საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს ერთი წელი გავიდა 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. ეს საქმე კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინება იყო სახელმწიფოს სისტემური ძალადობისა, რომელიც მუდმივად გამოტოვებს არასრულწლოვნებზე ზრუნვის პოლიტიკას და რომელიც, სამართალდამცავი სისტემების რეფორმების ციკლების მიუხედავად, აჩვენებს ძალადობისა და იძულების ინსტიტუციონალიზებულ და ღრმად გამჯდარ პრაქტიკებს. ლუკა სირაძის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად სუსტია საგანმანათლებლო სისტემაში მოზარდების სოციალური მხარდაჭერის და ზრუნვის მექანიზმები და ამავდროულად, როგორ ხისტად იჭრება საპოლიციო რეპრესიული აპარატი მათი და მათი ოჯახების ცხოვრებაში.
რამდენიმე თვის წინ, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არასრულწლოვნისთვის ჩვენების იძულებით მიცემისთვის.[1] ცხადია, ამ საქმეზე ადეკვატური სისხლის სამართალწარმოება და დამნაშავის სამართლიანი დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მარიანა ჩოლოაინი მანამდეც ფიგურირებდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საქმეში.[2] ამის მიუხედავად, მას მაინც ანდო სისტემამ ისეთი მგრძნობიარე საქმეების გამოძიება, სადაც არასრლუელოვნების ინტერესები ფიგურირებს. სამწუხაროდ, საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია, ვინ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და რაიმე ფორმით აგო თუ არა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის.
თუმცა ჩვენი დაკვირვებით, პრობლემა უფრო ფართეა, სისტემური და არ შემოიფარგლება პოლიციის ერთი თანამშრომლის დანაშაულით და კონკრეტულ საქმეზე მიღებული არასწორი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით. ეს საქმე დამსჯელი, რეპრესიული სახელმწიფოს დომინანტურ პერსპექტივას და პრაქტიკას აჩვენებს, რომელიც ყოველთვის გულისხმობს ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და დეჰუმანიზებას. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ადამიანზე, მის მხარდაჭერაზე, დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირენული პოლიტიკები, კრიზისულ შემთხვევებში მისი ინტერვენციის ერთადერთი ფორმა იძულება და დასჯაა.
სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემების გარდა, ლუკა სირაძის საქმემ გამოაჩინა სასკოლო/საგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების მხარდაჭერისა და კეთილდღეობის კუთხით არსებული გამოწვევები. ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უსაფრთხოების გაბატონებული პარადიგმა, რომელიც მუდმივ კონტროლსა და რეპრესიულ საპოლიციო ძალაზე დგას, არსებითი ზიანის მომტანია ადამიანებისთვის და ის ზრუნვაზე, პრევენციასა და ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომებით ჩანაცვლებას საჭიროებს.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მისი როლი არამხოლოდ საპოლიციო კონტროლსა და დამნაშავის დასჯაში დაინახოს, არამედ სისტემურად შეცვალოს მიდგომები, განსაკუთრებით კი მოზარდების და სპეციალური საჭიროებების მქონე სხვა ჯგუფების მიმართ. სასკოლო და საგანმანათლებლო სივრცე, მოზარდის უსაფრთხოებასთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს მის ღირსეულ, მდგრად განვითარებაზე და კეთილდღეობაზე დაფუძნებულ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. საპოლიციო ძალა მოზარდის მიმართ მხოლოდ უკიდურეს, საგამონაკლისო შემთხვევაში შეიძლება გამოიყენებოდეს და ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მოზარდის საუკეთესო ინტერესი. სახელმწიფოს ჩარევა მის ცხოვრებაში მკაცრი პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმებით უნდა იყოს შებოჭილი. სამწუხაროდ, ლუკა სირაძის მსხვერპლს ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის რადიკალური ცვლილებები არ მოჰყოლია. ეს მოცემულობა კი ახალი მსხვერპლების გაჩენის რისკებს ზრდის და ჩვენ როგორც საზოგადოებას დაუცველს გვტოვებს.
[1] On.ge, 7 სექტემბერი, 2020, https://on.ge/story/63166-ლუკა-სირაძის-საქმეზე-მარინა-ჩოლოიანს-მიუსაჯეს
[2] საია: მოზარდის გამოკითხვაში მონაწილე გამომძიებელი „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეშიც ფიგურირებს, 17 სექტემბერი, 2019, https://www.radiotavisupleba.ge/a/საია-მოზარდის-გამოკითხვაში-მონაწილე-გამომძიებელი-ყინწვისის-სპეცოპერაციის-საქმეშიც-ფიგურირებს/30329948.html
ინსტრუქცია