საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
8 ოქტომბერს, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა“ გამართეს.
კვლევაში შესწავლილია 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა. ასევე ის ცვლილება, რაც დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განიცადა.
კვლევის ძირითადი ნაწილი ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის, 5 თვითმმართველი ქალაქის მერიებისა და თბილისის 10 რაიონული გამგეობისგან, საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილ დოკუმენტებს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა მართლმადიდებელ ეკლესიას აბსოლუტურ უპირატესობას ანიჭებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა დიდ მასშტაბს აღწევს, მისი საჭიროება ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული საჯარო ინტერესით, ოდენობა კი არ ეფუძნება გონივრულ, გაზომვად და ობიექტურ კრიტერიუმებს.
სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი მატერიალური სიკეთის ძირითადი ნაწილი რელიგიური მიზნების განხორციელებას ხმარდება და წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს პრინციპთან.
მოქმედი პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო, როგორც წესი, არ ამოწმებს გადასაცემი მატერილური სიკეთის მიზნობრიობის დასაბუთებას, ბევრ შემთხვევაში კი, გადაცემის ფინანსურ დოკუმენტებში საერთოდ არ ჩანს თანხის/ქონების გადაცემის მიზანი.
2013 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებამ მთლიანობაში 29 220 349.7 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდ თანხას (86%) საპატრიარქო ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიური, 25 მლნ ლარის ოდენობის ტრანსფერის სახით იღებს. აღნიშნული ტრანსფერის უდიდეს ნაწილს, 75%-ს, ეკლესია განათლებაზე ხარჯავს.
წინა წლების გამოცდილებისგან განსხვავებით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული თანხების ოდენობა არსებითად იკლებს. ამის მიუხედავად, საგრძნობლად არის გაზრდილი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მთავრობის მიერ გაცემული უძრავი ქონების მასშტაბი და ის აღემატება ქალაქებში (დედაქალაქის გარდა), ასევე სოფლებსა და დაბებში გადაცემული ქონების 2012 წლის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს სახელმწიფოს მხრიდან შესამჩნევად იზრდება ქონების გადაცემა საქართველოს საპატრიარქოსთვის. 2013 წელს უძრავი ქონების ჯამური ფართობი გეოგრაფიული დიფერენციაციის გარეშე 6,237 კვ. მ-ია, ხოლო 2014 წელს მთავრობამ საპატრიარქოს სულ, 121 000-მდე კვ.მ მიწა გადასცა.
საქართველოს საპატრიარქო ასევე იღებს პირდაპირ დაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტიდან. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2013 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ეპარქიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (სპეციალურად რელიგიური ორგანიზაციების დასახმარებლად განსაზღვრული საბიუჯეტო ქვეპროგრამებიდან) გადარიცხული თანხა მთლიანობაში 3 864 871 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მონაცემი 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით თითქმის 25%-ით იზრდება. საინტერესოა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის საპატრიარქოს დაფინანსების ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდება შერეული რელიგიური კომპოზიციის მუნიციპალიტეტებში, ბოლნისსა და მარნეულში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არამართლმადიდებელია.
2013 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართობი მთლიანობაში 32 479 კვ.მ-ს შეადგენს, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული შენობების ფართი 1 584.65 კვ.მ-ია. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, 2013 წელს, მათი ღირებულება მთლიანად შეადგენს 192 742 ლარს, ხოლო 2014 წელს - 13 400 ლარს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონების მთლიანი ფართობი აღემატება 2009-2012 წლების ჯამურ მაჩვენებელს აღემატება, რაც ადგილობრივ დონეზე არსებულ ბიპოლარულ პოლიტიკურ გარემოსა და 2014 წელს დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს.
საპატრიარქოს სახელმწიფო დაფინანსების მოდელში განსაკუთრებით პრობლემურია დაფინანსების მიზნობრიობის განსაზღვრის საკითხი. უცნობია, თუ რა მიზნებისთვის იხარჯება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი სუბსიდიის ნახევარზე მეტი.
ინსტრუქცია