საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ძირითადი ლგბტ ორგანიზაციები - იდენტობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ლგბტ საქართველო და თემიდა, ერთობლივ განცხადებაში ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს ემიჯნებიან და საკითხის პოლიტიზირების რისკებზე უთითებენ.
ორგანიზაციები ძალაუფლებრივი სისტემების მიერ ლგბტ საკითხებზე ხელოვნური დღის წესრიგების შექმნის პრობლემას უსვამენ ხაზს, რაც მათი შეფასებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური გარემოს კულტივირებას ახდენს და კონკრეტული ინსტიტუციებისთვის ძალაუფლების კვლავწარმოების იარაღი ხდება.
ლგბტ ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა არ ასახავს ლგბტ თემის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ეფუძნება ინიციატორის პირად ინტერესებს, რომელიც სავარაუდოდ სხვა პოლიტიკური აქტორების მიერ არის პროვოცირებული. კერძოდ, ორგანიზაციების განცხადებით: "საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები განიცდიან დევნას და ჩაგვრას ცხოვრების ყველა სფეროში. მრავალი მათგანი (მათ შორის არასრულწლოვანი პირი) რჩება ქუჩაში, რადგან მათ საკუთარი მშობლები ან ახლობლები აგდებენ სახლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებისთვის ხშირია უარი დასაქმებაზე, მათ უჭირთ საკუთარი თავის გადასარჩენად ადეკვატური შემოსავლების უზრუნველყოფა. ლგბტ პირები ასევე განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას და დევნას საჯარო სივრცეებში: ისინი ხშრად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვის და გარიყვის მსხვერპლნი. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას".
ლგბტ ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების ძირითად სულისკვეთებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იზიარებს და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა ლგბტ პირები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან ინტერსექციური, სტრუქტურული ჩაგვრისა და უფლებათა დარღვევის განგრძობად პრაქტიკებს, ქორწინების საკითხის შემოტანა დღის წესრიგში ემსახურება თემის რეალური საჭირობებისა და პრობლემების გადაფარვას. არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში ქორწინების თემატიკის გააქტიურება ხელს უწყობს ლგბტ თემის მტრის ხატად წარმოჩენას და მიმართულია მათი უკიდურესი მარგინალიზაციისა და გარიყვისაკენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინების აღიარების საკითხთან მიმართებით მსოფლიოს ქვეყნებში წინააღმდეგობრივი პრაქტიკა არსებობს, ერთიანი კონსესუსი არ არის მიღწეული ევროპულ ქვეყნებს შორისაც, შესაბამისად, ქორწინების უფლების გავრცელება ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებთან მიმართებით სახელმწიფოს შიდა პრეროგატივას წარმოადგენს და კონკრეტული საზოგადოების მზაობასა და ლგბტ პირებთან მიმართებით სოციალური ატიტუდების ცვლილებას უკავშირდება. შესაბამისად, EMC შეფასებით, აღნიშნულ პროცესი ლგბტ თემის მიერ საკუთარი ავთენტური დღის წესრიგების შექმნისა და ემანსიპატორული პროცესების კვალდაკვალ უნდა განხორციელდეს და ის სახელმწიფოსა და აქტივისტების მხრიდან პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეებზე სისტემურ და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს.
აღნიშნული მსჯელობის პარალელურად, ხაზი უნდა გაესვას ევროპისსაბჭოს წევრისახელმწიფოების წინაშე უკვე არსებული ვალდებულებების ფარგლებს, რომელიც ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანების თანაცხოვრების აღიარებისა და სამართლებრივი მოწესრიგების მიმართ არსებობს. ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკვე კარგად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ერთი და იგივე სქესის წყვილების პარტნიორული ცხოვრების სამართლებრივ არ აღიარებას ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევად განიხილავს. საქმეზე Schalk and Kopf v. Austria ევროპული სასამართლო ცალსახად უთითებს, რომ "ერთი და იგივე სქესის წყვილებს ისევე შეუძლიათ სტაბილურ ურთიერთობაში შევიდნენ, როგორც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. შესაბამისად, ისინი არიან არსებითად მსგავს სიტუაციაში საწინააღდმეგო სქესის მქონე წყვილებთან მიმართებით, რაც გულისხმობს მათ საჭიროებას მათი ურთიერთობები სამართლებრივად იქნას აღიარებული და დაცული". აღნიშნული შეფასების კიდევ ერთ დემონსტრაციას წარმოადგენს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Vallianatos and Others v. Greece საქმეზე, სადაც სასამართლო ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია სახელმწიფოებში ლგბტი პირებისათვის „რეგისტრირებული პარტნიორობის“ არარსებობის ხარვეზის მიმართ. არსებითად საინტერესოა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე Oliari and others v. Italy, სადაც სახელმწიფოში ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღმჭურველი მექანიზმის არარსებობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა. შესაბამისად, ქორწინების აღიარების საკითხის მიღმა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი და იგივე სქესის წყვილებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების (მათ შორის, მემკვიდრეობითი, ქონებრივი, სხვა პირადი და არქონებრივი ურთიერთობები) მოწესრიგებისა და მათ მიმართ თანაბარი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების ვალდებულება ეკისრება.
ინსტრუქცია