშვნელობის სრულად გაუაზრებლობა და მაღალი ალბათობით მათი შეთანხმებული მოქმედება გაფიცვის უფლების გამოყენების წინააღმდეგ.

EMC დააკვირდება მერის მხრიდან გაცემული დაპირების აღსრულების პროცესს და ერთობა-2013-თან ერთად იმოქმედების მისი შეუსრულოების შემთხვევაში. ამასთან, EMC გააგრძელებს მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის მხარდაჭერას, რომელიც განსაკუთრებული ისტორიის, გამოცდილების და მაღალი მოლაპალაკების ძალის მქონე მშრომელთა გაერთიანებას წარმოადგენს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“