საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2016 წლის 17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტებისა და სხვა პირის (რომელიც არ მონაწილეობდა პროტესტის დაგეგმაშვი) სახელით პოლიციელების არასათანადო ქცევის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა. კერძოდ, განცხადებაში, დაკავებული პირებისგან აღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე, EMC უთითებს დაკავების არამართლზომიერი გამოყენებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტებზე და შსს-ს გენერალურ ინსპექციას საქმის შესწავლასა და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს.
მას შემდეგ რაც 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ ლოიალობის გამო, სახელმწიფომ ლგბტ თემსა და აქტივისტებს კვლავ არ მისცა საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის, რამდენიმე ლგბტ აქტივისტმა საკუთარი კრიტიკის დაფიქსირება საპატრიარქოს შენობასთან კრიტიკული წარწერების გამოყენებით სცადა. 17 მაისს გამთენიისას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა შსს-ს თანამშრომლების ჯგუფმა ლგბტ აქტივისტები და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, სტენსილების გაკეთების დროს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-მ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება -,,სხვადასხვა სახის ნახატების და წარწერების ისეთ ადგილზე შესრულება, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი") მუხლის 1-ლი ნაწილისა და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის საფუძველზე დაკავებული პირები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. სასამართლოს წინაშე დაკავებული 7 პირის ინტერესებს EMC და ადვოკატი ნინო ბოლქვაძე იცავენ. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე არ დასრულებულა.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ახსნა-განმარტებების შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადმინისტრაციული წესით განხორციელებული დაკავებისას, ისევე როგორც პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანის დროს, დაირღვა პოლიციის ფუნქციონირების პროცესში დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპები. აღნიშნული დარღვევები მათ შორის გამოიხატა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებში:
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები პირდაპირ აიდენტიფიცირებენ იმ პოლიციელებს, რომლებმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთეს.
EMC მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად ჰომოფობიური ენის გამოყენება საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მარგინალიზებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკნინებას განაპირობებს. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზების პრობლემაზე მიანიშნებს, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფაქტებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისა და კანონის დაცვის მოლოდინს სპობს. თავის მხრივ, განსახილველ საქმეში პოლიციის თანამშრომლების მიერ კანონისა და ეთიკის ნორმების უხეში უგულებელყოფა და ჰომოფობიური განცხადებები, აქტივისტების დაკავებისა და სამართალდარღვევის შეფარდების პროცესში უკანონო და რეპრესიული მიდგომის სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემის მიუხედავად, EMC, იმედოვნებს, რომ შსს-ს უზრუნველყოფს საქმის სამართლიან და ჯეროვან განხილვას და კონკრეტული პოლიციელებისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, EMC მიიჩნევს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შსს-მ მიიღოს სპეციალური პოზიტიური ზომები პოლიციაში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
ინსტრუქცია